როგორც იქნა, დათა ქაჯაიამ წერტილი დაუსვა წარუმატებელ რბოლათა სერიას, რომლებიც უქულოდ დაასრულა. ბელგიის სპა-ფრანკორშანზე გამართულ მეორე რბოლაში, რომლის სტარტზეც მე-12 პოზიცია ეკავა, ქართველმა მრბოლმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და თავისი ქულათა მარაგი 6-ით შეავსო.
დათამ ოსტატურად მოარიდა თავი სასტარტო „გარჩევებს“, რომლის დროსაც პირველ მოსახვევში, მის წინ მყოფმა სამმა პილოტმა იზარალა და კვალში ჩაუდგა მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინის. პირველივე წრის ბოლოს შეუტია კიდეც მას, თუმცა მანევრი წარუმატებლად დაასრულა. და სანმ მეორედაც შეუტევდა, კომინიმ თავად შეძლო მის წინ მიმავალი თანაგუნდელის, ფრედერიკ ვერვიშის ჩამოტოვება და მალე მას ატილა ტაშიც მიაყოლა.
დათამაც ახლა უკვე ვერვიშს შეუტია და მე-4 წრეზე გაასწრო კიდეც მას და შემდეგ წრეზე ტაშისაც შეუტია. მაგრამ უნგრელის გასწრება არ გამოუვიდა. უფრო მეტიც, წარუმატებელი მანევრის ბოლოს ტემპი დაკარგა და ამით ვერვიშმა ისარგებლა. მალე ბელგიელმა ტაშიც ჩამოიტოვა. ქართველს კი ფერენც ფიჩამ შეუტია, მაგრამ შეცდა და მცირე კონტაქტის შემდეგ ჩამორჩა. აქედან მოყოლებული, ქაჯაია ტაშის ჩაუდგა კვალში, თავად მას კი ჯეიმს ნაში წამოეწია. მე-7 წრეზე, მოსახვევ ო რუჟში ქაჯაიამ ტაშის შეუტია და სლიპ სტრიმით თითქმის გაასწრო კიდეც, მაგრამ მოსახვევიდან უარესი ტრაექტორიით გამოსვლამ მოუწია, რამაც უნგრელს პოზიციის დაბრუნების საშუალება მისცა. იქვე დათას ნაშმაც შეუტია, თუმცა ამაოდ. ტაში კი თავად შეცდა, მოსახვევში ვერ ჩაეტია და ქართველმაც მისი „საჩუქრით“ უმალ ისარგებლა.
რბოლა კი ჟან-კარლ ვერნეიმ მოიგო, რომელსაც ახალმა თანაგუნდელმა რობერტ ჰაფმა ლიდერის პოზიცია უბრძოლველად ჩააბარა. ჰაფმა შესანიშნავად დაიწყო რბოლა, მეორე წრეზე ერთდროულად ჩამოიტოვა ორი მეტოქე და წინ გაიჭრა. ის ლიდერობას მანამ ინარჩუნებდა, სანამ ვერნეი ედუარდ მონდრონს გაასწრებდა და მეორეზე გადაინაცვლებდა. მერე კი ის საქმე გააკეთა, რისთვისაც „ლეოპარდში“ მიიწვიეს - გუნდის პირველ პილოტს ჩემპიონატის ლიდერობის განმტკიცებაში დაეხმარა.
რბოლის მიწურულს, მონდრონს კომინიმაც გაასწრო და რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ვერნეი და კომინი გასულ სეზონში იყვნენ თანაგუნდელები. რაც შეეხება ქაჯაიას თანაგუნდელ დუშან ბორკოვიჩს, მან რბოლის მიწურულს კი შეძლო ათეულში შეღწევა, თუმცა ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას, მას ჯაკომო ალტოემ გაასწრო და უქულოდ დატოვა.
TCR-ის საერთაშორისო სერია, ბელგიის ეტაპი
სპა-ფრანკორშანი, რბოლა 2 (9 წრე, 63.0 კმ)
- ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 23:13.917
- რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) +0.720
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 2.325
- ედუარდ მონდრონი (ბელგია, ფოლკსვაგენი) 3.888
- ბენჟამინ ლესენსი (ბელგია, ჰონდა) 4.907
- ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 5.909
- დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 11.790
- ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 12.398
- ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 13.116
- ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) 13.817
- დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 13.834
- გიიომ მონდრონი (ბელგია, სეატი) 16.594
- რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 22.418
- ფერენც ფიჩა (უნგრეთი, სეატი) 22.845
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 23.224
- მაქსიმ პოტი (ბელგია, ფოლკსვაგენი) 26.455
- დანკან ენდი (აშშ, სეატი) 35.207
კლასიფიკაციის გარეშე
- მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 4 წრე
- პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, ოპელი) 5 წრე
- პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 5 წრე
- იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა) 7 წრე
- ტომ კორონელი (ჰოლანდია, ჰონდა) 8 წრე
- უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატი) -
- სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატი) -
უსწრაფესი წრე: სტეფანო კომინი - 2:32.593 (165.2 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ჟან-კარლ ვერნეი - 91 ქულა; 2. სტეფანო კომინი - 66; 3. ატილა ტაში - 53; 4. დუშან ბორკოვიჩი - 51; 5. რობერტო კოლჩაგო - 50; 6. პეპე ორიოლა - 47; 7. დავით ქაჯაია - 45; 8. უგო ვალენტე - 38; 9. ჯეიმს ნაში - 38; 10. ბენჟამინ ლესენსი - 31; 11. ფერენც ფიჩა - 29; 12. რობ ჰაფი - 27; 13. ფრედერიკ ვერვიში - 22; 14. პიერ-ივ კორტალსი - 19; 15. ედუარდ მონდრონი - 18; 16. ჯანი მორბიდელი - 10; 17. ჯაკომო ალტოე - 7; 18. მატ’ო ჰომოლა - 5; 19. ტომ კორონელი - 4.







