ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „ლესტერ სიტი“ახლოსაა თავისი ისტორია კიდევ ერთხელ გადაწეროს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს. თუმცა, რამდენადაც ახლოს არიან ‘მელიები“ მიზანთან, იმდენად გაუჭირდებათ მისი მიღწევა. მადრიდის „ატლეტიკომ“ პირველი მატჩი მშრალად, ანტუან გრიზმანის პენალტით მოიგო და ესეც არ იყოს, დიეგო სიმეონეს გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტია.
და მაინც, „ლესტერს“ ესპანურ კლუბთან ერთბურთიანი ჩამორჩენის გაბათილების გამოცდილება გააჩნია. კრეიგ შექსპირის გუნდმა მერვედფინალში „სევილიას“ ბარიერი მას შემდეგ დაძლია, რაც სტუმრად 1:2 წააგო. „როხიბლანკოს“ სასარგებლოდ გამოცდილებაცაა: ის ჩემპიონთა თასის (ლიგის) მეოთხედფინალში მეცხრედ თამაშობს, მაშინ, როდესაც „ლესტერი“ საერთოდ ევროტურნირებზე ასპარეზობს მეოთხედ.
„ლესტერი“ ბოლო დროს ცუდ ფორმაშია. არადა, როდესაც გუნდი შექსპირმა ჩაიბარა, მიჯრით ექვსი თამაში მოიგო, მაგრამ უკანასკნელი სამი შეხვედრიდან მოუგებლად გამოდის და ორი საერთოდ წააგო. მაშინ, როდესაც „ატლეტიკო“ ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და კინკილა გოლი გაუშვა. ისიც „რეალისგან“ (1:1). საერთოდ კი, დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო ათი მატჩიდან კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლოს „როხიბლანკომ“ გასვლაზე გასული წლის 12 დეკემბერს, „ვილიარეალთან“ (0:3) წააგო. „ატლეტიკომ“ ბოლო ტურში „ოსასუნა“ იანიკ ფერეირა კარასკოს დუბლითა და ფილიპე ლუისის გოლით 3:0 დაამარცხა, ხოლო ერთი წუთი ინტერვალით ორი პენალტი გააცუდა. იმავე კარასკოსა და ტომას პარტეის სალვატორე სირიგუმ აჯობა.
დღევანდელ მატჩში „ლესტერს“ მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს: ვერ ითამაშებს წამყვანი ცენტრალური მცველი რობერტ ჰუტი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. მის გარდა, „მელიები“ მენდისა და ვაგუეს ვერ დაიხმარებენ, ხოლო კაპიტან ვეს მორგანის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, შექსპირს ცენტრალური მცველების დეფიციტი აქვს და სავარაუდოდ მორგანს მოედანზე გასვლა მაინც მოუწევს. რაც შეეხება „როხიბლანკოს“ - დიეგო სიმეონე დღეს ტიაგოს, ვრსალიკოსა და აუგუსტო ფერნანდესს მოისკლისებს.
გარდა ამისა, დღეს გაფრთხილების მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვებენ სტუმართაგან ხოსე მარია ხიმენესი, ხოლო მასპინძელთაგან ვილფრედ ნდიდი, ისლამ სლიმანი და ჯეიმი ვარდი. იგივე მდგომარეობაში ესპანელთა შორის მხოლოდ ხიმენესია.
აქამდე, უეფას ტურნირების პლეი-ოფში პირველი თამაში მასპინძელთა გამრჯვებით (1:0) 991-ჯერ დასრულებულა და სწორედ პირველ შეხვედრაში გამარჯვებულმა გუნდმა შეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა 588-ჯერ (59.3%). ხოლო, 403-ჯერ (40.7%) მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი თამაში სტუმრად 0:1 წააგო.
კრეიგ შექსპირი („ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და თუ გვინდა, რომ ეს თამაში მოვიგოთ. გასახდელში კარგი ატმოსფეროა - კარგად ვიცით, რომ 90 წუთი დაცვაში ვერ ჩავჯდებით, რადგან გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ. ჩვენ ბოლო 18 თვის განმავლობაში დავამტკიცეთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგვეძლო და მსურს ფეხბურთელების სახეზე ღიმილი ისევ ვიხილო“.
დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი): „ლესტერი“ კარგ ფორმაშია და თუ არ ვცდები ექვსი თუ შვიდი მატჩი ზედიზედ არ წააგო. ის დაუბრუნდა იმ სიტუაციას, როგორშიც შარშან იყო. ჩვენი სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს ინგლისის ჩემპიონის სათამაშო სტილს. ვფიქრობ, დღეს, არ იქნება რადიკალურად განსხვავებული მატჩი იმისგან, რაც ესპანეთში ვიხილეთ და ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს.
ჩემი გუნდის მთავარი პლიუსი გუნდურობაა და ყველა ტურნირში ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით. ლესტერში კი, სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იქნება და ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი მაქსიმალურად დავიჭიროთ თუ გვინდა, რომ მიზანს მივაღწიოთ“.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლესტერი, „კინგ ფოუერ სთედიუმი“
18 აპრილი, 22:45 საათი
„ლესტერი“ (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ბენალუანე, ფუხსი; მაჰრეზი, ნდიდი, დრინკუოთერი, ალბირგტონი; ოკაზაკი, ვარდი
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კარასკო, ნიგეზი, გაბი, კოკე; გრიზმანი, გამეირო
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
ურთიერთშეხვედრები
„ატლეტიკო“ და „ლესტერი“ აქამდე ევროტურნირების პლეი-ოფში ორჯერ შეხვედრილან ერთმანეს და ორჯერვე შემდეგ ეტაპზე ესპანური გუნდი გავიდა. 1997-1998 წლის სეზონში, უეფას თასის პირველ ეტაპზე, მადრიდში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. იან მარშალმა სტუმრები დააწინაურა, თუმცა ჟუნინიო პაულისტამ და კრისტიან ვიერიმ საბოლოოდ მასპინძლებს მოაგებინეს.
საპასუხო შეხვედრა კი, მადრიდელთათვის უფრო მსუბუქი აღმოჩნდა - 2:0. გოლები ამჯერად ჟუნინიომ და ხოსე მარიმ გამოიჩინეს თავი.
1997 წლის 30 სექტემბერს გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„ლესტერი“: კელერი, უოტსი (სევეჯი 65), კამარკი, ელიოტი, პრიორი (კოტი 82), ლენონი, იზეტი, პარკერი, გაპი, ჰესკი, მარშალი (ფენტონი 89)
„ატლეტიკო“: მოლინა, ფრასკარელი, ლოპესი, სანტი, ჟუნინიო, ლარდინი, კიკო, გელი (პროდანი 80), კამენირო (ვიზჩანო 73), ბეიბლი, ვიერი (ხოსე მარი 65)
1961-1962 წლების სეზონში კი, პირველი მატჩი ინგლისში ფრედ, 1:1 დასრულდა. მაშინ, „მელიები“ ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან: 56-ე წუთზე კენ კეივორთმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო ჟორჟე მენდონკამ თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაათანაბრა.
1961 წლის 25 ოქტომბერს, „ფილბერტ სტრიტზე“ შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:
„ლესტერი“: ბენქსი, ჩელმერსი, ნორმანი, მაკლინტოკი, კინგი, უაიტი, რილი, კეივორთი, უილსი, აპლეტონი, მიტენი
„ატლეტიკო“: მადინაბეიტა, რივილა, გრიფა, კალეხა, რამირო, კალეხო, როდრიგესი, მედინა, მენდონკა, პეირო, კოლარი
საპასუხო თამაში „ატლეტიკომ“ შინ 2:0 მოიგო ენრიკე კოლარისა და მიგელ ჯონსის გოლებით.
მთლიანობაში, „ატლეტიკო“ დიდ უპირატესობას ფლობს: 5 თამაში, 4 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება, 8 გატანილი და 2 გაშვებული გოლი.
სტატისტიკა
„ლესტერი“
„ლესტერი“ 50-ეა ახალი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და მათ შორის, მერვე ინგლისური, რაც ერთი ქვეყნისთვის სარეკორდოა. ამ მაჩვენებლით ალბიონელებმა ფრანგები და ესპანელები ჩამოიტოვეს.
„სევილიასთან“ გამარჯვება „ლესტერისთვის მეორე იყო ისტორიაში, ევროთასებზე ორრაუნდიან ბრძოლაში. პირველი შეხვედრა „სანჩეს პისხუანზე“ მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ხოლო ინგლისში „მელიებმა“ – 2:0.
ამასთან, „სევილიასთან“ გამარჯვება გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ლესტერმა“ ესპანური ბარიერი გადალახა.
მანამდე, ინგლისელებს ევროტურნირებზე ერთადერთხელ ჰქონდათ პლეი-ოფში მოგებული. 1961 წელს „გლენავონთან“ ორი მატჩის ჯამში 7:2.
მიმდინარე სეზონში „ლესტერმა“ სახლში ყველა თამაში მოიგო. ოთხ შეხვედრაში ინგლისის ჩემპიონმა 6 გოლი გაიტანეს და ერთადერთი გაუშვეს.
„ლესტერს“ ევროთასებზე პენალტების სერიაში არასდროს უთამაშია.
„ატლეტიკო“
მადრიდელები მეოთხედფინალში მეცხრედ თამაშობენ და მათ შორის, მეოთხედ ზედიზედ. ბალანსი კი ასეთია: 5 მოგება, 3 წაგება. ბოლო სამი შემთხვევიდან კი, ნახევარფინალში გასვლა ორჯერ მოახერხეს.
„როხიბლანკომ“ გასულ სეზონში ფინალს უწია და თავის ისტორიაში მესამედ წააგო გადამწყვეტი მატჩი. 28 მაისს, მილანში, „რეალთან“ პენალტები სერიაში (3:5).
12 თვის წინ კი, ამავე ეტაპზე დიეგო სიმეონეს გუნდმა „ბარსელონას“ აჯობა. პირველი მატჩი „კამპ ნოუზე“ მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკომ“ 2:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკომ“ 2013-2014 წლების სეზონშიც ამავე ეტაპზე „ბარსელონას“ მოუგო (1:0, 1:1).
2014-2015 წლების სეზონში კი, მადრიდელებმა „რეალთან“ დათმეს ნახევარფინალის საგზური. ორივე თამაში 0:0 დასრულდა (90 წუთი) და ყველაფერი დამატებით დროში ჩიჩარიტოს ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა.
„ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლოს 21 გასვლითი მატჩიდან 10 აქვს მოგებული, 5-ჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ ექვსჯერ დამარცდა. მათ შორის, სამი თამაში მიმდინარე სეზონში მოიგო (ეინდჰოვენში, როსტოვსა და ლევერკუზენში), ხოლო მიუნხენში წააგო.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული 6 წაგებიდან, „ატლეტიკომ“ ყველა მატჩი ერთბურთიანი სხვაობით დათმო.
სიმეონეს გუნდს ბოლოს ინგლისურ გუნდთან თამაში 2013-2014 წლების სეზონის ნახევარფინალში, ლონდონის „ჩელსისთან“ მოუწია და დაამარცხა კიდეც (0:0, 3:1). საერთოდ, ბოლო ოთხი მატჩია „ატლეტიკო“ ინგლისურ გუნდებთან არ აგებს.
მლიანობაში, „როხიბლანკო“ ნისლიან ალბიონზე ასეთნაირად ირჯება: 2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება.
რაც შეეხება ორმატჩიან დუელს - აქ, „ატლეტიკო“ საგრძნობ უპირატესობას ფლობს ინგლისური კლუბებთან მიმართებაში: 6 მოგება, 2 წაგება. ბოლოს, მადრიდელებმა „ბოლტონის“ ბარიერი ვერ დაძლიეს. ეს 2007-2008 წლების სეზონში უეფას თასზე მოხდა (ორი მატჩის ჯამში 0:1).
„ატლეტიკომ“ მომდევნო ეტაპზე გასვლა, მას შემდეგ რაც პირველი თამაში მოიგო, 28-ჯერ შეძლო და შვიდჯერ - ვერ. ხოლო, როდესაც შინ 1:0 გაიმარჯვა, შემდეგი ეტაპის საგზური შვიდჯერ მოახერხა და სამჯერ ტურნირს გამოეთიშა. მათ შორისაა, შარშანდელი ნახევარფინალი მიუნხენის „ბაიერნთან“ (1:0, 1:2).
ბოლო გუნდი, რომელმაც მადრიდელთა ძლევა მას მერე მოახერხა, რაც პირველი თამაში 0:1 წააგო, კრეტას ოფი გახლდათ, რომელმაც შინ 2:0 მოიგო საპასუხო თამაში 1993-1994 წლების სეზონში.
„ატლეტიკო“ პენალტები სერიაში (ევროთასებზე): 2 მოგება, 4 წაგება
1974-1975 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, „დერბი ქაუნთი“ 6:7
1989-1990 – უეფას თასი, პირველი ეტაპი, „ფიორენტინა“ 1:3
2004 - ინტერტოტოს თასი, ფინალი, „ვილიარეალი“ 1:3
2014-2015 - ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, „ლევერკუზენი“ 3:2
2015-2016 - ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, „პსვ ეინდჰოვენი“ 8:7
2015-2016 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „რეალი“ 3:5
გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები
დიეგო სიმეონეს ფეხბურთელობისას ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია: 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
როგორც “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს კი, არასდროს წაუგია ინგლისურ კლუბებთან. მათ შორის, დაამარცხა “ჩელსი” 2012 წლის ევროპის სუპერთასზე 4:1.
სიმეონე “ინტერის” ფეხბურთელი იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამარცხდა “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1998-1999 წლების სეზონში. ინგლისში 0:2 და იტალიაში – 1:1.
ლეონარდო ულოას 78 თამაში ჩაუტარებია “კასტელონის” რიგებში 2008-2010 წლებში და 30 გოლი გაუტანია. შემდეგ კი, “ალმერიას” ღირსებას იცავდა და “ატლეტიკოს” ორჯერ დაუზავდა.
ფილიპე ლუისმა “ჩელსის” რიგებში 2014-2015 წლებში 15 მატჩი ჩაატარა.
იოჰან ბენალუანეს და აუგუსტო ფერნანდესს “სენტ ეტიენში” ერთად უთამაშიათ (2009-2010).
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:
დანიელ ამარტეი და ტომას პარტეი (განა)
ანტუან გრიზმანი და ნამფალს მენდი (საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრები).