კალათბურთი

12:02 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 12 ქულა და დასანანი მარცხი მოსკოვში

ევროლიგაში პეი ოფი დაიწყო. 16-დან 8 საუკეთესო გუნდი განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას, რომელთა შორის თორნიკე შენგელიას „ბასკონიაც“ გახლავთ. ესპანურმა კლუბმა რეგულარული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფის მეოთხედფინალურ რაუნდში მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ს ხვდება.

სერია სამ მოგებამდეა, მოედნის უპირატესობას კი მოსკოველები ფლობდნენ. პირველი მატჩიც, შესაბამისად, რუსეთის დედაქალაქში გაიმართა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით - 98:90 დასრულდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, თუმცა ის სტუმართაგან ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

შენგელიამ მოედანზე 21:28 წუთი გაატარა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რითას ის ბასკური კლუბის რიგებში მხოლოდ იოჰანეს ვოიგტმანს ჩამორჩა. გერმანელმა ცენტრმა 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სერიის მეორე მატჩი კვლავ მოსკოვში, 20 აპრილს გაიმართება.

gbf.ge

0.11797