ფეხბურთი

1:47 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" ჩემპიონობა გადაედო, "ნაპოლი" - მეორეა

ტურინის „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბში გამარჯვება ვერ მოახერხეა და იტალიის სერია A-ში ინტრიგა მცირედით, მაგრამ მაინც შენარჩუნდა. თუ „რომა“ ამ ტურის მატჩს მოიგებს, სხვაობა 7 ქულამდე შემცირდება, ხოლო დამდეგ უიქ-ენდზე, რომში უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაა და სწორედ ის მატჩი გასცემს ბევრ კითხვას პასუხს. თუმცა, იქამდე „რომამ“ „მილანს“ უნდა მოუგოს, ხოლო „იუვემ“ „ტორინოს“ ვერაფერი დააკლო.

თავიდან ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ძირითადი შემადგენლობის ნახევარი სასტარტოში არ გაამწესა - ჯორჯო კიელინი, ჯიჯი ბუფონი, მირალემ პიანიჩი, გონსალო იგუაინი, დანი ალვეში. მიუხედავად ამისა, „ბებერმა ქალბატონმა“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და გატანა რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა მასპინძლებს საგოლე მომენტების რეალიზება ძალიან უჭირდათ. „ტორინო“ კი, თავის მხრივ სცდილობდა თავი კარგად დაეცვა, რაც რიგ ეპიზოდებში არ გამოსდიოდა, მაგრამ ჯო ჰარტი შეუვალი იყო. ერთხელ ბურთი ხარიხასაც მოხვდა. ანტრაქტის შემდეგ კი, შეხვედრა „ტორინოსთვის“ მატჩი შესანიშნავად განახლდა - ადემ ლიაიჩმა 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა დიდოსტატურად შეასრულა და მოძულე მეტოქესთან თავისიანები წინ გაიყვანა. დიდი არ გასულა, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი კაცნაკლული რომ დარჩა - აკქუამ მარიო მანჯუკიჩის წინააღმდეგ იუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი გაუწითლდა. თუმცა, აღვნიშნოთ, რომ განელმა ფეხბურთელმა ჯერ ბურთზე ითამაშა, ამიტომაც სერბი სპეციალისტი ძალზე გაცხარდა, მოედანზე შევარდა და პაოლო ვალერის მივარდა - მიხაილოვიჩსაც ტრიბუნაზე მოუწია გადანაცვლება.

ალეგრის ბიჭები კი, მარცხის საფრთხის წინაშე რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო დგებოდნენ - მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე გონსალო იგუაინმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და „იუვეს“ დერბი „დელა მოლეში“ ქულა გადაურჩინა. აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა საკუთარ მოედანზე. 591 დღის წინ, „ფროზინონემ“ შეძლო ტურინიდან ქულით წასვლა (1:1) და ახლა იგივე „ტორინომ“ გააკეთა. ამასობაში, „იუვენტუსმა“ „რომას“ 10 ქულით გაასწრო, ხოლო უფრო ახლოს „ნაპოლია“ – 8 ქულა.

ნეაპოლიტანელებმა ტურის სასტარტო შეხვედრაში შინ სარდნიულ „კალიარის“ ზედმეტი პრობლემების გარეშე აჯობეს. მორიგი ფეერიული თამაში აჩვენა დრის მერტენსმა, რომელიც დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. სხვათა შორის, ბელგიელს სეზონში 30 გატანილი გოლი დაუგროვდა ყველა ტურნირის ჩათვლით. იმავე კრიტერიუმის გათვალისწინებით კი, „ნაპოლის“ ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 100 გოლია... მესამე გოლი მასპინძელთაგან ლორენცო ინსინიემ გაიტანა ახლო მანძილიდან. „ნაპოლიმ“ „რომას“ გადაასწრო, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ 35-ე ტურის მატჩი „ჯალოროსის“ აქტივში აქვს.

„ნაპოლი“ – „კალიარი“ 3:1 (1:0)

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 36 000

„ნაპოლი“ (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კირიკეში, გულამი; ზეილინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (როგი 69); კალეხონი, მერტენსი (მილიკი 77), ინსინიე (ჯაკერინი 79)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„კალიარი“ (4-3-2-1): რაფაელი; პისაჩენე, ბრუნო ალვეში, მურუ (ფარაგო 71); პადოინი, ისლა, ბარელა; იონიტა (ჟოაო პედრო 68), საუ (ფარიასი 78); ბორიელო

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 მერტენსი (2), 2:0 მერტენსი (49), 3:0 ინსინიე (67), 3:1 ფარიასი (90)

გაფრთხილება: ზიელინსკი (55)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (10) – 5 (3) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 1:1 (0:0)

ტურინი, „იუვენტუს სთედიუმი“

მაყურებელი: 39 000

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): ნეტო; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბენატია, ასამოა; ხედირა, რინკონი (პიანიჩი 69); კუადრადო, დიბალა (ალექს სანდრო 80), სტურარო (იგუაინი 56); მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ტორინო“ (4-2-3-1): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, მოლინარო; აკქუა, ბაზელი (ობი 75); იაგო ფალკე (იტურბე 83), ლიაიჩი, ბოიე (ბენასი 63); ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ლიაიჩი (52), 1:1 იგუაინი (90)

გაფრთხილება: ასამოა (51), დიბალა (53), კუადრადო (76) - მორეტი (14), აკქუა (38, 57), მოლინარო (42)

გაძევება: აკქუა (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 8 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 12:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი („ტორინო“) – 25 გოლი, ედინ ჯეკო („რომა“) – 25, დრის მერტენსი („ნაპოლი“) – 24, გონსალო იგუაინი („იუვენტუსი“) – 24, დრის მერტენსი („ნაპოლი“) – 24, ჩირო იმმობილე („ლაციო“) – 20.

თეგებისერია A
0.231966