ფეხბურთი

22:32 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „დეზების“ ოცნება დასრულდა, „იუნაიტედი“ 2017 წელს პირველად დამარცხდა

პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ გასვლაზე „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და თანაქალაქელ „ჩელსის“ ფაქტობრივად ჩემპიონობა გაუნაღდა.

მოულოდნელი მარცხი და დასრულებული ოცნება

„ტოტენჰემს“ ნახსენებ მატჩამდე პრემიერლიგაში ზედიზედ 9-მატჩი ჰქონდა მოგებული და ახლაც უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ თანაქალაქელ „ვესტ ჰემს“ ვერაფერი დააკლო, მოულოდნელი მარცხი განიცადა და „ჩელსის“ საქმე გაუადვილა.

ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გავიდა: ლანცინიმ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო. ამ გამარჯვებით „ვესტ ჰემმა“ 42 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა - 1:0.

„სიტის“ გასეირნება

„მანჩესტერ სიტიმ“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შესანიშნავი გამარჯვებით შეწყვიტა. „ქალაქელებმა“ საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასი“ მიიღეს და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნი ისაა, რომ გოლის გატანა ორივე ცენტრალურმა მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ და ვინსენტ კომპანიმ მოახერხეს.

„სიტის“ 69 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, მაგრამ თუ გამოტოვებულ მატჩს მოიგებს „ლივერპულს“ გადაუსწრებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ გავა.

ავი ძაღლი

საუბარი „სანდერლენდზე“ გვაქვს. როდესაც ამ გუნდს მოგება სჭირდებოდა და გადარჩნის რაღაც შანსი ჰქონდა, ისინი ამის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო ახლა კი, როცა უკვე უშანსოდ არიან გასვლაზე იმარჯვეს და თან ისეთ გუნდს მოუგეს, რომლისთვისაც თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და შესაძლოა, ეს მარცხი მისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

საუბარი „ჰალ სიტიზეა“, რომელმაც ბოლო ადგილოსანი მეტოქესგან შინ ორი უპასუხო გოლი გაუშვა, რითაც „სუონსიმ“ ისარგებლა, შინ „ევერტონი“ დაამარცხა და გასავარდნ ზონაში უკვე „ჰალი“ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში „სუონსი“ სწორედ „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება.

„იუნაიტედის“ პირველი მარცხი 2017 წელს

ტურის ცენტრალური შეხვედრა „ემირეითს სთედიუმზე“ გაიმართა, სადაც ადგილობრივი „არსენალი“ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 2017 წელს პრემიერლიგაში პირველი მარცხი აგემა.

„წითელ ეშმაკებს“ მთელი ყურადღება ევროპა ლიგაზე აქვთ გადატანილი და ხუთშაბათს „სელტასთან“ გასვლაზე მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ რამდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა.

ლონდონელებმა ეს ფაქტორი დიდებულად გამოიყენეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს, რითაც ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს. მასპინძლებმა გოლები 3-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს: 54-ე წუთზე გრანიტ ჯაკამ შორიდან გაისროლა, მას რიკოშეტი დაეხმარა და ბურთი დე ხეას კარში აღმოჩნდა, სამ წუთში კი დენი უელბეკმა უძლიერესი თავური დარტყმით ყოფილ გუნდს გაუტანა - 2:0.

ცნობისთვის, „იუნაიტედს“ პრემიერლიგაში ბოლოს 2016 წლის 23 ოქტომბერს (მე-9 ტურში) ჰქონდა წაგებული. მაშინ ჟოზე მოურინიოს კრებული გასვლაზე „ჩელსისთან“ დამარცხდა (0:4).

„ლივერპულმა“ საქმე კვლავ გაირთულა

„ლივერპული“ საკუთარ თავს არ ღალატობს და მეორე ეშელონის გუნდებთან ბევრი საჭირო ქულების დაკარგვას განაგრძობს. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონს“ ეთამაშნენ და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

„წითლებს“ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, ხოლო მეტოქეს მინოლეს კარის მიმართულებით ზუსტად საერთოდ არ დაურტყამს, თუმცა ეს ყველაფერი ტაბლოზე არ ასახულა. გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ჯეიმს მილნერს ჰქონდა, რომელმაც 66-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ამ ეპიზოდში ფრეიზერ ფორსტერს ვერ აჯობა - 0:0.

იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერ სიტი“ დარჩენილ ყველა მატჩს მოიგებს, „ლივერპული“ მე-3 ადგილს დაკარგავს.

სხვა მატჩები

სხვა მატჩებს სატურნირო თვალსაზრისით ინტერესი ფაქტობრივად არ ჰქონია. დარჩენილი სამი შეხვედრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი „ლესტერის“ გამარჯვებაა, რომელმაც „უოტფორდს“ შინ სამი უპასუხო გოლი გაუტანა, მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და მის წინ მყოფ „ვესტ ბრომვიჩს“ 2 ქულითღა ჩამორჩება.

„ბორნმუთი“ – „სტოკის“ და „ბარნლი“ – „ბორნმუთის“ დაპირისპირებები კი ერთნაირი ანგარიშებით 2:2 დასრულდა.

5 მაისი

ვესტ ჰემი - ტოტენჰემი 1:0 (0:0)

გოლი: ლანცინი (65)

6 მაისი

მანჩესტერ სიტი - კრისტალ პალასი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 სილვა (2), 2:0 კომპანი (49), 3:0 დე ბრუინი (59), 4:0 სტერლინგი (82), 5:0 ოტამენდი (92)

ლესტერი - უოტფორდი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნდიდი (38), 2:0 მაჰრეზი (58), 3:0 ოლბრაიტონი (93)

ბარნლი - ვესტ ბრომვიჩი 2:2 (0:0)

გოლები: 1:0, 2:2 ვოკსი (56; 86), 1:1 რონდონი (66), 1:2 კ.დოუსონი (78)

ბორნმუთი - სტოკი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 მოუსე (33 ს.კ.), 1:1 სტანისლასი (62), 1:2 დიუფი (73), 2:2 შოუკროსი (81)

სუონსი - ევერტონი 1:0 (1:0)

გოლი: ლორენტე (29)

7 მაისს

ლივერპული - საუთჰემპტონი 0:0

66-ე წუთზე მილნერმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

არსენალი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჯაკა (54), 2:0 უელბეკი (57)

8 მაისს გაიმართება

23:00 ჩელსი - მიდლსბრო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17447