ავტოსპორტი

22:57 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

წარმატების ბალასტი ბორკოვიჩს

დათა ქაჯაიას თანაგუნდელსა და „GE-ფორსის“ სერბ წევრ დუშან ბორკოვიჩს, სპა-ფრანკორშანზე ბალასტით ასპარეზობა მოუწევს. მისი „ალფა რომეო ჯულიეტა“ 30 კილოგრამიანი ბალასტით დაიტვირთება იმ გამარჯვების გამო, რომელიც მან ბაჰრეინის მეორე რბოლაში მოიპოვა. სამაგიეროდ, იმავე ოდენობის ბალასტს ქაჯაიას მანქანას მოხსნიან.

ამგვარად, ბელგაში დათას ავტომობილის წონა 1 285 კილოგრამი იქნება, ბორკოვიჩისა კი - 1 315 (1 285 კგ + 30 კგ) კილოგრამი. ბორკოვიჩმა ბაჰრეინის ორ რბოლაში ჯამში 37 ქულა მოიპოვა და ორი ეტაპის ჯამში 51 ქულას მოუყარა თავი, რიტაც კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ზუსტად ამდენივე ქულა აიღო იტალიელმა რობერტო კოლჩაგომ, რომელსაც ჯამში 50 ქულა დაუგროვდა და კლასიფიკაციაში მესამეზეა. კოლჩაგოსაც სპას რბოლებისთვის მანქანას (ჰონდა სივიკ ტაიპ-R) 30 კილოგრამით დაუმძიმებენ. ოღონდ, მისი „სივიკის“ წონა 1 345 კილოგრამი იქნება. აქედან TCR-ის მინიმალური ზღვარი 1 285 კილოგრამია, რასაც ემატება წარმატების ბალასტი - 30 კილოგრამი და ამავე წონის შესაძლებლობათა ბალასტი (BoP), რომელიც სეზონისწინა ტესტების დროს განისაზღვრა.

სპაზე ბალასტით იასპარეზებს კიდევ ერთი პილოტი - ფრანგი უგო ვალენტე, რომელმაც ბაჰრეინის რბოლებში მეორე და მესამე ადგილები დაიკავა. მან ჯამში იქ 36 ქულა მოიპოვა და კლასიფიკაციაში ორი ქულით ჩამორჩება ქაჯაიას (39 ქულა), რომელმაც ბაჰრეინში ტექნიკური პრობლემების გამო, ვერცერთი რბოლის დასრულება ვერ მოახერხა. ვალენტეს „სეატ ლეონი“ სპას რბოლებში 10 კილოგრამიანი ბალასტით იქნება და ჯამში მისი წონა 1 325 კილოგრამს მიაღწევს. აქედან 10 კილოგრამი წარმატების ბალასტია, 30 კილოგრამი კი - შესაძლებლობათა ბალასტი.

სპას რბოლები პარასკევს და შაბათს გაიმართება.

0.173529