ჯერ იმ ატმოსფეროზე, რაც ბათუმში სუფევდა. თურმე, როგორ მონატრებიათ ბათუმელებს ფეხბურთი, ტევა არ იყო სარაგბო სტადიონზე. ბათუმში ათწლიანი შესვენების შენდეგ პირველად გაიმართა უმაღლესი ლიგის მატჩი. ათი წლის შემდეგ! მართალია, ეს სარაგბო სტადიონია, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა საფეხბურთო ატმოსფერო. შეხედავდი და გულს უხაროდა.
საქმე იქამდე მივიდა, დიქტორმა გამოაცხადა, მაყურებლები მოშორდნენ მოედანს, თორემ თამაში ჩაიშლებაო - საქართველოს ჩემპიონატში ეს ბოლოს როდის გავიგეთ, რთული სათქმელია...
თამაშს რაც შეეხება, "ლოკომოტივმა" სტუმრად 2:1 მოუგო ბათუმელებს და სეზონში მეექვსე გამარჯვება მიითვალა. "ლოკო" მეორე ადგილზეა.
არადა, მასპინძლები იგებდნენ. ბათუმელთა ქომაგებმა მალე გაიხარეს, მე-14 წუთზე დაწინაურდა ლევან ხომერიკის გუნდი. დავით სამურკასოვმა თემურ შონია წააქცია და პენალტი ვაკო თევდორაძემ ზუსტად შეასრულა - მოგვარე რევაზს გაუტანა და 1:0. მალევე, "ლოკოს" შეეძლო გათანაბრება, ირაკლი სიხარულიძეს ჰქონდა იდეალური მომენტი და მეკარე რომან ტაკიძემ მოიგერია ბურთი.
გიორგი დევდარიანმა შესვენებამდე არ მოიცადა და 35-ე წუთზე გააძლიერა შეტევის ხაზი: მამია გავაშელიშვილი შეიყვანა სამურკასოვის ნაცვლად. მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი "ლოკოს" შეტევებმა შედეგი გამოიღო. გამოცდილი დავით კვირკველია შეცდა, ირაკლი სიხარულიძემ ააცალა ბურთი და ზუსტადაც დაარტყა - 1:1. ეს სიხარულიძის მე-11 გოლია სეზონში.
დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გაეტანა, უფრო მწვავე მომენტები კი ბათუმელებს ჰქონდათ. რევაზ თევდორაძემ 75-ე წუთზე სასწაულებრივად გადაარჩინა თავისიანები, როცა ზედიზდ ორჯერ მოიგერია ახლოდან დარტყმული. მერე კი იყო უკრაინელი კვასოვის ნახევარმაკრატელა და რომ გასულიყო, სუპერგოლი იქნებოდა - ოდნავ ასცდა კარს. კვასოვმა მანამდე ხარიხასაც მოარტყა ბურთი, არ უმართლებდა ლეგიონერს.
დევდარიანის გაკეთებულმა შეცვლებმა გაამართლა. ვატო არველაძემ და შემდეგ, რატი არდაზიშვილმაც აშკარად გააზრებული სახე მისცეს სტუმართა შეტევებსა თუ კონტრშეტევებს. 19 წლის არველაძემ უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და თანაც, რა გოლი: საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, ერთ მცველს გასცდა და ცაციით გაისროლა - 1:2.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანის ვაჟმა გოლი ლეო მესივით აღნიშნა: "რეალთან" ბოლო წამებზე რომ გაიტანა და მაისურა გამოფინა, ზუსტად ისე. გასაგებიცაა, ვინც არის ვატოს საყვარელი ფეხბურთელი.
დინამო (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 1:2 (1:0)
დინამო ბთ: ტაკიძე, ფარტენაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, კენედი (კვირკველია 46), შონია, ვ.თევდორაძე (ფონიავა 55), ტვილდიანი, ფლამარიონი (კვანტალიანი 28), კვასოვი
ლოკომოტივი: რ.თევდორაძე, თომაშვილი, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, კიკნაძე (არველაძე 60), უბილავა, კომახიძე, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 35), დიასამიძე (არდაზიშვილი 81), ქავთარაძე, სიხარულიძე
გოლები: 1:0 ვ.თევდორაძე (14 პენ), 1:1 სიხარულიძე (56), 1:2 არველაძე (88)
გაფრთხილება: თარხნიშვილი - ქავთარაძე, რ.რევდორაძე, კომახიძე, არველაძე
მსაჯი: კვირიკაშვილი