ჭიდაობა

10:45 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყველა ოქრო საქართველოსია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ელჩეში გამართულ საერთშორისო ტურნირზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - შვიდივე წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. სამ წონით კატეგორიაში კი სულაც ქართული ფინალი შედგა. 7 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის მომგებმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 70 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 14 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს - ესპანეთს. მესამეზე კი პოლონეთი გავიდა, 33 ქულით.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: რამაზ თურმანიძე (55 კგ), თეიმურაზ ვანიშვილი (60 კგ), ივერიკო ჯულაყიძე (66 კგ), მირზა სხულუხია (74 კგ), ნიკა კენჭაძე (84 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ).

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართულ ფინალებში რამაზ თურმანიძემ, ივერი ჯულაყიძემ და ნიკა კენჭაძემ თანაგუნდელები გოგა ძიგუა, ედემი ბოლქვაძე და ზაურ ბერაძე დაამარცხეს. თეიმურაზ ვანიშვილმა ესპანელ კარლოს გარსიას აჯობა, მირზა სხულუხიამ - პოლონელ სებასტიან ბაკს. 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა და ზურიკო ურთაშვილმა კი ერთნაირი ანგარიშით - 10:0 მოუგეს ესპანელებს ლოპეზ ფერნანდესსა და დიეგო იგლესიას კუევასს.

ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში მწვრთნელებმა გელა საღირაშვილმა, ბელდუხ გავაშელიშვილმა და თეიმურაზ მინდიაშვილმა ჩაიყვანეს.

0.114129