დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი მასპინძლობდა.
ტურნირის 265 მონაწილეს შორის ორი ქართველი მოჭადრაკე, ქართველებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის (2712) მქონე ბაადურ ჯობავა და სოფო გურამიშვილი (2363) მონაწილეობდნენ. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 10 ტურად ჩატარდა.
ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ჯობავამ, რომელიც რეიკიავიკში ანიშ გირისა (2771, ჰოლანდია) და დმიტრი ანდრეიკინის (2734, რუსეთი) შემდეგ მესამე ნომრად იყო განთესილი, თავიდან კარგად დაიწყო და ლიდერთა შორის იმყოფებოდა. ბოლოსწინა, მეცხრე ტურში მომავალ ჩემპიონ გირთან დამარცხდა, ბოლო ტურში ინდოელ აბიჯეეტ გუფთასთან (2607) წააგო და ერთ დროს ლიდერთა შორის მყოფმა აპარეზობა 6,5 ქულით 35-ე ადგილზე დაასრულა.
პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ანიშ გირმა მოიპოვა, რომელმაც ყველაზე მეტი - 8,5 ქულა დააგროვა. 8,0-8,0 ქულით შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე იორდენ ვან ფორესტი (25840, ჰოლანდია) და სერგეი მოვსესიანი (2667) გავიდნენ.
რაც შეეხება გურამიშვილს, სოფიკო ბოლო ტურში ბრაგ ტორჰინსონთან (2457, ისლანდია) დამარცხდა და 6,0 ქულით 70-ე ადგილი დაიკავა.