მადრიდის „რეალმა“ მიუნხენში მეტოქეს ერთი თავით აჯობა და საპასუხო შეხვედრას საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში ხვდება. მართალია, „ბაიერნთან“ მოდუნება არავის მართებს, მაგრამ ფავორიტი მაინც გამოკვეთილია - „რეალი“.
აქვე გეტყვით, რომ აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც პირველ მატჩში შინ დამარცხებული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. 1996 წელს ნახევარფინალში ამის გაკეთება „აიაქსმა“ მოახერხა „პანათინაიკოსთან“ (0:1, 3:0), 2011 წელს კი, „ბაიერნმა“ ჯერ სტუმრად აჯობა „ინტერს“ 1:0, მაგრამ მერე სახლში წააგო 2:3 და ტურნირს დაემშვიდობა. ეს მერვედფინალურ ეტაპზე მოხდა.
„რეალის“ სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ ბოლო პერიოდში ზინედინ ზიდანი შეგირდები ჩინებულ ფორმაში იმყოფებიან და მეტოქეებს ერთი-მეორის მიყოლებით ამარცხებენ. მაგალითად, „სამეფო კლუბმა“ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა, მაშინ, როდესაც „ბაიერნმა“ ბოლო ხუთ შეხვედრაში ოდენ ორჯერ მოიპოვა გამარჯვება და ამდენჯერვე დამარცხდა.
დღევანდელ მატჩში „ბაიერნს“ რობერტ ლევანდოვსკი უბრუნდება, რომელმაც პირველი შეხვედრა გამოტოვა და რომელიც, „მიუნხენურ გიგანტს“ ძალიან აკლდა. სამაგიეროდ სერიოზული პრობლემებია დაცვის ხაზში: ხავი მარტინესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ჟერმო ბოატენგსა და მატს ჰუმელსს ტრავმები აწუხებთ და დიდი ალბათობით, მოედანზე ვერ ვიხილავთ. თუმცა, მათი საკითხი ბოლომდე გარკვეული ჯერ კიდევ არაა. რაც შეეხება „რეალს“ – „სამეფ კლუბს“ რაფაელ ვარანი და პეპე დააკლდება. მათ გარდა, ლაზარეთში დაბრუნდა გარეტ ბეილი და ზინედინ ზიდანს მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.
დღევანდელ მატჩში ფრთხილად თამაში მართებთ მასპინძელთა მხრიდან ლუკა მოდრიჩს, სერხიო რამოსსა და ტონი კროოსს, რომელთაც ყვითელი ბარათები აქვთ, ხოლო მიუნხენელთა შორის იგივე მდგომარეობაში ჟერომ ბოატენგი და არტურო ვიდალი არიან.
უეფას ტურინრების პლეი-ოფში აქამდე სტუმარ გუნდს პირველ მატჩში 2:1 352-ჯერ მოუგია და აქედან 331 შემთხვევაში (94%) შემდეგი ეტაპის საგზურიც მას დარჩენია. მხოლოდ და მხოლოდ 21-ჯერ (6%) მოხდა, რომ შინ 1:2-ზე დამარცხებულმა გუნდმა მეორე თამაშში გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო.
ზინედინ ზიდანი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „ბაიერნი“ ბრწყინვალე გუნდია ყველა რგოლში. ვიცით, რომ აქვს მაღალი ხარისხი, მაგრამ თავის მხრივ, ყველა მაღალი დონის გუნდს გააჩნია თავისი სუსტი წერტილი. უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, როგორც ეს მიუნხენში გავაკეთეთ. „ბაიერნთან“ დიდი მატჩი იქნება და ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია.
გვსურს, მოვიგოთ ეს თამაში, ამიტომ, პირველი შეხვედრა დავიწყებას უნდა მივცეთ. ვიცით, რამდენად რთულია „ბაიერნი“ დაამარცხო, როგორც სტუმრად, ისე სახლში. ჩვენ დღეს, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი თამაშის ჩვენება გვჭირდება“.
კარლო ანჩელოტი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „გვჭირდება მაღალი დონის თამაშის ჩვენება თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ახლა გაცილებით ნაკლები შანსი გვაქვს, ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ მთავარია, რომ ჯერ კიდევ არსებობს ეს შანსი. მადრიდში ორი წელი ვიმუშავე და დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს იმ პერიოდთან.
ბოატენგმა და ჰუმელსმა ცალკე ივარჯიშეს და ჯერ მათი საკითხი გადასაწყვეტია. დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშს შეძლებენ. რაც შეეხება ლევანდოვსკის - იგი კარგადაა. რა თქმა უნდა, მისი თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ვითამაშებთ ისე, როგორც ამას მთელი სეზონის განმავლობაში ვაკეთებდით. რობერტი კი, შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან ბევრი გოლი გააქვს ჩვენს სასარგებლოდ“.
სავარაუდო შემადგენლობები:
მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“
18 აპრილი, 22:45 საათი
„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ნაჩო, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ისკო, ბენზემა, რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ალონსო, ალაბა, ბერნატი; ვიდალი, ტიაგო ალკანტარა; რობენი, მიულერი, რიბერი; ლევანდოსვკი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ურთიერთშეხვედრები
დღეს, „რეალი“ და „ბაიერნი“ ერთმანეთის პირისპირ 24-ედ წარსდგებიან და ამდენჯერ ევროთასებზე არცერთ სხვა მეტოქეებს არ უთამაშიათ ერთმანეთში.
აქამდე 10-ჯერ მოუწიათ პლეი-ოფში თამაში (მუდმივად ჩემპიონთა ლიგაზე) და შემდეგი ეტაპის საგზური 5-5-ჯერ მოიპოვეს. ბოლო ექვს სეზონში კი, გუნდები მესამედ თამაშობენ ჩემპიონთა საპლეი-ოფო ეტაპზე.
დასამახსოვრებელი იყო 2013-2014 წლების სეზონის ნახევარფინალი. მადრიდში მასპინძლებმა ქარიმ ბენზემას გოლით 1:0 მოიგეს, ხოლო მიუნხენში სერხიო რამოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ დუბლები გაიფორმეს (4:0).
2014 წლის 23 აპრილს, გუნდებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„რეალი“: კასილიასი, კარვახალი, რამოსი, პეპე (ვარანი 73), კოენტრაუ, ჩაბი ალონსო, ისკო (ილიარამენდი 82), მოდრიჩი, დი მარია, რონალდუ (ბეილი 73), ბენზემა
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, რაფინია (ხავი მარტინესი 66), შვაინშტაიგერი (მიულერი 74), კროოსი, რობენი, რიბერი (გიოტცე 72), მანჯუკიჩი
„ბაიერნმა“ „რეალს“ იმავე ეტაპზე 2011-2012 წლების სეზონში მოუგო - მაშინ ორივე თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ერთნაირი ანგარიშით (2:1). მიუნხენში ფრანკ რიბერიმ და მარიო გომესმა გაიტანეს მასპინძელთაგან, ხოლო სტუმართაგან მესუთ იოზილმა გამოიჩინა თავი.
ესპანეთში კი, კრიშტიანუ რონალდუმ პირველ თხუთმეტ წუთში დუბლი გაიფორმა, ხოლო არიენ რობენმა პირველსავე ტაიმში გაქვითა ერთი გოლი. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც გერმანელებმა იმძლავრეს - 3:1.
2012 წლის 25 აპრილს, მადრიდში შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:
„რეალი“: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო, ხედირა, ჩაბი ალონსო, დი მარია (კაკა 75), იოზილი (გრანერო 111), ბენზემა (იგუაინი 106), რონალდუ
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, ლუის გუსტავო, კროოსი, შვაინშტაიგერი, რობენი, რიბერი (მიულერი 95), გომესი
„ბაიერნმა“ „რეალს“ 2006-2007 წლების სეზონშიც აჯობა, ოღონდ მერვედფინალში. მატჩები მაშინაც დრამატიზმით იყო აღსავსე - მადრიდში რაულის დუბლით მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, ხოლო მიუნხენში „რეკორდმაისტერმა“ 2:1 იმარჯვა და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მატჩში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც როი მაკაის ანგარიშზეა.
„რეალის“ დღევანდელმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი, 2003-2004 წლების სეზონის მერვედფინალში მადრიდში „ბაიერნს“ გამარჯვების გოლი გაუტანა (1:0). ვინაიდან მანამდე მიუნხენში ფრე იყო დაფიქსირებული (1:1), მეოთხედფინალში ესპანელები გავიდნენ.
ეს კლუბები ერთმანეთს 2000-2002 წლებში მიჯრით ხვდებოდნენ ერთმანეთს - 2000 წელს „რეალმა“ ნახევარფინალში იმარჯვა (2:0, 1:2), ხოლო 2002 წელს მეოთხედფინალში (1:2, 2:0). თავის მხრივ, 2001 წელს უფრო ძლიერი „ბაიერნი“ გამოდგა ნახევარფინალშ (1:0), 2:1). აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას ის გუნდი იგებდა, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადიოდა მათი დუელიდან.
ამასთან, 1999-2000 წლების სეზონში ისინი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც ერთად მოხვდნენ და მაშინ გერმანელებმა ორივე შეხვედრაში დაჯაბნეს მეტოქე (4:2, 4:1).
„ბაიერნს“ ასევე მოგებული აქვს პირველი ორი დაპირისპირება „რეალისთვის“ – 1975-1976 წლებში (1:1, 2:0) და 1986-1987 წლების სეზონში (4:1, 0:1). თავის მხრივ, „სამეფო კლუბმა“ პირველად „რეკორდმაისტერი“ 1987-1988 წლების სეზონში დაამარცხა (2:3, 2:0).
აქამდე ჯამში „ბაიერნისა“ და „რეალის“ გზები 23-ჯერ გადაიკვეთა და თითქმის თანაფარდობაა: 11 მოგება „ბაიერნი“, 10 „რეალი“ და 2 ფრე. ბურთების ბალანსი: 34:33 გერმანელთა სასარგებლოდ.
აქვე გეტყვით, რომ ორივე გუნდი კარგად იყენებდა საკუთარი მოედნის ფაქტორს - „ბაიერნს“ „რეალთან“ 10 საშინაო მატჩიდან წაგება არ ჰქონდა (9 მოგება, 1 ფრე), თუმცა ბოლო ორი შეხვედრა 2014 წელს და ერთი კვირის წინ, დათმო. თავის მხრივ, „რეალს“ მადრიდში „ბაიერნთან“ ასეთი ბალანსი აქვს: 8 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 17 გატანილი და 9 გაშვებული გოლი.
სტატისტიკა
„რეალი“
„რეალი“ მიმდინარე გათამაშებაში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და შეუძია გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ტურნირში მიჯრით გაიმარჯვებს.
„რეალი“ მეოთხედფინალში 34-ედ ასპარეზობს. ლიგას ის ამ ეტაპზე ექვსჯერ გამოემშვიდობა და ბოლოს ეს, 2004 წელს მოხდა, როდესაც „მონაკომ“ აჯობა (4:2, 1:3). გარდა ამისა, შანსი აქვს, ნახევარფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს.
12 თვის წინ, ზიდანის გუნდმა მეოთხედფინალში „ვოლფსბურგს“ აჯობა. პირველი მატჩი გერმანელებმა შინ 2:0 მოიგეს, მაგრამ ესპანეთში კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქმა ყველაფერი გადაწყვიტა.
„რეალმა“ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთ გერმანულ გუნდთან მოასწრო თამაში - ჯგუფურ ეტაპზე „დორტმუნდთან“ და ორივე შეხვედრა ერთნაირად - 2:2 დასრულდა.
სხვათა შორის, „ბორუსიასთან“ ფრე, იყო ბოლო ათი საშინაო მატჩიდან ერთადერთი, რომელიც „რეალმა“ ვერ მოიგო ლიგაზე. საერთოდ კი, თუ მხედველობაში უკანასკნელ 34 მატჩს მივიღებთ, „სამეფო კლუბმა“ 29 მოიგო და მხოლოდ ერთხელ წააგო, ისიც გერმანულ მეტოქესთან: 2014-2015 წლების მერვედფინალში „შალკესთან“ 3:4.
„რეალის“ ბალანსი პლეი-ოფში გერმანულ გუნდებთან ასეთია: 13 მოგება, 8 წაგება. ბოლო ხუთი შემთხვევიდან კი, შემდეგ ეტაპზე ყოველთვის გავიდა.
ევროთასებზე ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც „რეალმა“ ჯერ გასვლაზე მოიგო და მერე ტურნირს მაინც დაემშვიდობა. 1994-1995 წლების სეზონში უეფას თასის მესამე ეტაპზე „ოდენსეს“ გასვლაზე 3:2 მოუგო, ხოლო შინ 0:2 წააგო.
„რეალი“ პენალტების სერიაში (ევროთასებზე): 2 მოგება, 2 წაგება
2015-2016 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „ატლეტიკო“ 5:3
2011-2012 - ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, „ბაიერნი“ 1:3
1986-1987 - ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „იუვენტუსი“ 3:1
1974-1975 - ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი, „ცრვენა ზვეზდა“ 5:6
„ბაიერნი“
„ბაიერნი“ მეოთხედფინალს 28-ედ თამაშობს და მათ შორის, მეექვსეს ზედიზედ. ბოლო ხუთ შემთხვევაში კი, ნახევარფინალში გასვლას ყოველთვის ახერხებდნენ. მთლიანობაში ბალანსი ასეთია: 18 მოგება, 9 წაგება.
უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას თუ გავითვალისწინებთ, „ბაიერნი“ რეკორდსმენია მეოთხედფინალების მიხედვით: ეს მეთექვსმეტე მონაწილეობაა, ხოლო „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ამავე ეტაპს 15-15-ჯერ უწიეს.
შარშან ამავე ეტაპზე „ბაიერნმა“ „ბენფიკა“ დამაარცხა (1:0, 2:2), ხოლო ბოლოს მეოთხდფინალური ბარიერი 2008-2009 წლების სეზონში ვერ დაძლია, როდესაც „ბარსელონასთან“ განადგურდა (0:4, 1:1).
„ბაიერნს“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ 16 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, რაც რეკორდია, მაგრამ ჩინებული სერია სწორედ „რეალმა“ შეწყვიტა პირველ მატჩში.
„არსენალს“ „რეკორდმაისტერმა“ ორი მატჩის ჯამში 10:2 აჯობა და ეს არის მერვედფინალში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებულ მატჩთა შორის, მეორე. რეკორდიც მიუნხელებს ეკუთვნით: 2008-2009 წლების სეზონში „სპორტინგს“ 12:1 აჯობეს.
„ბაიერნის“ ბალანსი ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფში ასეთია: 9 მოგება, 9 წაგება. შარშან ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ წააგო (0:1, 2:1). საერთოდ კი, ბოლო სამი სეზონია მის ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ესპანური გუნდი ასრულებს.
მიმდინარე სეზონში „ბაიერნს“ ესპანეთში თამაში ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპისას მოუწია და „ატლეტიკოსთან“ 0:1 წააგო.
მთლიანობაში კი, გერმანული გიგანტი ესპანეთში ასე თამაშობს: 6 მოგება, 5 ფრე, 14 წაგება.
უეფას ტურნირებში „ბაიერნმა“ შემდეგ ეტაპზე გასვლა ორჯერ მოახერხა, როდესაც პირველი თამაში შინ წააგო. გამოსარჩევია 1995-1996 წლების სეზონში უეფას თასზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩი (0:1 მიუნხენში და 5:0 მოსკოვში). 1993-1994 წლების სეზონში ასევე უეფას თასზე „ნორვიჩთან“ შინ 1:2 წააგო, ინგლისში კი სიტუაცია ვერ გამოასწორა (1:1). იგივე დაემართა 1990-1991 წლების სეზონში, როდესაც „ცრვენა ზვეზდასთან“ საშინაო მარცხის შემდეგ სტუმრად მხოლოდ ფრეს დასჯერდა (2:2).
„ბაიერნი“ პენალტების სერიაში (უეფას ტურნირებზე): 5 მოგება, 1 წაგება
2013 - ევროპის სუპერთასი, „ჩელსი“ 5:4
2011-2012 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „ჩელსი“ 3:4
2011-2012 - ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, „რეალი“ 3:1
2000-2001 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „ვალენსია“ 5:4
1983-1984 - უეფას თასი, მეორე ეტაპი, პაოკ 9:8
1973-1974 - ჩემპიონთა თასი, პირველი ეტაპი, „ატვიდაბერგი“ 4:3
გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები
კარლო ანჩელოტი “რეალის” მთავარი მწვრთნელი იყო 2013-2015 წლებში: 119 თამაში, 89 მოგება, 14 ფრე, 16 წაგება. იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს 12 წლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ნახევარფინალში სწორედ “ბაიერნი” დაამარცხა.
ანჩელოტი “რეალს” “მილანის” თავკაცობისას ორჯერ დაუპირისპირდა – “როსონერიმ” 2002-2003 წლების სეზონში 1:0 მოიგო სახლში, ხოლო სტუმრად 1:3 წააგო. ეს ყველაფერი ჯგუფურ ეტაპზე იყო, ტურნირში კი, საბოლოოდ “მილანმა” იჩემპიონა.
ზინედინ ზიდანი “რეალში” ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.
ჩაბი ალონსოს “რეალის” მაისურით 158 მატჩი აქვს ჩატარებული 2009-2014 წლებში და გაიტანა 4 გოლი.
გარდა ამისა, ესპანელს “რეალის” წინააღმდეგ რვაჯერ უთამაშია (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გამარჯვება “ლივერპულთან” ერთად 2009 წელს მერვედფინალში (1:0, 4:0).
არიენ რობენს “რეალის” შემადგენლობაში 50-ჯერ უთამაშია და 11 გოლი გაიტანა.
ტონი კროოსი “ბაიერნში” 2007-2014 წლებში ირიცხებოდა და 130 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.
ალვარო მორატა კინგსლი კომანთან და არტურო ვიდალთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” თამაშობდა. შარშან ესპანელმა “ბაიერნის” წინააღმდეგ 4:6 წააგო მერვედფინალში, თვითონ კი, თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
არტურო ვიდალს “იუვენტუსის” მაისურით “რეალის” კარში გოლი აქვს გატანილი 2013-2014 წლების სეზონში. თავის მხრივ, ქარიმ ბენზემამ “ბაიერნს” “ლიონის” შემადგენლობაში გაუტანა 2008-2009 წლების სეზონში.
რობერტ ლევანდოვსკიმ “დორტმუნდში” თამაშის დროს “რეალის” კარი ერთ შეხვედრაში ოთხჯერ აიღო – 2012-2013 წლების სეზონში.
ესპანეთში უთამაშიათ:
ხავი მარტინესი (“ბილბაო” 2006-2012, 1 მოგება, 12 წაგება “რეალის” წინააღმდეგ)
ხუან ბერნატი (“ვალენსია” 2011-2014, 1 მოგება, 2 წაგება)
ტიაგო ალკანტარა (“ბარსელონა”, 2009-2013, 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება)
გერმანიაში უთამაშია:
დანი კარვახალი (“ლევერკუზენი”, 2012-2013, 1 მოგება, 2 წაგება “ბაიერნის” წინააღმდეგ)
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:
ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი და დანი კარვახალი, ნაჩო მონრეალი, სერხიო რამოსი, ისკო, ალვარო მორატა, ლუკას ვასკესი (ესპანეთი).
რენატუ სანჩესი და პეპე, ფაბიო კოენტრაუ, კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).
ტონი კროოსი და მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი, ჟერომ ბოატენგი, ტომას მიულერი (გერმანია).
დანილო, მარსელო, კაზემირო და დუგლას კოშტა (ბრაზილია).
რაფაელ ვარანი, ქარიმ ბენზემა და კინგსლი კომანი (საფრანგეთი).