ავტოსპორტი

17:04 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას სპაზეც პრობლემები აქვს

ბელგიაში მის მანქანაზე ჰიდრავლიკა ჭირვეულობს. თანაც ყველაზე რთულ მოსახვევში, რომელიც ო რუჟის სახელითაა ცნობილი. ამ მოსახვევის გავლისას, დათას ჰიდრავლიკა ეთიშება, რის გამოც, მანქანის დამორჩილება უჭირს. სწრაფ მოსახვევში დაკარგული დროის ამოქაჩვა კი ურთულესი საქმეა.

ამის მიუხედავად, ქართველმა მრბოლმა შეძლო ბელგიური ეტაპის კვალიფიკაციის პირველ ნაწილში 12-ეულში შესვლა, რამაც ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა. შექმნილ სიტუაციაში, მისი ამოცანა, მე-9 ან მე-10 ადგილის დაკავება იყო, რადგან ეს მეორე რბოლის პოულიდან (მეათე დროის შემთხვევაში) ან წინა რიგიდან დაწყების საშუალებას მისცემდა. პირველ რბოლას კი, რომელიც ამ საღამოს, 8-ის ნახევარზე შედგება (პირდაპირ რეპორტაჟს შეგიძლიათ უყუროთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=uOjxulzvrKg), მაინც ბოლო რიგიდან დაიწყებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მის „ალფა რომეო ჯულიეტაზე“ ძრავი გახდა შესაცვლელი.

დათამ პირველ კვალიფიკაციაზე მე-12 დრო აჩვენა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბრძოლა გაეგრძელებინა. და მეორე კვალიფიკაციის დროს, რომელიც ყვითელი ალმების შირი ფრიალის გამო, საკმაოდ არეული გამოდგა, ერთხელ მე-8 დროც ჰქონდა. ბოლო სწრაფ წრეზე, რომლის პირველ სექტორშიც საუკეთესო დრო ჰქონდა, ისევ ჰიდრავლიკის გამო, ო რუჟში ტრასის საზღვრები ოთხივე ბორბლით გადალახა, რის გამოც, მისი დრო ანულირებულ იქნა. ამის მიუხედავად, მას იმ მომენტში მე-10 დრო ჰქონდა. თუმცა მოგვიანებით, მსაჯებმა ის ერთადერთი დროც გაუუქმეს (იმავე მიზეზით - ტრასის ლიმიტის დარღვევა) და საბოლოოდ ქართველი მრბოლი სასტარტო რიგში ათეულს მიღმა დარჩა.

კვალიფიკაციაში ასპარეზბა პრაქტიკულად ვერ შეძლო ქართულ გუნდ „GE-ფორსის“ სერბმა პილოტმა დუშან ბორკოვიჩმა, ვისაც საჭის სისტემა ჰქონდა დაზიანებული და მანქანის დროულად მომზადება ვერ მოხერხდა. ბორკოვიჩის გარდა, მეორე კვალიფიკაციაში ასპარეზობის უფლება ვერც ჯანი მორბიდელიმ, ჯეიმს ნაშმა, რობერტო კოლჩაგომ და უგო ვალენტემ შეძლეს.

კვალიფიკაციაში კი „ქამთუიუს“ (აუდი RS3 LMS) პილოტებმა - TCR-ის საერთაშორისო სერიის მოქმედმა (და ორგზის) ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტეფანო კომინიმ (პოული) და მისმა ახალმა თანაგუნდელმა, ბელგიელმა ფრედერიკ ვერნიშმა საუკეთესო დროები აჩვენს და სტარტზე პირველ რიგს შეავსებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159194