ევროპისა თუ ლათინური ამერიკის “ყვითელმა” მოკალმეებმა სულ რომ ქაჯ-ეშმაკებს მოუხმონ და სულების გამოძახებას მიჰყონ ხელი, ფრანგულ პსჟ-ში მობურთალ არგენტინელ ანხელ დი მარიას შესახებ ოჯახური სკანდალის მცირე “ნამსხვრევსაც” კი ვერ ნახავენ. რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას აბა ვინ ნახავს?
ანხელ დი მარიას თავისი ცოლი, ხორხელინა კარდოსო 2011 წლიდან ჰყავს თანამოსაყდრედ და ამ დროის განმავლობაში დი მარიების სახლიდან ზედმეტი ხმამაღალი ჩქამიც კი არ გამოსულა. ეს კი არადა, თურმე ანხელი მის მიერ გატანილ ყველა გოლს ოჯახური ვახშმით ცოლთან ერთად ჭიქა ღვინის თანხლებით აღნიშნავს.
ანხელსა და ხორხელინას, მათი ერთადერთი ქალიშვილი ნია, 2013 წელს ეყოლათ და დი მარიას თუკი რამეზე სწყდება გული პირველ რიგში ისაა, რომ შვილის აღზრდაში ვერ მიიღო სათანადო მონაწილეობა. მოკლედ, ქმარი მე მყავსო სენიორა ხორხელინამ უნდა დაიკვეხნოს. ასეთი ჭკუადამჯდარი არგენტიელი ფეხბურთელი ხომ მართლაც დიდი იშვიათობაა.