ვალტერი ბოტასმა ფორმულა 1-ში გამარჯვებების ანგარიში გახსნა - სოჭის დიდ პრიზზე შესანიშნავად აღებული სტარტის და უშეცდომოდ ჩატარებული რბოლის შემდეგ, ფინიშთან პირველი სწორედ ის მივიდა და გამარჯვების შხაპიც დამსახურებულად მიიღო. ფინელმა მრბოლმა თავისი პირველი გამარჯვება, 81-ე რბოლაში მოიპოვა.
მართალია, სებასტიან ფეტელმა პოულ პოზიციის გამოყენება ვერ შეძლო, მაგრამ სოჭში დაკავებული მეორე ადგილით, ჩემპიონატში ლიდერის პოზიცია უფრო განიმტკიცა. ის ახლა უკვე 13 ქულას უგებს ბოტასის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, რომელმაც რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. რბოლის წინ მათ 7 ქულა აშორებდა.
სტარტზე ფეტელს ცუდი რეაქცია არ გამოუვლენია, მაგრამ ბოტასი შეუდარებელი იყო. მან ორივე „ფერარი“ პირველ მოსახვევამდე ჩამოიტოვა. კიმი რაიკონენს სტარტი ყველაზე მეტად გაუჭირდა - მას ერთდროულად სამმა მეტოქემ შეუტია, მაგრამ სამივეს გაუმკლავდა და უფრო მეტიც, ერთხელ ფეტელთან გაპაექრებაც სცადა. მერე კი რომენ გროჟანმა (ჰაასი) და ჯოლიონ პალმერმა (რენო) გზა ვერ გაიყვეს და სანამ მარშლები მათი მანქანების ნამსხვრევებისგან ტრასას წმენდნენ, პელოტონს სათავეში უსაფრთხოების მანქანა ედგა. და მას შემდეგ, რაც მან ტრასა დატოვა, ლიდერთა შორის პოზიციური ბრძოლა განახლდა.
აქ ერთი რამეც უნდა აღინიშნოს. რა სოჭში რბოლები ტარდება, არცერთ წრეს არ ჩაუვლია ისე, რომ ლიდერი „მერსედესის“ პილოტი არ ყოფილიყო. ეს ტრადიცია ამჯერად დაირღვა მას შემდეგ, რაც ბოტასმა 28-ე წრეზე პიტ სტოპი შეასრულა. ფეტელმა ეს შვიდი წრის შემდეგ გააკეთა და ამ შვიდ წრეზე სწორედ ის იყო ლიდერი. გვიან შესრულებული პიტ სტოპის წყალობით (ახალი საბურავები), რბოლის ბოლო მონაკვეთში ფეტელმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, რისი წყალობითაც 45-ე წრეზე მათ შორის უკვე დაახლოებით წამი იყო. მაგრამ DRS-ის ზონამდე მისაახლოებლად, ფეტელს კიდევ რამდენიმე წრე დასჭირდა.
რბოლის მიწურულს, წრეზე ჩამორჩენილი ფელიპე მასას გასწრებისას, ფეტელმა მცირე დრო დაკარგა, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, უშეცდომოდ მოასპარეზე ფინელის გასწრება მოეხერხებინა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კი თავის კოლეგას უწმაწური ჟესტით „გაუმასპინძლდა“.
„დიდი დრო დამჭირდა. მოცდად ღირდა. ეს შესაძლებლობა ზამთარში მივიღე, როცა ამ გუნდში გადასვლის შესაძლებლობა მომეცა. და მინდა ამის გამო, მათ მადლობა გადავუხადო. ეს პირველი გამარჯვებაა, რომელსაც იმედია, ბევრი მოჰყვება“, - რბოლის შემდგომ განაცხადა ბოტასმა.
ავსტრალიის 2013 წლის დიდი პრიზის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფინელმა მრბოლმა დაიკავა. ბოტასამდე ეს რაიკონენმა შეძლო, ვინც მაშინ „ლოტუსში“ გამოდიოდა. კიმიმ ამჯერად კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა. მან უკან ჰამილტონი ჩამოიტოვა, რომელსაც რბოლის სტარტიდან პრობლემები (გადახურება) ჰქონდა. მისი თქმით, გასული სეზონის ბაქოს რბოლის შემდეგ, ეს მისთვის ურთულესი რბოლა იყო.
სოჭის დიდი პრიზი
დისტანცია 309.745 კმ (53 წრე, 5.848 კმ)
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:28:08.743
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:00.617
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:11.000
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:36.320
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 01:00.416
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:26.788
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 01:35.004
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 01:36.188
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 2 წრე
გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 47 წრე
გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 52 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 52 წრე
ს.გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 52 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა; ს.გ - სტარტის გარეშე
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:36.844, 49-ე წრე
მრბოლთა კილასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 86 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 73; 3. ვალტერი ბოტასი - 63; 4. კიმი რაიკონენი - 49; 5. მაქს ფერსტაპენი - 35; 6. დანიელ რიკარდო - 22; 7. სერხიო პერესი - 22; 8. ფელიპე მასა - 18; 9. კარლოს საინსი - 11; 10. ესტებან ოკონი - 9; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 12. რომენ გროჟანი - 4; 13. კევინ მაგნუსენი - 4; 14. დანილ კვიატი - 2
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 136 ქულა; 2. ფერარი - 135; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 57; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 31; 5. უილიამს-მერსედესი - 18; 6. ტორო როსო-რენო - 13; 7. ჰაას-ფერარი - 8; 8. რენო - 6; 9. ზაუბერ-ფერარი - 0; 10. მაკლარენ-ჰონდა - 0







