ჭიდაობა

15:19 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) წლევანდელ ევროპირველობას საუკეთესო შემთხვევაში ბრინჯაოს პრიზიორის რანგში ჩაამთავრებს. თუ ამას შეძლებს, მაშინ საქართველოს ნაკრების საბოლოო მონაგარი ოქრო და სამი ბრინჯაო იქნება.

დღეს, სერბულ ხალიჩაზე თავისუფალ ჭიდაობაში მედლების ბოლო ორი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. საქართველოს სახელით კი ევროკონკურენციაში პეტრიაშვილი და ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი დავით ტლაშაძე (70 კგ) ჩაებნენ.

პეტრიაშვილმა უმაღლესი ტიტულისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, უმთავრეს კონკურენტთან – თურქ ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 4-გზის ჩემპიონ ტაჰა აკგულთან უშანსოდ წაგებით (4:14). იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა რუსეთის ნაკრების წევრი ალან ხუგაევი ჩამოიშორა (5:2), ხოლო მას შემდეგ, რაც აკგული ფინალში გავიდა, თავად რეპეშაჟში გადაერთო და "ბრინჯაოს ნახევარფინალში” უკრაინელ დანილო კარტავის 6:2 სძლია.

დავით ტლაშაძე ლეიბზე მხოლოდ ერთხელ გავიდა - პირველსავე შეხვედრაში თურქ იაკუპ გორთან დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა და ჯერ ძირითად ბადეს დაემშვიდობა, ცოტა ხანში კი ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 70 კილოგრამში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს იტალიელი ფრანკ ჩამიზო მარკესი და პოლონეთის ნაკრების წევრი მაგომედმურად გაჯიევი დაუპირისპირდებიან. მძიმე წონის ფინალში კი ტაჰა აკგულის მეტოქე აზერბაიჯანელი ჯამალადინ მაგომედოვი იქნება.

0.113892