კალათბურთი

23:42 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

არ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც მოიგო

მიმდინარე ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა და თასის ფინალისტმა ,,ქუთაისმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,მგზავრებს“ უმასპინძლა. რადგან მასპინძლებმა რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილი და პლეი-ოფში თამაშის უფლება ვადაზე ადრე გაინაღდეს , ამ თამაშის შედეგს, მისი მეტოქისაგან განსხვავებით, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მეტოქეთა განსხვავებული მიზნების მიუხედავად, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 18 ქულის სხვაობით 25:7 დაწინაურდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი შეხვედრის დასაწყისშივე გადაწყდა. მართალია, ,,მგზავრებმა“ მეორე მეოთხედში გაიბრძოლეს და ანგარიშში სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მესამე მეოთხედში უპირატესობას ისევ ,,ქუთაისი“ დაეუფლა და სამი მეოთხედის შემდეგ 66:46 დაწინაურდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 87: 72 მასპინძელთა სასარგებლოდ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 26 ქულა ,,მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა კორი ალენმა დააგროვა. რაც შეეხებათ მასპინძლებს, კოტე ტუღუშის შეგირდებმა გუნდური თამაში აჩვენეს და ხუთმა მათგანმა 10-ზე მეტი ქულა დააგროვა. მათ შორის 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ბექა ბექაური იყო.

,,ქუთაისი“-,,მგზავრები“ 87:72 (25:7, 17:27, 24:12, 21:26)

0.113744