საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ იზმირში 28-30 აპრილს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - "Victory Cup" 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ჩხიკვაძე (54 კგ) და ხვიჩა ანანიძე (58 კგ) ავიდნენ. ფინალში ორივემ თურქი მეტოქე დაამარცხა. ჩხიკვაძემ კადირ კამალი (2:1), ხოლო ანანიძემ - მუსტაფა ილდირიმი (9:1).
გურამ აბრამიშვილს (46 კგ), ბექა ბეშიძესა (63 კგ) და ლუკა ხუციშვილს (85 კგ) ჩემპიონობამდე თითო მოგება დააკლდათ და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. ბექა გურულმა (58 კგ) და გოგა პერტახიამ (63 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ტურნირში მონაწილეობა 15 ქვეყნის 400-ამდე სპორტსმენმა მიიღო და საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.