„ზაუბერმა“ დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან, მისი ბოლიდები „ფერარის“ წინა წლის ძრავებია ნაცვლად, „ჰონდას“ აგრეგატებით აღიჭურვება. იმის ფონზე, რომ იაპონურ კომპანიას ექსკლუზიური პარტნიორული ურთიერთობა „მაკლარენთან“ აქვს, „ზაუბერი“ მისი ძრავების მომახრებლის როლში იქნება. ამგვარად, „ჰონდას“ ძრავებს, რომლებიც არც სიმძლავრით გამოირჩევა და არც გამძლეობით, მეორე მომხმარებელი გამოუჩნდა.
„ზაუბერს“ გასულ სეზონში მფლობელი შეეცვალა და მას შემდეგ რეორგანზაციის პროცესშია. ამიტომ „ფერარისთან“ ძველ ძრავებზე გარიგებაც დროებითი ნაბიჯი იყო. შვეიცარიულმა გუნდმა „ჰონდასთან“ მოლაპარაკება მარტში დაიწყო და მასთან შეთანხმებას შედარებით მოკლე დროში მიაღწია. ამგვარად, დასრულდა „ზაუბერის“ და „ფერარის“ ხანგრძლივი თანამშრომლობა, რომელმაც სტარტი 2010 წელს აიღო.
როგორც „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი ამბობს, მის გუნდს „ჰონდასთან“ ტექნოლოგიური პარტნიორობა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი იაპონური კომპანიისგან უახლეს ძრავებს მიიღებს და მათ სრულყოფაშიც დაიდებს წილს. მათი პარტნიორობის პერიოდზე კონკრეტული არაფერი თქმულა, თუმცა კალტენბორნი მრავალწლიან თანამშრომლობას ახსენებს:
„ზაუბერისთვის დიდი პატივია, რომ უახლოეს სეზონებში „ჰონდასთან“ მუშაობის შესაძლებლობა ექნება. ახალი მფლობელობის ქვეშ ჩვენი გარდაქმნა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და ეს უფრო შესამჩნევი „ჰონდასთან“ პარტნიორობის დაწყების შემდეგ გახდება. „ჰონდას“ წარმატებული მომავლისკენ უჭირავს გეზი და გვიხარია რომ ამ გზაზე მათთან ერთად ვიქნებით. და მადლობას ვუხდით „ჰონდას“ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა შესაძლებელი გახდა“.
თავის მხრივ, „ჰონდასთვის“ მეორე გუნდთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. იაპონური კომპანია თავისი აგრეგატებისთვის უფრო მეტ ტელემეტრიულ მონაცემებს მიიღებს, რაც სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია.







