მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ იტალიელი გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატიდან ოთხის მოგება მოახერხა. სარეკორდო ციფრს კარლომ გუშინ უწია, როდესაც გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, "ბაიერნმა" ოფიციალურად გაინაღდა ბუნდესლიგის ჩემპიონობა.
მანამდე, ანჩელოტის იტალიის სერია A ("მილანში" 2004 წელს), ინგლისის პრემიერლიგა ("ჩელსიში" 2010 წელს), საფრანგეთის ლიგა 1 (პსჟ-ში 2013 წელს) მოუგია.
ერთადერთი ჩემპიონატი, რომელიც ანჩელოტის ტრიუმფით არ დასრულებულა, ესპანეთის ლა ლიგაა. არადა, 2013-2015 წლებში მადრიდის "რეალს" ავარჯიშებდა, მაგრამ გუნდმა ჩემპიონის ტიტული სამშობლოში ვერ მოიგო. სამაგიეროდ, "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.