ნაციონალური საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატი „ლეიკერსის“ ძლევით და პირველ ადგილზე დაასრულა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“. ოკლენდელებმა დღეს თანაშტატელ გუნდს უმასპინძლეს და 109:94 იმარჯვეს.
ჯამში „გოლდენ სტეიტმა“ 82-დან 67 მატჩი მოიგო, როგორც დასავლეთ კონფერენციაში, ისე სრულიად ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე მოედნის უპირატესობა მოიპოვა. საჩემპიონო ამბიციების მქონე ოკლენდური გუნდისთვის არანაკლებ სასიხარულოა მათი ლიდერის, კევინ დიურანტის გამოჯანმრთელება, რომელმაც ტრავმის გამო 40 დღე გამოტოვა და მოედანზე დაბრუნების 3 მატჩის თავზე ჩინებულ ფორმაშია.
დიურანტმა გასულ ორ მატჩში ორმაგი დუბლები შეასრულა. ამჯერად ამ შედეგამდე 2 მოხსნა დააკლდა, თუმცა ბომბარდირული თვისებები გამოავლინა და 27 წუთში 29 ქულა (8 მოხსნა + 5 პასი) მოაგროვა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ზაზა ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრი არც დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს.
„გოლდენ სტეიტის“ მეტოქე პლეი ოფის პირველ რაუნდში დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე გასული „პორტლენდი“ იქნება. სერია 4 მოგებამდეა და 17 აპრილს, ოკლენდში დაიწყება.
gbf.ge