ფეხბურთი

15:37 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ ახლოს ნახევარფინალთან და ხავსს ჩაჭიდებული „დორტმუნდი“

„დორტმუნდისა“ და „მონაკოს“ პირველმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა და ზუსტად ისეთი ლამაზი სანახავი გამოდგა, როგორსაც ველოდით. თუმცა, შეხვედრას წინ უძღოდა ტერორისტული აქტები, რამაც გერმანელთა მცველის მარკ ბარტრას დაშავება და მატჩის ერთი დღით გადატანა გამოიწვია. ამ ფაქტმა სხვათა შორის, ტომას ტუხელი გააბრაზა.

ასე იყო თუ ისე, „სიგნალ იდუნა პარკზე“ „მონაკომ“ კილიან მბაპეს დუბლითა და სვენ ბენდერის ავტოგოლით გაიმარჯვა (3:2) და ახლა ნახევარფინალთან ძალიან ახლოსაა. თანაც, აქამდე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ორად-ორი შემთხვევა იყო, როდესაც მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე დათმო: 1995-1996 წლების სეზონის ნახევარფინალში „აიაქსმა“ შინ 0:1 წააგო „პანათინაიკოსთან“, მაგრამ სტუმრად მოიგო 3:0 და 2010-2011 წლების სეზონის მერვედფინალში „ინტერმა“ „ბაიერნთან“ ჯერ 0:1 დათმო სახლში და მერე გასვლაზე იმძლავრა - 3:2.

„მონაკოს“ ძალიან კარგი შანსი აქვს ნახევარფინალს 2004 წლის შემდეგ პირველად უწიოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ „თავადები“ ჩინებულ ფორმაში არიან, მართლაც ყველაფერი რეალურია. ლეონარდო ჟარდიმის გუნდს მიჯრით ოთხი მატჩი აქვს მოგებული და ლიგა 1-ში ერთპიროვნულად ლიდერობს. თავის მხრივ, „ბორუსია“ ბუნდესლიგაში მხოლოდ მეოთხე პოზიციას იკავებს და ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოდენ ორჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.

უეფას ტურნირებზე პლეი-ოფის ეგიდით მხოლოდ 100 შემთხვევა იყო აქამდე, როდესაც სტუმარმა გუნდმა პირველ მატჩში 3:2 გაიმარჯვა. აქედან 97 (97%) შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლაც მოახერხა. მხოლოდ 3-ჯერ შეძლეს შინ 2:3 წაგების მერე გუნდებმა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება (3%).

ლეონარდო ჟარდიმი („მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი სათამაშო სტილი არ შეიცვლება - ველით ძლიერ „დორტმუნდს“, რომელსაც როისი და კასტრო დაუბრუნდა, ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე მათთვის.

მთელი თამაში კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ნახევარფინალამდე 90 წუთი გვაშორებს, მაგრამ ჩვენი მეტოქეც ზუსტად იგივე სიტუაციაშია.

ტომას ტუხელი („დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი): „თუ კარგად ვითამაშებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. შეგვიძლია მოვიგოთ ორი ბურთის სხვაობით - მთავარია ბალანსი ვიპოვოთ თავდასხმასა და დაცვას შორის.

ჩვენ შემტევი გუნდი გვყავს და ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით. თუმცა, აუცილებელია, რომ ბურთი ხშირად დავკარგოთ, რომ გამოირიცხოს ისეთი გოლები ჩვენს კარში, როგორიც „მონაკომ“ გაგვიტანა (მესამე გოლი). შევუტევთ პირველიდან 90-ე წუთამდე“.

სავარაუდო შემადგენლობები:

მონაკო, „ლუი II”

19 აპრილი, 22:45 საათი

„მონაკო“ (4-4-2): შუბაშიჩი; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი; ბერნარდო სილვა, ბაკაიოკო, მოუტინიო, ლემარი; ფალკაო, მბაპე

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

„დორტმუნდი“ (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბენდერი, შმელცერი; ვეიგლი; დემბელე, კასტრო, როისი, გუერეირო; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ურთიერთშეხვედრები

„დორტმუნდისა“ და „მონაკოს“ გზები ისტორიაში პირველად წელს გადაიკვეთა და შესაბამისად, მათი პირველი დაპირისპირებაც ერთი კვირის წინ შედგა.

სტატისტიკა

„მონაკო“

„მონაკო“ მეოთხედფინალში მეხუთედ თამაშობს. წინა ოთხი შემთხვევიდან ნახევარფინალში ორჯერ გავიდა, ხოლო ორჯერ ტურნირს დაემშვიდობა.

„მონაკო“ ასევე ნახევარფინალში გავიდა 1993-1994 წლების სეზონში, თუმცა მაშინ ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა. ჯგუფში რვა გუნდი იყო და პირველ-ორ ადგილზე გასული ავტომატურად იღებდა ნახევარფინალში თამაშის უფლებას.

„მონეგასკები“ მეოთხედფინალში ბოლო სამი სეზონიდან მეორედ გავიდნენ. ორი წლის წინ, ამავე ეტაპზე „იუვენტუსთან“ დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში (0:1). აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში მაშინ „არსენალი“, ამჯერად კი მეორე ინგლისური გუნდი, „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხეს.

„მონაკო“ გახდა მეცხრე გუნდი, რომელმაც მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა მას მერე, რაც პირველი თამაში ორბურთიანი სხვაობით წააგო. საგულისხმოა, რომ ფრანგებმა ასეთი რამ მეორედ გააკეთეს: პირველად 2004 წელს „რეალთან“ (2:4, 3:1). ასევე ორჯერ აქვს იგივე რამ გაკეთებული „ბარსელონასა“ და „ჩელსის“.

„მონაკომ“ „სიტისგან“ ექვსი გოლი გაუშვა ორ მატჩში, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. ამით ის გახდა, პირველი გუნდი ლიგაზე, რომელიც მომდევნო ეტაპზე გავიდა ყველაზე მეტი გაშვებული გოლით.

მიმდინარე სეზონში „მონაკომ“ საკუთარ მოედანზე ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო. მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე. ერთადერთი შინ, „ლევერკუზენს“ ვერ მოუგო - 1:1.

მთლიანობაში, სახლში „მონაკო“ გერმანულ გუნდებთან შემდეგნაირად ასპარეზობს: 4 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება. ერთადერთხელ „გლადბახთან“ დამარცხდა 1996-1997 წლების სეზონში უეფას თასზე.

რაც შეეხება ორმატჩიან დუელებს - 3 მოგება, 1 წაგება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საპლეი-ოფო მატჩი გერმანულ გუნდთან 1997 წლის შემდეგ, როდესაც „მონაკო“ „ჰამბურგს“ გაეჯიბრა.

„მონეგასკებმა“ 12 შემთხვევიდან 12-ჯერვე დაძლიეს ბარიერი, როდესაც პირველი მატჩი სტუმრად მოიგეს. ბოლოს ეს მიმდინარე სეზონში, საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა „ვილიარეალთან“ (2:1, 1:0). აქამდე კი, სტუმრად 3:2 არასდროს მოუგია.

„მონაკო“ პენალტების სერიაში (ევროთასებზე): 1 მოგება, 0 წაგება

1989-1990 - თასების თასი, მეოთხედფინალი, „ვალიადოლიდი“ 3:1

„დორტმუნდი“

„დორტმუნდი“ მეოთხედფინალში მერვედ ასპარეზობს და მათ შორის, ბოლო ხუთი სეზონიდან მესამედ. ბალანსი ასეთია: 4 მოგება, 3 წაგება.

ბოლოს „ბორუსია“ ამ ეტაპზე სამი წლის წინ იყო, როდესაც „რეალთან“ გასვლაზე 0:3 წააგო, ხოლო შინ 2:0 გაიმარჯვა და ტურნირს დაემშვიდობა.

ტომას ტუხელის გუნდს გასული სეზონიდან მოყოლებული 12 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ სამი აქვს წაგებული (7 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება).

„დორტმუნდი“ გათამაშებას ხუთი შემთხვევიდან ხუთჯერვე გამოეთიშა, როდესაც პირველი მატჩი სახლში წააგო. ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა 2008-2009 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ ეტაპზე მოხდა - საკუთარი პუბლიკის წინაშე გერმანელები „უდინეზესთან“ 0:2 დამარცხდნენ, მერე გასვლაზე ამავე ანგარიშით მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ, პენალტების სერიაში დამარცხდნენ - 3:4.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „დორტმუნდი“ მეოთხედ გავიდა ევროთასების მეოთხედფინალში. შარშან, ევროპა ლიგის ამავე ეტაპზე ტუხელის გუნდი „ლივერპულთან“ ორი მატჩის ჯამში (4:5) დამარცხდა. გამარჯვება კი, ერთადერთხელ მოიპოვა, 2013 წელს, „მალაგასთან“ (0:0, 3:2).

„დორტმუნდი“ ფრანგულ გუნდებთან ორმატჩიან დუელებში ასეთნაირად თამაშობს: 3 მოგება, 1 წაგება. ერთადერთი მარცხი 2004 წელზე მოდი, უეფას თასზე „სოშოსთან“ (2:6).

საფრანგეთში კი, „ბორუსია“ შემდეგნაირად ასპარეზობს: 2 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. ბოლო გამარჯვება 2013 წლით თარიღდება მარსელის „ოლიმპიკთან“. სხვათა შორის, იგივე „ოლიმპიკი“ ჰყავს მას დამარცხებული 2011 წელს გასვლით შეხვედრაში.

ბოლო ექვსი მატჩიდან კი, „დორტმუნდს“ საფრანგეთში ერთადერთი აქვს მოგებული (2 ფრე, 3 წაგება).

„დორტმუნდი“ პენალტების სერიაში (ევროთასებზე): 2 მოგება, 2 წაგება

2008-2009 - უეფას თასი, პირველი ეტაპი, „უდინეზე“ 3:4

2003-2004 - ჩემპიონთა ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, „ბრიუგე“ 2:4

1999-2000 - უეფას თასი, მესამე ეტაპი, „რეინჯერსი“ 3:1

1992-1993 - უეფას თასი, ნახევარფინალი, „ოსერი“, 6:5

გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები

პიერ-ემერიკ ობამეიანგი 2010-2011 წლების სეზონში “მონაკოში” თამაშობდა და 10 მატჩში ორი გოლი გაიტანა ლიგა 1-ში. მაშინ გაბონელი “მილანს” ჰყავდა განათხოვრებული საფრანგეთში.

ობამეიანგი ასევე იჯარით თამაშობდა “დიჟონში”, “ლილსა” და “სენტ ეტიენში”. მთლიანობაში მან საფრანგეთში 87 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 2013 წელს “დორტმუნდში” გადავიდა.

იმავე ობამეიანგს “მონაკოს” კარში “ლილისა” და “სენტ ეტიენის” მაისურით 2009 და 2011 წლებში აქვს გოლი გატანილი.

უსმან დემბელეს ლიგა 1-ში 26 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი, როდესაც “რენის” რიგებში გამოდიოდა. 2016 წლის 24 აპრილს, “მონაკოსთან” დემბელეს “რენი” დაზავდა (1:1).

რაფაელ გუერეირო კარიერა “კაენში” იწყებდა და ლიგა 2-ში 38 თამაშიც ჩაატარა. 2012-2013 წლების სეზონში მან “მონაკო” ორჯერ დაამარცხა (3:0, 1:0). 2013-2016 წლებში კი, იგი “ლორიენში” გამოდიოდა და 110 მატჩიც ჩაატარა. “მონაკოსთან” მისი პირადი ბალანსი ასეთია: 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

“მარსელის” რიგებში ბენჟამენ მენდის “დორტმუნდთან” ორჯერ წაუგია (0:3, 1:2). ეს 2013-2014 წლების სეზონში მოხდა.

გონსალო კასტრო კი, თავის მხრივ, “ლევერკუზენში” თამაშის დროს ორჯერ დამარცხდა “მონაკოსთან” (0:1, 0:1). 2013 წლის მაისში რადამე ფალკაოს გოლით “ატლეტიკომ” მარკ ბარტრას “ბარსელონას” აჯობა (2:1).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

უსმან დემბელე და კილიან მბაპე, ტომას ლემარი, ბენჟამინ მენდი და ჯიბრილ სიდიბე (საფრანგეთი).

ჟოაო მოუტინიო, ბერნარდო სილვა და რაფაელ გუერეირო (პორტუგალია).

ლუკაშ პიშჩეკი და კამილ გლიკი (პოლონეთი).

0.146633