ფეხბურთი

2:30 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერების სტატუს-კვო და “ატლეტიკოს” გამყარებული მესამე

ლა ლიგის 36-ე ტურში გათამაშების ორივე ლიდერმა იმარჯვა და მათ შორის სტატუს-კვო შენარჩუნდა, მე-3 ადგილოსანმა „ატლეტიკომ“ კი საკუთარ მოედანზე „ეიბარი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.

მესის მეასე დუბლი

„ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკოს“ შემდეგ ყველაზე ცოტა გოლის გამშვებ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა, ოთხი გოლი გაუტანა და იოლი 3 ქულა მოიპოვა.

კატალონიელთაგან დუბლით გამოირჩა ლიონელ მესი. მისთვის ეს დუბლი მეასე აღმოჩნდა ლა ლიგაში და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია. თითო გოლი კი ლუის სუარესის და ნეიმარის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ „ვილიარეალმა“ მიმდინარე ლა ლიგაში პირველად გაუშვა 4 გოლი და ამ მარცხის შემდეგ მე-4 ადგილზე გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

მეორე შემადგენლობა კვლავ ყოჩაღობს

უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ ზინედინ ზიდანი ლა ლიგაში გადახალისებული შემადგენლობით ათამაშებს „რეალს“ და ჯერჯერობით, სათადარიგო მოთამაშეები მწვრთნელის ნდობას 100%-ით ამართლებენ.

„ბლანკოსმა“ ამჯერადაც ძალიან წყნარად, დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. მართალია, მოწინააღმდეგ ლა ლიგა 2-ში გავარდნილი „გრანადა“ იყო, მაგრამ 35 წუთში გატანილი 4 ბურთი მაინც შესანიშნავი შედეგია.

დუბლები გაიფორმეს ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატამ, რითაც კვლავ მიანიშნეს ზინედინ ზიდანს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ.

5-ქულიანი სხვაობა 2 ტურით ადრე

ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვენილმა მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგაში ბოლოსწინა შეხვედრა ჩაატარა „ვისენტე კალდერონზე“ (ახალ სტადიონზე გადადის მადრიდული კლუბი) და „ეიბარი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე საულ ნიგუეზმა გაიტანა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მადრიდელებმა მე-4 ადგილოსან „სევილიას“ 5 ქულით გაუსწრეს.

„ხიხონი“ ბრძოლას აგრძელებს

„ხიხონმა“ კარმონას გოლით შინ „ლას პალმასი“ დაამარცხა, სასიცოცხლო 3 ქულა აიღო და გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს. ასტურიელებმა 27 ქულა დააგროვეს და მის წინ მყოფ „ლეგანესს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, რომელიც ხვალ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ ეთამაშება.

ცნობისთვის, ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ლა ლიგაში „ხიხონი“ დარჩება, რადგან „ლეგანესს“ ორივეჯერ მოუგო.

„ბილბაომ“ საჭირო ქულები დაკარგა

„ბილბაოს“ მთავარმა კონკურენტებმა „სოსიედადმა“ და „ვილიარეალმა“ პარასკევს და შაბათს ქულები დაკარგეს და „ლომებს“ მშვენიერი შანსი მიეცათ, რომ მე-5 ადგილზე გადასულიყვნენ და ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ნაბიჯი გადაედგათ.

თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და „ბილბაო“ თანარეგიონელ „ალავესთან“ გასვლაზე დამარცხდა, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მოტივაცია არ ჰქონდა. ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გრანდების სამიზნემ, ახალგაზრდა ტეო ერნანდესმა გაიტანა - 1:0.

სხვა მატჩები

საკუთარ გულშემატკივრებს კვლავ ანერვიულებს „დეპორტივო“, რომელსაც დღეს ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება ოფიციალურად შეეძლო, მაგრამ დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, შინ უმოტივაციო „ესპანიოლთან“ დამარცხდა და საქმე გაირთულა. აღსანიშნავია, პაბლო პიატის საგოლე გადაცემა, რადგან მან მიმდინარე სეზონში უკვე მეათედ გაატანინა თანაგუნდელებს. გარდა ამისა, არგენტინელს 10 გოლი აქვს გატანილი.

„ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილოსანი „ოსასუნა“ გაანადგურა. აღსანიშნავია, მასპინძელთა ცენტრალური მცველის ეზეკიელ გარაის დუბლი. თითო გოლი კი როდრიგოს და სიმონე ძაძას ანგარიშზეა. სტუმრებმა პრესტიჟის ბურთის გატანა 92-ე წუთზე შეძლეს.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა „მალაგამ“ „ლა როსალედაზე“ „სელტა“ მიიღო, სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ცხრილში გადაუსწრო.

6 მაისი

ხიხონი - ლას პალმასი 1:0 (0:0)

გოლი: კარმონა (67)

ატლეტიკო - ეიბარი 1:0 (0:0)

გოლი: საული (69)
გაძევება: გოდინი (92)

გრანადა - რეალი 0:4 (0:4)

გოლები: 0:1, 0:2 ხამესი ((3;11), 0:3, 0:4 მორატა (30; 35)

ბარსელონა - ვილიარეალი 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 1:1 ბაკამბუ (32), 2:1, 4:1 მესი (45; 82), 3:1 ლ.სუარესი (69)

7 მაისი

ალავესი - ბილბაო 1:0 (0:0)

გოლი: ტ.ერნანდესი (53)

ვალენსია - ოსასუნა 4:1 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 გარაი (22; 45), 3:0 ძაძა (70), 4:0 როდრიგო (75), 4:1 ოლავიდე (92)

დეპორტივო - ესპანიოლი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბაპტიშტაო (14), 0:2 მორენო (29), 1:2 ანდონე (47)

მალაგა - სელტა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ონტივეროსი (26), 2:0 რესიო (56 პენ.), 3:0 ს.რამირესი (92)

8 მაისს გაიმართება:

22:45 ლეგანესი - ბეტისი

თეგებილა ლიგა
0.137298