TCR-ის საერთაშორისო სერიის ბელგიურ ეტაპზე, რომელსაც სპა-ფრანკორშანი უმასპინძლებს, მონაწილეთა სიას რამდენიმე ახალი პილოტი და გუნდი დაემატება. მათ შორის ორი გამორჩეულია - 45 წლის ჰოლანდიელი ტომ კორონელი და 37 წლის ბრიტანლი რობერტ ჰაფი. ორივეს კარიერაში არაერთი, მათ შორის WTCC-ს (ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატი) ტიტული აქვს მოგებული.
კორონელი „ბოუტსენ ჯინიონ რეისინგის“ „ჰონდა სივიკ ტაიპ-R-ით“ იასპარეზებს და ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება TCR-ის საერთაშორისო სერიაში. მისი თანაგუნდელი იქნება 17 წლის ბელგიელი ბენჯამინ ლესენესი. ორივეს ძირითადი სერია TCR-ბენელუქსია. გუნდს ოფიციალურ მხარდაჭერას უწევს „ჰონდა ბენელუქსი“, რომლისთვისაც კორონელი ბელგია-ლუქსემბურგ-ჰოლანდიის ბაზარზე, იაპონური კომპანიის ელჩის მოვალეობას ასრულებს.
რაც შეეხება ჰაფს, ის „ლეოპარდ რეისინგის“ „ფოლკსვაგენ გოლფით“ იასპარეზებს. კორონელისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სპაზე გამოვა, ჰოფი ჩემპიონატის რეგულარული მონაწილე გახდება. „ლეოპარდში“ ის სერიის მოქმედ (ორგზის) ჩემპიონ სტეფანო კომინის შეცვლის, რომელიც ამ სეზონში „ქამთუიუში“ გადავიდა და „აუდის“ მანქანით ასპარეზობს. გუნდში ჰაფის მთავარი მიზანი, ფრანგი ჟან-კარლ ვერნეისთვის ტიტულისთვის ბრძოლაში ხელის შეწყობა იქნება. შეგახსენებთ, რომ რუსთავის და ბაჰრეინის რბოლების შემდეგ, ვერნეი ჩემპიონატის ლიდერია.
სპაზე TCR-ის საერთაშორისო სერიაში პირველად იასპარეზებს 17 წლის ბელგიელი მაქსიმ პოტი. ესეც კარტინგიდან TCR-ბენელუქსში გადავიდა და იქ რამდენიმე წარმატებული რბოლა ჩაატარა. სპას ეტაპზე ის გუნდ „მაზუინ სპორტის“ „ფოლკსვაგენ გოლფით“ გამოვა.
კიდევ ორი ახალი მონაწილეც ბელგიელია. ესენი არიან ძმები ედუარდ და გიომ მონდრონები. ისინი გუნდ „დელეი რეისინგის“ მანქანებით იასპარეზებენ. ოღონდ, თუ გიომი რბოლაში „სეატ ლეონით“ გამოვა, ედუარდი „ფოლკსვაგენ გოლფით“ მიიღებს მონაწილეობას. ისინიც TCR-ბენელუქსში ასპარეზობენ.







