ფერნანდო ალონსომ ინდიანაპოლისის ოვალზე პირველი ტესტები შეასრულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ავტომობილი „თავის თავს თვითონ მართავდა“. ტესტები, სახელწოდებით „ახალბედების საორიენტაციო პრაქტიკა“, აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მრბოლი ინდი 500-ის რბოლაში დაუშვან. ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ეს პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
პირველი ტესტებისთვის ალონსოსთვის „დალარა DW12“ მარკო ანდრეტიმ მოამზადა, ვინც მამამისის, მაიკლ ანდრეტის გუნდის პილოტია. მაიკლი ერთ დროს თავადაც მონაწილეობდა ფორმულა 1-ში, ოღონდ წარუმატებლად. მან განაცხადა, რომ პირველი ტესტებისთვის ბოლიდი ისე მომზადდა, რომ გზასთან გაზრდილი ჩაჭიდება ჰქონოდა.
„ვისიამოვნე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ სიჩქარეს მივეჩვიო. დასაწყისში ცოტა რთული იყო, თუმცა მალე მივეჩვიე. იმედია, ვარჯიშის საშუალება მექნება, რაც მანქანის უკეთ აღქმის საშუალებას მომცემს. ამ ეტაპზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მანქანა თავის თავს თვითონ მართავდა. თითქოს მე საჭესთან არ ვყოფილვარ“, - ვარჯიშის შემდეგ განაცხადა ალონსომ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, სიჩქარის გადართვიოს მომენტებს არჩევდა, სიჩქარეს ეჩვეოდა. მთავარი საქმე კი წინ ელის. მანვე ქება არ დაიუშურა გუნდ „ანდრეტი ავტოსპორტის“ მიმართ, რომელმაც დახმარება მანამ დაიწყო, სანამ ტრასაზე პირველი გამოსვლა ექნებოდა.
ალონსო დასძენს, რომ თავიდან, მოსახვევებში უზარმაზარი სიჩქარით შესვლისას, შიში იპყრობდა: „სიმართლე გითხრათ, დასაწყისში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარჯვენა ფეხს საკუთარი ტვინი მართავდა და ის ჩემს ტვინთან დაკავშირებული არ იყო. მე მინდოდა სიჩქარის გაზრდა, მაგრამ მარჯვენა ფეხს საკუთარი ცხოვრება ჰქონდა. ახლა უკვე ჩემს სხეულსაც და მანქანასაც სრულად ვაკონტროლებ და სიჩქარის გაზრდაც შემიძლია“.
ალონსომ ჯამში 88 წრე გაიარა და ყველაზე მაღალი სიჩქარე 73-ე წრეზე ჰქონდა, როცა 222.548 მილი/საათში (358 კმ/სთ) საშუალო სიჩქარე დააფიქსირა. ის ამბობს, რომ სწორ მონაკვეთებზე, გზა თითქოს ვიწროვდებოდა. არადა, როცა ტელეეკრანზე უყურებ, ან სიმულატორით ვარჯიშობ, ტრასას ჩვეულებრივად აღიქვამო.







