დასრულდა უდროოდ გარდაცვლილი, ნიჭიერი აზერბაიჯანელი მოჭადრაკის ვუგარ გაშიმოვის სახელობის მეოთხე მემორიალი, რომელსაც მისი მშობლიური ქალაქი შამქირი მასპინძლობდა.
ტურნირში მსოფლიოს ათი წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა: უესლი სო(2815,4. აშშ), ვლადიმერ კრამნიკი(2811, რუსეთი), სერგეი კარიაკინი(2783, რუსეთი), შახრიარ მამედიაროვი(2772, აზერბაიჯანი), მაიკლ ადამსი(2761, ინგლისი), პენტალა ჰარიკრიშნა(2755, ინდოეთი), პაველ ელიანოვი(2751, უკრაინა), რადოსლავ ვოიტაშეკი(2745, პოლონეთი), ვესელინ ტოპალოვი(2741, ბულგარეთი) და თეიმურ რაჯაბოვი(2710, აზერბაიჯანი) .
მემორიალი ერთ წრედ, ცხრა ტურად ჩატარდა. 5.5 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მამედიაროვმა მოიპოვა, რომელმაც მეორე-მეოთხე ადგილებზე გასულ ტოპალოვს, სოსა და კრამნიკს ნახაევარი ქულით გაუსწრო. ბოლო, მეცხრე ტურში ტოპალოვს, რომელიც მამედიაროვს ეთამაშებოდა, გამარჯვების შემთხვევაში შეეძლო პირველ ადგილზე გასვლა, მაგრამ მხოლოდ ყაიმს დასჯერდა და მეორე ადგილით დაკმაოფილდა.
გაშიმოვის მემორიალი ორჯერ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია) მოიგო, ერთხელ კი მამედიაროვს ჰქონდა მოგებული. მეოთხე მემორიალის მოგების შემდეგ მამედიაროვი კარლსენს გაუთანაბრდა.
ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ელიანოვი - კრამნიკი 0:1
რაჯაბოვი - კარიაკინი 0.5:0.5
ჰარიკრიშნა - სო 0.5:0.5
მამედიაროვი-ტოპალოვი0.5:0.5
ადამსი - ვოიტაშეკი 0.5:0.5
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.მამედიაროვი 5,5 ქულა
2-4.ტოპალოვი, სო, კრამნიკი 5.0-5.0
5-7.ვოიტაშეკი, ადამსი, კარიაკინი 4.5-4.5
8.რაჯაბოვი 4.0
9-10. ჰარიკრიშნა, ელიანოვი 3.5-3.5