ჭიდაობა

23:49 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ღარიბი ევროპირველობის ღარიბული ქართული დასაწყისი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი სტარტი აიღო. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე, თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო სამეულები ორ წონით კატეგორიაში: 57 და 86 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე ოთარ გოგავა (57 კგ) და დათო მარსაგიშვილი (86 კგ) გავიდნენ და პოდიუმს ვერ შეწვდნენ.

ევროპის 2-გზის ჩემპიონ (2012 და 2013) მარსაგიშვილს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მესამედ ასვლის შანსი მან ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ დაურენ კურუგლიევთან შეხვედრის მიწურულს დაშვებული შეცდომით – საჭიდაოდ განკუთვნილი დროის ამოწურვამდე ხუთიოდ წამით ადრე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და ეს შედეგი ხელს მარსაგიშვილს აძლევდა, მოულოდნელი მოდუნება ორი ქულის და ფინალის საგზურის დაკარგვად დაუჯდა.

ნახევარფინალამდე დათო მარსაგიშვილმა ორი მეტოქე ჩამოიშორა: ფინელი ვილე ტაპანი ჰეინო (7:1) და მოლდოველი დენის ბალაური (11:6).

რეპეშაჟის ფინალში უნგრელ იშტვან ვერებს დაეჭიდა. შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა. ეს ანგარიში კი ვერებს აწყობდა, რადგან ორქულიანი ილეთი ჰქონდა შესრულებული, რაც დათოს ორ თითოქულიანზე მეტად ფასობდა.

ოთარ გოგავამ პირველსავე მეტოქესთან – ებრაელ იური ჰოლუბთან უშანსოდ წააგო (0:10) და ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულა. საქართველოს ნაკრების უმსუბუქეს წევრს მალე ბრინჯაოს მედლის გზაც ჩაეკეტა, რადგან ჰოლუბმა ფინალამდე მისვლა ვერ შეძლო.

57 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი ედიშერაშვილი გახდა, რომელიც ბოლო წლებში აზერბაიჯანის სახელით ჭიდაობს. მის გარდა, 16-კაციან სატურნირო ბადეში გივი დავიდოვი და ლევან მეტრეველიც იყვნენ. დავიდოვი იტალიის, მეტრეველი კი ესპანეთის განაცხადში.

86 კილოგრამშიც საკმაოდ ცოტა - 18 მონაწილე შეიკრიბა. მათ შორის უძლიერესი დათო მარსაგიშვილის მომგები კურუგლიევი აღმოჩნდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევს სძლია.

ხვალ, თავისუფალ ჭიდაობაში მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება – 65 და 97 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ კი ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.

ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ნოვი სადი. სერბეთი

2 მაისი

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ

1 გიორგი ედიშერაშვილი (აზერბაიჯანი)

2 ანდრეი დუკოვი (რუმინეთი)

3 ზაურ უგუევი (რუსეთი)

3 სულეიმან ატლი (თურქეთი)

86 კგ

1 დაურენ კურუგლიევი (რუსეთი)

2 ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)

3 სელიმ იაშარი (თურქეთი)

3 იშტვან ვერები (უნგრეთი)

5 დათო მარსაგიშვილი (საქართველო)

ქალები

48 კგ

1 მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი)

2 ილონა სემკოვი (უკრაინა)

3 ფრედრიკა იდა პეტერსონი (შვედეთი)

3 ემილია ალინა ვუჩი (რუმინეთი)

63 კგ

1 მონიკა ევა მიხალიკი (პოლონეთი)

2 ტაიბე მუსტაფა იუსეინი (ბულგარეთი)

3 სარა და კოლი (იტალია)

3 იულია ტკაჩ ოსტაპჩუკი (უკრაინა)

0.113181