როგორც იცით, 19-წლამდე ლიგა ორ ჯგუფად მიმდინარეობს, გუნდები გეოგრაფიული პრინციპით არიან გადანაწილენულნი. ორივეგან ათ-ათი გუნდია. ახალს არაფერს დავწერთ იმით, რომ გუნდებს შორის კლასში სხვაობა აშკარაა, ხშირია დიდი ანგარიშები და ეს უფრო აღმოსავლეთის ჯგუფზე ითქმის.
დასავლეთში საუკეთესონი არიან "სამტრედია" და "ტორპედო". შარშან კარგი გუნდი ჰყავდათ "კოლხეთსა" და "მერანსაც", წლეულს კი ისინი შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან.
აქ ერთი ნიუანსია. ზოგიერთ კლუბს ჰყავს დუბლშემადგენლობა, ზოგსაც - არა. ანუ, 19-წლამდელთა გუნდი ზოგიერთი კლუბისთვის იგივე დუბლებს წარმოადგენს, საიდანაც ერთი ნაბიჯია ძირითად გუნდამდე. ხდება როტაცია, რაც ჩვეულებრივი მომენტია.
აღმოსავლეთის ლიგა უფრო ძლიერია, რაც არაა გასაკვირი. გრძელდება ტენდენცია და საუკეთესო ბავშვები თუ ჭაბუკები რაიონებიდან თბილისის გუნდებში მოჰყავთ: "დინამოში", "ლოკომოტივში", "საბურთალოში".
აღმოსავლეთის ლიგაში სამი გუნდი გამოიკვეთა და ისინი იშვიათად კარგავენ ქულებს: "დინამო" (მწვრთნელი - ვლადიმერ კაკაშვილი), "ლოკომოტივი" (მწვრთნელი - გიორგი მინაშვილი) და "ცხინვალი" (მწვრთნელი - მალხაზ ლაცაბიძე).
მეოთხე ადგილისთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, მათ შორის, თემურ შალამბერიძის გაწვრთნილი "საბურთალო". კიდევ, "რუსთავი", "ვიტ ჯორჯია" და "გაგრა".
ზოგადად, ამ ლიგაში მეტწილად თამაშობენ 1999 და 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად 18-წლამდე ნაკრებში გამოდიან. იმ ნაკრებში, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის და შემოდგომაზე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოვა. თითოეულ გუნდს შეუძლია 1998 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელის დამატებაც.
ორ წრედ (18 ტური) თამაშის შემდეგ, ჯგუფებში პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ერთ რვაგუნდიან ჯგუფს. იქაც, თამაშები გაიმართება ორ წრედ (14 ტური) და ასე გამოვლინდება ჩემპიონი. გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით.
ამავე პრინციპით გაგრძელდება მატჩები მეხუთე-მეათე ადგილებზე გასული გუნდებისთვის. ქულები არც მათ გადაჰყვებათ მეორე ეტაპზე.
19-წლამდე ლიგის გამარჯვებულმა, შესაძლოა, გაისად, 2018/2019 წლების უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშოს. "შესაძლოა" იმიტომ, რომ საკითხავია, უეფას კოეფიციენტები გვეყოფა თუ არა. ეს დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე ჩვენი კლუბების გამოსვლაზე.
გასული ტურის შედეგები
ა ჯგუფი: მეშახტე-კოლხეთი 2:3, შუქურა-ზუგდიდი 3:1, სამგურალი-დინამო ბათუმი 0:2, მერანი-ტორპედო 0:2, სამტრედია-გურია 3:0
ბ ჯგუფი: საბურთალო - ლოკომოტივი 1:5, დინამო თბილისი - დილა 5:0, ჩიხურა - ცხინვალი 0:3, გაგრა - სიონი 5:0, რუსთავი - ვიტ ჯორჯია 3:2 და გამოტოვებული შეხვედრა: საბურთალო-ცხინვალი 2:2