სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:03 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: 1,2,3 - "სამეფო კლუბის" მეფური ნახევარფინალი (+VIDEO)

ბრძოლა არ შედგა - „რეალმა“ „ატლეტიკოს“ იმაზე ადვილად, მოუგო, ვიდრე ალბათ დაგეგმილი ჰქონდა და შეიძლება ითქვას, „სამეფო კლუბი“ ზედიზედ მეორედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რა თქმა უნდა, პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაფიქსირებული ანგარიში, ნაჩვენები თამაში, გვაძლევს ზემოხსენებულის თქმის სრულ საფუძველს.

3:0 - მაგრამ, საქმეც მხოლოდ ანგარიშში არაა. „ატლეტიკოს“ 90 წუთის განმავლობაში ღირებული არაფერი შეუქმნია, სხვა თუ არაფერი, რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია და კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყა. მაშინ, როცა, „რეალმა“ ლაღი ფეხბურთი აჩვენა და ვინძლო, გაცილებით სოლიდური სხვაობით მოიგებდა, რომ არა იან ობლაკის დიდებული თამაში - მეტწილად, პირველ ტაიმში.

კრიშტიანუ რონალდუ - მასზე ცალკე უნდა ვისაუბროთ: პროტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში რვა გოლის გატანა შეძლო. რონალდუს ლიგის პლეი-ოფში 52 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა. ამასთან, მეშვიდედ შეასრულა ჰეთ-თრიქი და იგი ლიონელ მესის გაუტოლდა აღნიშნულ კომპონენტში. აქვე გეტყვით, რომ რონალდუს ბოლო 12 დარტყმიდან, რომელიც კარში წავიდა, 8 გოლით დასრულდა და მათ შორის, უკანასკნელი 5 დარტყმა აღმოჩნდა ზუსტი. მოკლედ, პორტუგალიელი ვარსკვლავი გასაოცარ ფორმაშია და თამაშებს ფაქტობრივად მარტო იგებს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ არ გამართლდა დიეგო სიმეონეს მატჩისწინა მოლოდინი და მისმა გუნდმა ვერაფერი აჩვენა ღირებული. არ გამართლა მისი ჩანაფიქრიც და „როხიბლანკომ“ მისთვის ჩვეული, ტაქტიკურად გამართული, დისციპლინირებული თამაში დაცვაში, აგრესიული თამაში ვერ გვანახა. შესაბამისად, „ატლეტიკოსთვის“ „რეალი“ ევროპულ ასპარეზზე გადაულახავი ბარიერად რჩება. მართალია, ერთ კვირაში „ვისენტე კალდერონზე“ საპასუხო შეხვედრაა გასამართი, მაგრამ დღეს არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ სხვაგვარად ვიფიქროთ - „როხიბლანკოს“ ამის საბაბი ნამდვილად არ მოუცია - „რეალი“ ცალი ფეხით ფინალშია.

„რეალი“ – „ატლეტიკო“ 3:0 (1:0) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

მაყურებელი: 78 000

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი (ნაჩო 46), სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ისკო (ასენსიო 68), ბენზემა (ვასკესი 78), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ერნანდესი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი (გაიტანი 58), ფერეირა-კარასკო (კორეა 68); გრიზმანი, გამეირო (ტორესი 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 რონალდუ (10), 2:0 რონალდუ (73), 3:0 რონალდუ (86)

გაფრთხილება: ისკო (48) - კოკე (26), საულ ნიგეზი (53), სავიჩი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121201