პაულო დიბალას სურს, “იუვენტუსის” სიმბოლო გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს ისეთი კლუბები იჩენდნენ, როგორებიც “ბარსელონა” და “რეალია”, არგენტინელმა კონტრაქტი “ბებერ ქალბატონთან” 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
“ატალანტასთან” 2:2 დასრუყლებული მატჩის შემდეგ დიბალამ კომენტარი Sky Italia-სთან გააკეთა და თქვა, რომ სურს, დელ პიეროს მსგავსად, მასზეც ისევე ილაპარაკონ წლების შემდეგ.
“დელ პიერო არის მაგალითი. რთული იქნება მის კვალდაკვალ სიარული, თუმცა შევეცდები. 10 ნომერი? ყოველთვის მიმაჩნდა, რომ “21” ძალიან მნიშვნელოვანია და მე პატივს ვცემ ამ რიცხვს. არასდროს მომითხოვია 10-ნომრიანი მაისური, თუმცა, მისი ტარება დიდი პატივი იქნებოდა. მინდა ვიყო “ბიანკონერის” სიმბოლო”, - თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015-2016 წლების სეზონში “პალერმოდან” გადავიდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო.