10 მაისს "დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის ტურის (შესაძლოა, მთლიანად წრის) ცენტრალური მატჩი გაიმართება. ლიდერი თბილისის "დინამო" უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, გუნდებს შორის სხვაობა კი მხოლოდ სამი ქულაა. მოიგებს "ლოკო"? ლიდერი გახდება, რადგან პირველ წრეში 1:0 დაამარცხა მეტოქე. თუ არადა, დინამოელები წარმატებულ სვლას გააგრძელებენ.
გიორგი დევდარიანის გუნდს ყველაზე ბევრი გოლი გააქვს (25), კახა კაჭარავას გაწვრთნილები კი იშვიათად უშვებენ (4 გოლი). მართალია, ცოტას უშვებენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დინამოელები მეტწილად თავიანთი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და შემტევ ფეხბურთს არ თამაშობენ.
ურთიერთშეხვედრებზე: 44 მატჩი ჩემპიონატში, საიდანაც 25 მოიგო "დინამომ", 12 ფრედ დასრულდა, ხოლო 7 შეხვედრაში "ლოკომ" იმარჯვა. ისე, ზუსტად 10 მაისი იყო, თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივს 6:5 რომ სძლია. ეს 2008 წელს. მეტწილად კი, რაც გვახსოვს, "დინამოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებებში ბევრი გოლი არ გადიოდა.
ბევრი იქნება დამოკიდებული ირაკლი სიხარულიძე-მამია გავაშელიშვილის დუეტზე, რომელსაც ჯამში 19 გოლი აქვს გატანილი - რამდენიც მთლიანად "დინამოს". თუმცა წინა შეხვედრაში "ლოკოს" სხვა ფეხბურთელმა მოაგებინა, ვატო არველაძემ ბათუმის "დინამოს" ბოლო წუთებზე მშვენიერი გოლი გაუტანა.
მივესალმებით, რომ "დინამოშიც" და "ლოკოშიც" მრავლად არიან თავიანთი აკადემიიდან დაწინაურებული ფეხბურთელები.
ახალგაზრდული შემართება, პრესინგი მეტოქის ნახევარზე - დინამოელები ამით გამოირჩევიან. კახა კაჭარავას გუნდმა საუკეთესო მატჩი ალბათ, მაინც ქუთაისში ჩაატარა "ტორპედოსთან", სადაც 2:0 იმარჯვა. აი, "ლოკომოტივს" კი ექვსი მოგება აქვს აქტივში და აქედან სამ შემთხვევაში 5:0 მოიგო.
ვფიქრობთ, სანახაობრივი თამაშიც იქნება, დანარჩენს კი 10 მაისს საღამოს შვიდი საათიდან შევიტყობთ.