ასეთია რბოლები - როცა ტექნიკა გღალატობს, სტატისტის როლში მოგიწევს ყოფნა. დღეს სწორედ ასეთი დღე ჰქონდათ „GE-ფორსის“ პილოტებს, დათა ქაჯაიას და დუშან ბორკოვიჩს. ამ პრობლემების გამო, ორივემ სპას პირველი რბოლა ბოლო რიგებიდან დაიწყო და გასაკვირი არაა, რომ ფინიშთან უქულოდ მივიდნენ.
ეს უკვე ზედზედ მესამე რბოლაა, რომელშიც ქაჯაია თავის შესაძლებლობათა გამოვლენას მანქანის ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებს. რუსთავის შემდეგ ჩატარებული სამი რბოლიდან, მან ორი (ბაჰრეინში) ვერ დაასრულა, ბელგიაში კი მე-18 ადგილს დასჯერდა. სპაზე ჩავარდნის მიზეზი ჰიდრავლიკაა, რომელიც ყველაზე რთულ მოსახვევ ო რუჟში ითიშებოდა. სხვაგან არსად, სწორედ იმ მოსახვევში, რომელსაც პილოტები სრული სიჩქარით გადიან...
რაც შეეხება რბოლას, ის შეიძლება მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინის (აუდი) დაბრუნების მომენტად ჩაითვალოს. მართალია, პოულის უპირატესობა ვერ გამოიყენა - შედარებით ნელი სტარტის გამო, პირველ მოსახვევში ორმა მეტოქემ შეასწრო, მაგრამ მალევე აღადგინა სტატუს-ქვო და არც გამრჯვება გასჭირვებია.
ის ორი მეტოქე, რომელმაც კომინი სტარტზე ჩამოიტოვა, ბენჟამინ ლესენსი (ჰონდა) და ატილა ტაში (ჰონდა) იყვნენ, რომლებმაც შვეიცარიელის გარდა, მისი ახალი თანაგუნდელი, ფრედერიკ ვერვიშიც ჩამოიტოვეს. პირველ წრეზე კომინიმ ლესენსის გასწრება შეძლო, მეორე წრის დასაწყისში კი ტაშიც ჩამოიტოვა, რომელსაც მალე ლესენსმაც გაუარა. მოგვიანებით, ტაშის ჩამოქვეითებას ჟან-კარლ ვერნეიც ცდილობდა, ვინც მანამდე ვერვიშს გაასწრო, მაგრამ უნგრელმა კარგად დაიცვა პოზიცია და კვარცხლბეკზე მესამე ადგილიც დამსახურებულად დაიკავა.
TCR-ის საერთაშორისო სერია, ბელგიის ეტაპი
სპა-ფრანკორშანი, რბოლა 1 (9 წრე, 63.0 კმ)
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი RS3 LMS) 23:07.903
- ბენჟამინ ლესენსი (ბელგია, ჰონდა სივიკი) +3.547
- ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა სივიკი) 8.343
- ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 8.764
- ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი RS3 LMS) 9.063
- რობერტ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 9.325
- ედუარდ მონდრონი (ბელგია, ფოლკსვაგენ გოლფი) 9.619
- ტომ კორონელი (ჰოლანდია, ჰონდა სივიკი) 10.550
- პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 11.790
- პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, ოპელ ასტრა) 12.075
- ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 13.133
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 13.552
- ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 14.611
- ფერენც ფიჩა (უნგრეთი, სეატ ლეონი) 14.611
- უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატ ლეონი) 16.397
- დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო ჯულიეტა) 17.184
- მაქსიმ პოტი (ბელგია, ფოლკსვაგენ გოლფი) 19.149
- დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო ჯულიეტა) 19.450
- გიიომ მონდრონი (ბელგია, სეატ ლეაონი) 21.315
- რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა სივიკი) 25.797
- იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა სივიკი) 32.529
- დანკან ენდი (აშშ, სეატ ლეონი) 36.992
- სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატ ლეონი) 1 წრე
- მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელ ასტრა) 1 წრე
უსწრაფესი წრე: სტეფანო კომინი - 2:32.101 (165.8 კმ/სთ)







