ფეხბურთი

2:45 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: “იუნაიტედი” ფინალს მიუახლოვდა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ესტადიო ბალაიდოსზე” იმარჯვა და ტურნირის გადამწყვეტ თამაშში გასვლასთან ძალიან ცოტაღა აშორებს.

ედუარდო ბერიცო ბევრს ეცადა, რომ “სელტას” საკუთარი ისტორია გადაეწერა. ის წამყვან მოთამაშეებს ლა ლიგაში უმეტესად ასვენებდა და ზედმეტად არ ტვირთავდა, თუმცა “იუნაიტედის” ბევრად მაღალმა კლასმა, გამოცდილებამ, თავისი გააკეთა და განმეორებით შეხვედრას ინგლისელები კომფორტული უპირატესობით ხვდებიან.

მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში აქტიურობდნენ, ბურთსაც უფრო მეტხანს ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები ბევრი ნამდვილად არ ჰქონიათ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით “წითელ ეშმაკებზე”. ინგლისელებმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და გალისიელები სერხიო ალვარესს უნდა უმადლოდნენ, ყველაფერი პირველივე მატჩში რომ არ გადაწყდა.

ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა 20 მეტრიდან შესანიშნავად შეასრულა და სერხიო ალვარესი უშანსოდ დატოვა, რომელმაც იგივე რეშფორდს, მხიტარიანს და ლინგარდს ძალიან რთული ბურთები აუღო. რაც შეეხება სერხიო რომეროს, არგენტინის ნაკრების კიპერმა ერთი ძალიან კარგი სეივი შემოგვთავაზა. მეტჯერ მასპინძლებს მეტოქის კარის მიმართულებით სახიფათოდ არ დაურტყამთ, თუმცა დანიელ ვასის და იაგო ასპასს მშვენიერი შანსები შეექმნათ, მაგრამ ორივეს მიზანმა უმტყუნა – 0:1.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირება 11 მაისს გაიმართება.

სელტა – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, რონკალია, მალიო (ბივუ 92), ხონი, ვასი (ხოზაბედი 74), პ.ერნანდესი, რადოია, სისტო, გუიდეტი, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): რომერო, ბაილი, ბლინდი, დარმიანი, ა.ვალენსია, ერერა, ფელაინი, პოგბა, მხიტარიანი (იანგი 78, სმოლინგი 89), ლინგარდი, რეშფორდი (მარსიალი 80).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: რეშფორდი (67)
გაფრთხილებები:
მალიო – ფელაინი, პოგბა
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.112835