ფეხბურთი

10:11 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალები დარასელიას თასზე (+VIDEO)

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გუშინდელი დღე ნახევარფინალებს დაეთმო. პირველი მატჩი თბილისის დინამოსა და ტრაბზონსფორს შორის გაიმართა. შეხვედრა მაღალ ტემპში და დაძაბულად წარიმართა. სათამაშო უპირატესობას მეტწილად მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა სტუმრები საკმაოდ მწვავე კონტრშეტევებს ათამაშებდნენ და მეორე ტაიმში დელიმეჰმეტმა ზუსტად გამოიყენა ორი საგოლე შანსი, არადა პირველ ნახევარში თბილისელებმა არაერთი საგოლე სიტუაცია გაატანეს ქარს. მეორე ტაიმში გაშვებული გოლების შემდეგ დინამომ უმატა შეტევებს. ისევ რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი და საბოლოოდ 65- ე წუთზე ხარაბაძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. დინამოელები შტურმზე გადავიდნენ, თუმცა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლეს. თბილისელები დღეს ზაგრების დინამოს ხვდებიან.

დინამო 1:2 ტრაბზონსფორი

გოლი: 0:1 დელიმეჰმეტი 38’ 0:2 დელიმეჰმეტი 47’ 1:2 ხარაბაძე 65’

გაფრთხილება: კვარაცხელია, ხარაბაძე, აჩილი, გიური, ასანი, კოჩი, კული

გაძევება: გური 63’

დინამო: მამარდაშვილი, ხარშილაძე, ჯანგიძე (ჭავჭანიძე 45), ხარაბაძე, დარცმელია, კვარაცხელია (იაკობიძე 59), მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წაქაძე (ჩარკვიანი 36), მელიქიშვილი (ჯანგველაძე 45), ბაბუნაძე (ლომთაძე 67)

ტრაბზონსფორი: აკბულუტი, ულუ, ილდირგანი, ბაში (გიური 59), ბილგინი, იუჯე, კოჩი, დელიმეჰმეტი, აჩილი, კული, ასანი

მეორე მატჩში ზაგრების დინამო და გაბალა წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. უფრო მეტად ხორვატები აქტიურობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ აზერბაიჯანელებმა შედეგიანად გამოიყენეს ერთ-ერთი შეტევა და 42- ე წუთზე გურბანოვმა ანგარიშიც გახსნა, რომელიც აღარ შეცვლილა და გაბალამ ზაგრების დინამოს მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა. დღეს 12.00 საათზე აზერბაიჯანელები თურქეთის ტრაბზონსფორს დაუპირისპირდებიან.

დინამო ზაგრები 0:1 გაბალა

გოლი: 0:1 გურბანოვი 42’

გაფრთხილება: ბრაუნი, ნადიროვი, ისაზადა, მაჰარამოვი

დინამო ზაგრები: ვიდოვიჩი, ბრაუნი, რადონია, ჰასიჩი (იანჩიჩი 36), სტრანპუტი, ბიკანიჩი (იანკოვიჩი 45), იურიშიჩი, მიჰალიევიჩი, კრიზმანიჩი, იელენიჩი (ბეჰრამი 55), კაპიტანოვიჩი

გაბალა: ზულფუგარლი, ინგილაბლი, გურბანოვი, ორუჯლუ (ალიევი 70), თაღიევი (ალასგაროვი 53), ისაზადა, ნურუიევი, მურადოვი (აბდულაევი 53), მურსალოვი (ჯამალოვი 51), ნადიროვი, მაჰარამოვი (ნაჯიზადა 60)

მესამე შეხვედრაში ტურნირის ფინალის საგზური თამაშდებოდა. გენტისა და აზ ალკმაარის შეხვედრამ მთლიანად გაამართლა დინამოს აკადემიაში შეკრებილი გულშემატკივრის მოლოდინი. მატჩი საკმაოდ სანახაობრივად და დაძაბულად წარიმართა. ორივე გუნდი თავიდანვე შეეცადა უპირატესობის შექმნას, მაგრამ საგოლე მომენტები პირველ ტაიმში არც ისე ბევრი ყოფილა. ხისტი და აქტიური თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, ალკმაარმა კი მეთოდურად სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. 55- ე წუთზე მოჰამედ ტააბუნი, რომელიც შარშანაც იმყოფებოდა თბილისში, გენტის მეკარესთან პირისპირ გავიდა და გახსნა ანგარიში. ბელგიელები შეეცადნენ წონასწორობის აღდგენას, თუმცა კონტრშეტევაზე ბრამ ფრანკენმა ლამაზი გოლი გაიტანა და ჰოლანდიელებმაც 2:0 იმარჯვეს. დარასელიას თასის მოქმედი ჩემპიონი თასის მეორედ მოსაპოვებლად კიევის დინამოს გაეჯიბრება.

გენტი 0:2 აზ ალკმაარი

გოლი: 0:1 ტააბუნი 55’ 0:2 ფრანკენი 68’

გაფრთხილება: ალფონს დიდიუ, ფრანკენი

გენტი: ვერბრიუგე, ბერბენი, დე გრუვე (ტიბო 53), დენსი, დეშეპერი (დე სმეტი 70), მასისა, ალფონს დიდიუ, ვანდეკანდელარი, ბორგრაფი (ვან დალე 70), ლოკი, ნოვინჩანოვი

აზ ალკმაარი: ბაკერი, ბიბეროღლუ (ლო ნინგ-ჰინგი 54), დეკერსი (ელ გუბლი 60), ფრანკენი, გემელი, გუდმინი, კარგი, ბაასი, იანსენი (ნიმერმეერი 28), ტააბუნი (ელიასარი 68), ვან დერ ჰეიდენი

დღის ბოლო შეხვედრაში ფინალური მატჩის მეორე საგზური კიევის დინამომ და მილანის ინტერმა გაითამაშეს. მატჩი უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს და მესამე წუთზევე იაროსლავ ნადოლსკის გოლით დაწინაურდნენ. ოციოდე წუთში ნადოლსკიმ დუბლი შეასრულა და იტალიელებს საკმაოდ გაურთულა საქმე. მეორე ტაიმში კიეველებმა ტემპი შეინარჩუნეს. ზავჰოროდნიმ და დეროგანმა კიდევ გაიტანეს გოლები და საბოლოოდ მილანელებს 4:0 აჯობეს.

ინტერი მილანი 0:4 დინამო კიევი

გოლი: 0:1 ნადოლსკი 3’ 0:2 ნადოლსკი 23’ 0:3 ზავჰოროდნი 42’ 0:4 დეროგანი 65’

გაფრთხილება: ტორდინი

ინტერი მილანი: პოცერი, ოფე (კარტა 44), ვაგი, ნტუბე (კრასნიკი 44), კოლომბინი (ტორდინი 53), კაიგანიჩი, პოიანი (დუსე 60), მიტრეა, მარიანი, როსი (ბრიგატი 60), ვერგანი (ფერო 53)

დინამო კიევი: მორგუნი, ბილოვარი (ბილიკი 62), ბოდნია (ჰუროვი 44), იეფიმენკო (შულიანსკი 18), მიხაილენკო (ბუცენკო 62), ნადოლსკი, ხონდაკი, პინჩუკი, იაროში (ვოლოშინი 62), დუჰოტა, ზავჰოროდნი (დეროგანი 53)

ამრიგად დარასელიას თასის ფინალში დინამო კიევი მოქმედ ჩემპიონ ალკმაარს დაუპირისპირდება. ფინალი დღეს, დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. მესამე ადგილისთვის მატჩში მილანის ინტერი და გენტი ითამაშებენ. ეს თამაში დინამოს აკადემიის მოედანზე 14.00 საათზე დაიწყება.

fcdinamo.ge

0.118896