პსჟ-ს ყოფილი თავკაცი ლორან ბლანი ახალი სეზონიდან შესაძლოა სერია ა-ში დასაქმდეს. Football Italia-ს ინფორმაციით, 51 წლის ფრანგ სპეციალისტთან თანამშრომლობით მილანის “ინტერია” დაინტერესებული, რომლის ხელმძღვანელობას სტეფანო პიოლის დამოძღვრილი გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები აშფოთებს.
“ნერაძურის” ამჟამინდელი მწვრთნელის ბედი საბოლოოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება იმის მიხედვით, თუ რომელ ადგილს დაიკავებენ მილანელები სატურნირო ცხრილში. “ინტერმა” ბოლო სამ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა: “ტორინოს” სტუმრად დაუზავდა (2:2), ხოლო “სამპდორიასთან” საკუთარ მოედანზე და “კროტონესთან” გასვლაზე ერთნაირი ანგარიშით 1:2 დამარცხდა. პიოლის შეგირდები 31 ტურში მოპოვებული 55 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
იტალიური პრესის ცნობით, ბლანის გარდა, რომელიც გასული წლიდან უმუშევარია, “ინტერის” მმართველები ანტონიო კონტესა (“ჩელსი”) და დიეგო სიმეონეს (“ატლეტიკო”) კანდიდატურებსაც განიხილავენ, თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ მათი დაყოლიება ამჟამად ფაქტობრივად შეუძლებელია.
ლორან ბლანი ფეხბურთელობისას “ინტერის” ღირსებას ორი წლის განმავლობაში (1999-2001) იცავდა.