უეფას ჩემპიონთა ლიგა კიდევ ორი ნახევარფინალისტის მოლოდინშია. მათგან ერთ-ერთი ან ტურინის „იუვენტუსი“ იქნება, ან კატალონიის „ბარსელონა“. იტალიაში გამართული მატჩიდან გამომდინარე „ბებერი ქალბატონის“ შანსი უფრო რეალურია, თუმცა მერვედფინალში „ბარსამ“ დაამტკიცა, რომ მისი ნაადრევად ჩამოწერა არამც და არამც შეიძლება.
„ბარსელონა“ რთული ამოცანის წინაშე კიდევ ერთხელ დგას - ზედიზედ მეორედ ლუის ენრიკეს გუნდს სოლიდური ქამბექის შესრულება სჭირდება თუ რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე სურს.
„ბარსელონას“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეჩვიდმეტედ გავიდეს, ხოლო „იუვენტუსი“ მეოთრმეტე ნახევარფინალის მოლოდინში. პირველი თამაში „ბებერმა ქალბატონმა“ 3:0 მოიგო პაულო დიბალას დუბლითა და ჯორჯო კიელინის გოლით.
მიუხედავად ამისა, „ბარსა“ უიმედოდ არ უნდა იყოს, რადგან ცოტა ხნის წინ, „პარი სენ ჟერმენს“ ოთხბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და 0:4 სტუმრად წაგების შემდეგ შინ 6:1 გაიმარჯვა. წინა მატჩში „ბარსელონას“ დისკვალიფიკაციის გამო წამყვანი ფიგურა სერხიო ბუსკეტსი აკლდა, რომელიც გუნდს დღეს დაუბრუნდება. სხვა მხრივ, ტრავმირებულნი არიან არდა თურანი, რაფინია და ალეიშ ვიდალი. რაც შეეხება „იუვენტუსს“ - მასიმილიანო ალეგრი მარკო პიაცას მოსაკლისებს.
თავის მხრივ, დღევანდელ მატჩში ესპანელთაგან ჟერარ პიკე, ნეიმარი, ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი და ლუის სუარესი უნდა მოერიდნონ ყვითელი ბარათის მიღებას, რადგან ნახევარფინალის გამოტოვება მოუწევთ, თუ მათი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო იგივე სიტუაციაში „იუვენტუსის“ მხრიდან სამი ხედირა, ხუან კუადრადო, დანი ალვეში და მარიო მანჯუკიჩი არიან.
ბოლო ხანებში „ბარსელონა“ მაინც და მაინც კარგი თამაშით ვერ დაიკვეხნის. მაგალითისთვის ბოლო ხუთი მატჩიდან კატალონელებმა ორი დათმეს: ტურინში(0:3) და მანამდე მალაგაში (0:2). ლა ლიგის ბოლო ტურში კი, მძიმედ აჯობა საკუთარ მოედანზე სან სებასტიანის „რეალ სოსიედადს“ – 3:2. „ბარსა“ ლა ლიგაში მეორე ადგილზეა და „რეალს“ გარდა იმისა, რომ სამი ქულით ჩამორჩება, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
ტურინულ გრანდს ბოლო სამი შეხვედრა აქვს მოგებული და თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია. „კიევოს“ და „პესკარას“ გონსალო იგუაინის დუბლებით აჯობა (2:0), ხოლო „ბარსელონასთან“ პირველ შეხვედრაზე ყველამ, ყველაფერი ვიცით. თავის მხრივ, მანამდე იყო ორი მოუგებელი თამაში „ნაპოლისთან“: სერია A-ში 1:1 და იტალიის თასზე - 2:3. „იუვე“ თითქმის ჩემპიონია თავის ქვეყანაში, რადგან „რომას“ რვა ქულით უსწრებს, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა.
აქვე, ერთი სტატისტიკური დეტალიც: უეფას ტურნირების პლეი-ოფში ანგარიში 3:0 აქამდე 467-ჯერ დაფიქსირებულა და შემდეგ ეტაპზე 441-ჯერ (94.4%) ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი თამაში სახლში მოიგო, ხოლო პირველ მატჩში სტუმრად დამარხებულმა გუნდმა ქამბექი 26-ჯერ შეასრულა (5.6%). თუმცა, წინა ეტაპზე „ბარსამ“ დაამტკიცა, რომ ეს მხოლოდ მშრალი ციფრებია - პსჟ-სთან, 4:0-ზე „ბარსელონას“ გასვლის შანსი 0%-ად ფასობდა...
ლუის ენრიკე („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „ცხადია, მერჩივნა, რომ გაცილებით მეტი დრო გვქონოდა მოსამზადებლად - პსჟ-სთან თამაშს გავს დღევანდელი მატჩი, თუმცა, რეალურად ახლა ერთი ნაკლები გოლი გვაქვს გასატანი. ვფიქრობ, „იუვენტუსს“ თავისი შანსები ექნება და ამიტომაც, ჩვენ ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ.
თუ მოვახერხებთ ანგარიშის გახსნას შეხვედრის დასაწყისში, მერე მეორე გოლს "კამპ ნოუ" გაიტანს, მესამეს კი, ინერციით გავიტანთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და დარჩენილი ერთი ვარიანტია: შეტევა, შეტევა, შეტევა. გულშემატკივრებს ვურჩევ, რომ მე-80 წუთის შემდეგ სტადიონი არ დატოვონ, რადგან ველოდებით კიდევ ერთ საღამოს, რომელიც ისტორიაში შევა“.
მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ „ბარსელონას“ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი, როგორიც ეს ტურინში იყო. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მთავარი მიზანია, რომ გოლი გავიტანოთ. სიმართლე გითხრათ, „ბარსელონას“ დაცვის სუსტი არმგონია - მათ ერთი კვირა ჰქონდათ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად.
ჩემი გუნდი კარგადაა მომზადებული, რაც შეეხება ცვლილებებს ის შესაძლოა იყოს კიდეც, განსაკუთრებით ტაქტიკის მხრივ. დღეს ჩვენი გამოცდა არაა, მაგრამ კარდიფის გზაზე მნიშნელოვანი მომენტია:
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
19 აპრილი, 22:45 საათი
„ბარსელონა“ (3-4-3): ტერ შტეგენი; მასკერანო, პიკე, უმტიტი; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, სერხი რობერტო; მესი, სუარესი, ნეიმარი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
„იუვენტუსი“ (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა; კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალგერი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
ურთიერთშეხვედრები
11 აპრილის მატჩამდე ბოლოს „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს 2015 წელს, ფინალში დაუპირისპირდნენ. მაშინ კატალონელებმა ივან რაკიტიჩის, ლუის სუარესისა და ნეიმარის გოლებით 3:1 იმარჯვა. ტურინელთაგან თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა.
2015 წლის 6 ივნისს, ბერლინში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა (კომანი 89), მარკიზიო, პირლო პოგბა, ვიდალი (პერეირა 79), მორატა (ლორენტე 85), ტევესი
„ბარსელონა“: ტერ შტეგენი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი (მატიე 90), ინიესტა (ჩავი 78), მესი, სუარესი (პედრო 90), ნეიმარი
ბერლინის ფინალი „ბარსელონას“ მესამე გამარჯვება იყო „იუვენტუსთან“.1991 წელს, როდესაც კატალონელებს იოჰან კრუიფი წვრთნიდათ. მაშინ, „ბარსამ“ ჯიჯი მაიფრედის „იუვეს“ თასების თასის ნახევარფინალში აჯობა საკუთარ მოედანზე (3:1). თავიდან „ბიანკონერი“ პიერლუიჯი კაზირაგიმ დააწინაურა, მაგრამ ხრისტო სტოიჩკოვის დუბლმა და გოიკოეჩეას გოლებმა „ბარსელონას“ მოაგებინა. საპასუხო შეხვედრა „იუვემ“ რობერტო ბაჯოს გოლით მოიგო, მაგრამ ფინალში ესპანელები გავიდნენ.
1985-1986 წლების სეზონშიც უფრო ძლიერი „ბარსელონა“ აღმოჩნდა - ჩემპიონთა თასზე კატალონიაში ყველაფერი ხულიო ალბერტოს გოლმა გადაწყვიტა, ხოლო ტურინში სტივ არჩიბალდიმ და მიშელ პლატინიმ გოლები პირველივე ტაიმში გაცვალეს.
„ბარსელონას“ დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მოედანზე იყო „იუვენტუსის“ წინააღმდეგ 2002-2003 წლების სეზონში. მაშინაც მეოთხედფინალურ ეტაპზე გადაიკვეთა მათი გზები, თუმცა ტრადიცია დაირღვა და ნახევარფინალში „იუვე“ გავიდა. იტალიაში პაოლო მონტეროს მე-16 წუთზე გატანილ გოლს ხავიერ სავიოლამ 78-ე წუთზე უპასუხა.
2003 წლის 9 აპრილს, „დელე ალპიზე“ შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:
„იუვენტუსი“: ბუფონი, ფერარა, ტაკინარდი, მონტერო, ტუდორი (ბირინდელი 61), ტურამი, ძამბროტა (ზალაიეტა 67), დავიდსი, ნედვედი, კამორანეზი, დელ პიერო (დი ვაიო 82)
„ბარსელონა“: ბონანო, რაიციგერი, დე ბური, პუიოლი, ტიაგო მოტა, გაბრი, ჩავი (ხერარდი 74), რიკელმე (მენდიეტა 63), ოვერმარსი (ლუის ენრიკე 83), კლუივერტი, სავიოლა
„კამპ ნოუზე“ გამართულ საპასუხო მატჩში ანგარიში პაველ ნედვედმა გახსნა (53 წუთი), ხოლო ჩავიმ 66-ე წუთზე გაათანაბრა. „იუვე“ 79-ე წუთზე ედგარ დავიდის გაძევების შედეგად მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ დამატებით დროში, 114-ე წუთზე მარსელო ზალაიეტას გოლმა ნახევარფინალის საგზური „ბებერ ქალბატონს“ მოუტანა.
2003 წლის 22 აპრილს, „კამპ ნოუზე“ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„ბარსელონა“: ბონანო, რაიციგერი (ხერარდი 91), დე ბური, ანდერსონი (მენდიეტა 61), პუიოლი, ჩავი, ტიაგო მოტა, ლუის ენრიკე, ოვერმარსი (რიკელმე 85), სავიოლა, კლუივერტი
„იუვენტუსი“: ბუფონი, ფერარა, ტაკინარდი, მონტერო, ტურამი, ძამბროტა, დავიდსი, ნედვედი, კამორანეზი (ბირინდელი 46), დელ პიერო (ტუდორი 83), დი ვაიო (ზალაიეტა 46)
საერთო ჯამში კი, აქამდე „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრილან და სრული თანაფარდობაა: 3-3 მოგება/წაგება, 2 ფრე და 10-10 გატანილ/გაშვებული გოლი.
სტატისტიკა
„ბარსელონა“
„ბარსელონა“ მეოთხედფინალში ზედიზედ მეათედ თამაშობს და ეს რეკორდია. ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კატალონელთა ბალანსი ასეთია: 14 მოგება, 4 წაგება. ხსენებული ოთხი მარცხიდან ზედიზედ სამი „ბლაუგრანამ“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ განიცადა. სანამ, „ბარსას“ 2013-2014 წლების სეზონში „როხიბლანკო“ მოუგებდა, მანამდე ბოლოს 2003 წელს სწორედ „იუვენტუსთან“ წააგო.
პსჟ-სთან 6:1 მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლა მას მერე მოახერხა, რაც პირველი თამაში ოთხი ბურთის სხვაობით წააგო. მანამდე, ყველაზე დიდი ქამბექი ლა კორუნიის „დეპორტივომ“ შეასრულა „მილანთან“ (1:4, 4:0).
მას შემდეგ, რაც „ბარსას“ ლუის ენრიკე ავარჯიშებს, საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 15 მატჩი აქვს მოგებული. საერთოდ კი, უკვე 20 მატჩია „კამპ ნოუზე“ არ წაუგია - 2013 წლის სექტემბრიდან (19 მოგება, 1 ფრე).
პსჟ-სთან გამარჯვება კი, იყო ზედიზედ მეთხუთმეტე მოგება საკუთარ კედლებში. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ბაიერნს“ ჰქონდა, რომელმაც „რეალთან“ მარცხამდე „ალიანც არენა“ მიჯრით 16 თამაში მოიგო.
მიმდინარე სეზონს რაც შეეხება - „კამპ ნოუზე“ ბარსელონა“ უბრალოდ შეუდარებელია: ოთხი თამაში და ოთხი მოგება, თან რა ანგარიშებით?! („სელტიკთან“ 7:0, „სიტისთან“ 4:0, „გლადბახთან“ 4:0 და პსჟ-სთან 6:1). აქედანაც ჩანს, რატომ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად „იუვენტუსი“.
იტალიურ გუნდებთან ორმატჩიან რაუნდებში კატალონელთა შედეგი ცალსახად დადებითია: 8 მოგება, 3 წაგება.
ბოლოს „ბარსელონას“ შინ იტალიურ გუნდთაგან „რომასთან“ მოუწია თამაში და 6:1 გაანადგურა მეტოქე. მთლიანობაში კი, აპენინის წარმომადგენლებთან სახლში შემდეგნაირად თამაშობს: 14 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება.
„ბარსელონას“ შინ იტალიურ გუნდებთან უკვე ზედიზედ 12 თამაშია არ წაუგია და მათაგნ 9 მოიგო. ბოლო ოთხი თამაშიდან კი, ყველაში გაიმარჯვა, გაიტანა 16 გოლი და გაუშვა მხოლოდ - 3.
„ბარსელონა“ პენალტების სერიაში (უეფას ტურნირებზე): 5 მოგება, 1 წაგება
1988-1989 - თასების თასი, მეორე ეტაპი, „ლეხი“ 5:4
1985-1986 - ჩემპიონთა თასი, ფინალი, „სტიაუა“ 0:2.
1985-1986 - ჩემპიონთა თასი, ნახევარფინალი, „გიოტებორგი“ 5:4
1978-1979 - თასების თასი, მეორე ეტაპი, „ანდერლეხტი“ 4:1
1977-1978 - უეფას თასი, მესამე ეტაპი, „იფსვიჩ თაუნი“ 3:1
1977-1978 - უეფას თასი, მეორე ეტაპი, „ალკმაარი“ 5:4
„იუვენტუსი“
ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში მეჩვიდმეტედ იმყოფება. სტატისტიკა კი, ასეთია: 11 მოგება, 5 წაგება.
მიმდინარე სეზონში „იუვემ“ სტუმრად ოთხი თამაში გამართა და ოთხჯერვე გაიმარჯვა. მათ შორის, მერვედფინალში „პორტუსთან“ (2:0). სამ შემთხვევაში კი, საკუთარი კარი მშრალად შეინახა, გოლი ერთადერთხელ გაუშვა და გაიტანა - 10. წელსვე ლიგაზე სტუმრად თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო - ზაგრებში „დინამოსთან“ – 4:0.
ესპანურ გუნდებთან ორმატჩიან დაპირისპირებებში „იუვენტუსის“ მაჩვენებელი ასეთია: 8 მოგება, 6 წაგება.
მიმდინარე სეზონში „იუვენტუსს“ ესპანეთში უკვე მოგებული აქვს თამაში: „სევილიასთან“ 3:1.
მთლიანობაში კი, „იუვე“ ესპანეთში შემდეგნაირად თამაშობს: 4 მოგება, 5 ფრე, 15 წაგება.
„იუვენტუსი“ პენალტების სერიაში (უეფას ტურნირებზე): 3 მოგება, 3 წაგება
2002-2003 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „მილანი“ 2:3
1995-1996 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „აიაქსი“ 4:2
1986-1987 - ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „რეალი“ 1:3
1985 - საკონტინტეთაშორისო თასი, „არგენტინოს ხუნიორსი“ 4:2
1980-1981 - უეფას თასი, მეორე ეტაპი, „ვიძევი“ 1:4
1977-1978 - ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი, „აიაქსი“ 3:0
გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები
მასიმილიანო ალეგრის “ბარსელონასთან” ძალზე ცუდი მოგონებები აკავშირებს. ფინალში წაგების გარდა, “მილანთან” ერთად ზედიზედ ორი სეზონი დამარცხდა პლეი-ოფში ესპანურ ტიტანთან. 2011-2012 წლების სეზონში, მეოთხედფინალში (1:3) და 2012-2013 წლების სეზონში მერვედფინალში (2:4).
ლუის ენრიკე “რომას” ავარჯიშებდა 2011-2012 წლებში და “იუვენტუსთან” სამჯერ მოუწია თამაში. რომში 1:1 დაფიქსირდა, ხოლო ტურინში ჯერ თასზე 0:3 წააგო, მერე ჩემპიონატში 0:4 განადგურდა.
დანი ალვეში “იუვენტუსში” “ბარსელონადან” გადავიდა. ბრაზილიელმა კატალონიაში 2008-2016 წლებში 391 თამაში ჩაატარა და 23 ტიტული მოიგო.
ხედირას 2012 წელს “ბარსელონასთვის” გატანილი აქვს. ეს იყო ერთადერთი გოლი გერმანელისთვის იმ 18 თამაშიდან, როცა “ბარსას” დაუპირისპირდა.
გონსალო იგუაინსაც კატალონელთა წინააღმდეგ 18-ჯერ უთამაშია და მხოლოდ სამი გოლი გაუტანა.
მარიო მანჯუკიჩმა 2015 წლის 11 იანვარს, “კამპ ნოუზე” 1:3 წაგებულ შეხვედრაში პენალტი გაიტანა.
ლუკას დინიე “რომაში” თამაშობდა გასულ სეზონში. მისი თანაგუნდელი რომაულ გუნდში ახლა უკვე “იუვეს” მოთამაშე მირალემ პიანიჩი გახლდათ.
დენის სუარესს “ვილიარეალის” რიგებში გოლი აქვს გატანილი “ნაპოლისთვის”, რომლის ღირსებასაც გონსალო იგუაინი იცავდა.
ივან რაკიტიჩს “იუვენტუს სთედიუმზე” ევროპა ლიგა აქვს მოგებული 2014 წელს “სევილიაში” თამაშის დროს.
სამუელ უმტიტი თამაშობდა “ლიონის” მეორე გუნდში იმ პერიოდში, როცა მირალემ პიანიჩი მთავარ გუნდში ირჯებოდა (2008-2011).
ჯორჯო კიელინიმ გოლი გაუტანა ევრო 2016-ზე ესპანეთის ნაკრებს, რომლის რიგებშიც ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა გამოდიოდნენ. თავის მხრივ, იტალიის ნაკრებში ითამაშეს კიელინის გარდა ლეონარდო ბონუჩიმ, ჯანლუიჯი ბუფონმა და ანდრეა ბარძალიმ.
ინიესტას, პიკესა და ბუსკეტსს ბუფონისთვის 2013 წლის კონფედერაციის თასზე პენალტები აქვთ გატანილი. ბონუჩიმ კი, გადამწყვეტი თერთმეტრიანი გააცუდა. იმავე ტურნირზე ბუფონს ნეიმარმაც გაუტანა გოლი.
ჟორდი ალბას იტალიის ნაკრების კარში და კერძოდ, ბუფონის, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაუტანია. მაშინ “სკუადრა აძურას” მხრიდან მოედანზე სხვა “იუვეს” ფეხბურთელებიც იყვნენ: კიელინი, ბარძალი, ბონუჩი და მარკიზიო.
ერთად უთამაშიათ:
ნეიმარი და ალექს სანდრო (“სანტოსი” 2010-2011)
ხავიერ მასკერანო და გონსალო იგუაინი (“რივერ პლეიტი”, 2004-2005)
არდა თურანი და მარიო მანჯუკიჩი (“ატლეტიკო” 2014-2015)
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და სამი ხედირა (გერმანია)
ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო და პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი (არგენტინა)
დანი ალვეში, ალექს სანდრო და ნეიმარი, რაფინია (ბრაზილია)
ივან რაკიტიჩი და მარიო მანჯუკიჩი, მარკო პიაცა (ხორვატია)
ესპანეთში უთამაშიათ:
მარიო მანჯუკიჩი (“ატლეტიკო” 2014-2015)
სამი ხედირა (“რეალი”, 2010-2015)
გონსალო იგუაინი (“რეალი”, 2007-2013).