ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ საპლეიოფო სერიის მე-4 მატჩიც მოუგო „პორტლენდს“ და შემდეგ წრეში გავიდა. ოკლენდელებმა პლეი ოფის პირველი რაუნდი უპრობლემოდ გაიარეს და დღეს პორტლენდში მოპოვებული გამარჯვებით სერია მშრალი ანგარიშით - 4:0 მოიგეს.
ეს მატჩი სერიაში საუკეთესო გახლდათ ქართველი ცენტრისთვის. ფაჩულიამ თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და პლუს 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. ოკლენდელთა ქართველი ცენტრი 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
რაც შეეხება მატჩს, ის სტუმართათვის საკმაოდ იოლი გამოდგა. პირველი პერიოდის 45:22 მოგების შემდეგ ოკლენდელებმა მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. დარჩენილ დროში ბევრი არაფერი შეცვლილა. „პორტლენდი“ მდევრის როლში იყო და ამაოდ ცდილობდა მწყობრად მოთამაშე „გოლდენ სტეიტთან“ მიახლოვებას. საბოლოოდ, კალიფორნიულმა კლუბმა 128:103 იმარჯვა და პლეი ოფის მეორე წრეში, ანუ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა.
„გოლდენ სტეიტს“ ამ მატჩში დაუბრუნდა კევინ დიურანტი, რომელიც მხოლოდ 20 წუთი ათამაშეს. დიურანტს ჯაფა არ დასდგომია, ისე დამაჯერებლად თამაშობდნენ მისი თანაგუნდელები, რომელთაგან 37 ქულით, 8 პასით და 7 მოხსნით საუკეთესო სტეფ კარი იყო. 21 ქულა მიითვალა დრეიმონდ გრინმა, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.
სერიის 4:0 მოგებით „გოლდენ სტეიტი“ პლეი ოფში ნაადრევად გავიდა და მომავალი ბრძოლისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო აქვს. ოკლენდელები ელიან „კლიპერსსა“ და „იუტას“ შორის გამარჯვებულს, სადაც სერიის ანგარიში ჯერ 2:2-ია.
gbf.ge