ჭიდაობა

10:25 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატს გოგავა და მარსაგიშვილი გახსნიან

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში საჭიდაო ხალიჩები გაიშალა და დღეიდან 7 მაისის ჩათვლით, თავისუფალ, ქალთა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის 2017 წლის ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან. ევროკონკურენციაში 16 ქართველი მამაკაცი ჩაებმება.

დღეს საპრიზო სამეულები თავისუფალ ჭიდაობაში, 57 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. საქართველოს ნაკრებს ამ წონებში ოთარ გოგავა (57 კგ) და დავით მარსაგიშვილი (86 კგ) წარმოადგენენ.

57 კილოგრამის სატურნირო ბადეში 16 მონაწილე ჩაეწერა და შეჯიბრება მერვედფინალით დაიწყება. გოგავა ევროპის ჩემპიონატს ებრაელ ჰოლუბთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი სომეხი ბარსეგიანისა და თურქი ატლის წყვილიდან გასულს დაეჭიდება.

რუსეთის ნაკრების წევრი ზაურ უგუევი და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ და მათი და გოგავას გზები ერთმანეთს ფინალამდე არ კვეთს.

ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2012 და 2013) დავით მარსაგიშვილიც მერვედფინალით დაიწყებს. მეტოქედ კი ფინელი ჰეინო ეყოლება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში შვეიცარიელ რეიჩმუსსა და მოლდოველ ბალაურს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი მარსაგიშვილის სავარაუდო მეტოქეთაგან რუსეთის ნაკრების წევრი დაურენ კურგულიევი უნდა გამოვარჩიოთ.

86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროკონკურენციაში სულ 18 მოჭიდავე ჩაება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირი ტრანსლაციის, შედეგებისა და ბადეების ბმული

0.114629