ჭიდაობა

23:10 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლების ანგარიში გახსნა. დღეს სერბულ ხალიჩაზე საპრიზო სამეულები ორ წონით კატეგორიაში: 65 და 97 კილოგრამებში შეივსო. ქართული დროშის ქვეშ კი ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) იჭიდავეს და ორივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იაკობიშვილმა ევროპირველობა სერბი პერიცა დიმიტრიევიჩის ძლევით გახსნა - მეტოქეს 4 წუთში მოუმთავრა საქმე (10:0). მერვედფინალში გერმანელ ალექსანდერ სემისოროვს აჯობა (4:2). მეოთხედფინალში თურქ აჰმედ კაიას 4 წუთში აუღო 11 ქულა (11:0). უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან - რუსეთის ნაკრების წევრ ილიას ბეკბულატოვთან წაგებით.

რეპეშაჟის ფინალში ზურაბ იაკობიშვილი აზერბაიჯანის ნაკრების წევრ გიტინომაგომედ გაჯიევს დაეჭიდა და 9:4 დაამარცხა.

ელიზბარ ოდიკაძეც ნახევარფინალიდან გამოეთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას. ისიც მომავალ ჩემპიონთან - თურქ რიზა ილდირიმთან მარცხით (2:8). იქამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა: გერმანელი გეორგ გაბრიელ სერეგელი (4:1), მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი (4:3) და აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ასლანბეკ ალბოროვი (4:1). რეპეშაჟის ფინალში კი მაკედონიის სახელით მოჭიდავე მაგომედგაჯი ნუროვს დაუპირისპირდა და ძალიან ადვილად აჯობა (10:0).

ხვალ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 61 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ჩაებმებიან.

ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ნოვი სადი. სერბეთი

3 მაისი

თავისუფალი

65 კგ

1 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

2 ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი)

3 ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო)

3 დავიდ ჰაბატი (სლოვენია)

97 კგ

1 რიზა ილდირიმი (თურქეთი)

2 ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

3 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

3 ალექსანდრ ხუშტინი (ბელარუსი)

ქალები

53 კგ

1 ვანესა კალაძინსკაია (ბელარუსი)

2 ნატალია მალიშევა (რუსეთი)

3 მარია პრევოლარაკი (საბერძნეთი)

3 ნინა ჰემერი (Gერმანია)

60 კგ

1 ლუბოვ ოვჩაროვა (რუსეთი)

2 ანასტასია გრიგორიევა (ლატვია)

3 მალინ ჯოანა მატსონი (შვედეთი)

3 ტატიანა ომელჩენკო (აზერბაიჯანი)

0.128976