ფეხბურთი

1:36 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ნახევარფინალთან ახლოს და მანუელ ნოიერის საოცრებები (+VIDEO)

პირველი რაუნდი მადრიდის „რეალის“ გამოდგა - არადა, თავიდან „ბაიერნმა“ თამაში ჩინებულად დაიწყო და სცენარიც მისი კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა, მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული გამოდგა. შეიძლება ბევრ ფაქტორზე საუბარი, მაგრამ ფატქს ვერსად გავექცევით: „სამეფო კლუბმა“ ცალსახად დაჯაბნა „რეკორდმაისტერი“ და ნახევარფინალს ძალიან მიუახლოვდა.

შესაძლოა, საპასუხო თამაში საერთოდ ფორმალობად ქცეულიყო, რომ არა მანუელ ნოიერს ფანტასტიკური სეივი. გერმანელი კიპერი მთელი მეორე ტაიმი მარტო უპირისპირდებოდა „რეალს“, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გატყდა. რა გასაკვირია, ნოიერიც ადამიანია და არა რობოტი...

„ბაიერნი“ უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა. სამაგიეროდ, როდესაც მივიდა, გოლიც გავიდა: ტიაგო ალკანტარამ კუთხური ჩააწოდა და იქ, არტურო ვიდალმა ნაჩოს გადაუფრინა - 1:0. სხვათა შორის, „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის ოქტომბრის შემდგომ პირველად გაუშვა გოლი თავური დარტყმით. თავის მხრივ, „ბაიერნმა“ მიმდინარე ლიგაზე მეექვსედ იხეირა ამ კომპონენტით და ეს საუკეთესო შედეგია. საერთოდ, პირველ ნახევარში ვიდალი მოედანზე ცალსახად შესამჩნევი ფიგურა იყო - მიუნხენელებს გოლის გატანის რეალური დარჩენილ დროში ორჯერ მიეცათ და ორჯერვე ჩილელი ცდილობდა გატანას. ჯერ ისევ თავით, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ნიკოლა რიცოლისგან საჩუქარი ვერ შეირგო - დანი კარვახალს ხელზე ბურთი არ მოხვედრია, მაგრამ იტალიელმა მაინც პენალტისკენ მიუთითა. ბურთთან ვიდალი მივიდა და იმის მაგივრად, რომ კარის ბადე შეერხია, ფანებში გადაგზავნა ბურთი. ასე დარჩა კარლო ანჩელოტის გუნდს დიდებული შანსი გამოუყენებელი თამაში ფაქტობრივად დაემთავრებინა. აქვე გეტყვით, რომ ეს იყო ბოლო საგოლე მომენტი, რომელიც „ბაიერნმა“ შექმნა.

აი, მეორე ნახევარში კი, ფეხბურთი ერთმად გუნდმა ითამაშა, მეორე უბრალოდ სტატისტის როლში იყო. „რეალმა“ თავიდანვე ხელთ იგდო უპირტესობა და კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 659 წუთიანი მშრალი სერია დაასრულა - 1:1. მალევე პორტუგალიელმა ხავი მარტინესს თამაშის წესი დაარღვევინა და ესპანელმა მეორე გაფრთხილება მიიღო, შესაბამისად თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა. აღსანიშნავია, რომ მარტინესმა ორი ყვითელი სამი წუთის ინტერვალში მიიღო. რიცხობრივი უპირატესობა ზინედინ ზიდანის ბიჭებმა დიდებულად გამოიყენეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მანუელ ნოიერის დიდებული თამაში, რომელმაც რონალდუს, ბენზემასა და ბეილს ისეთი ბურთები აუღო, თითქოს გოლი გარდაუვალი, რომ ჩანდა. მაგრამ მარტო ნოიერი რას გააწყობდა და 77-ე წუთზე მასაც მოუწია კაპიტულაცია - რონალდუმ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა, მანუელმა კი, ფეხების დროულად დახურვა ვერ მოასწრო - 1:2.

ასეც დასრულდა მატჩი. წინ მეორე შეხვედრაა. რა თქმა უნდა, სტუმრად გამარჯვება პლეი-ოფში ბევრს ნიშნავს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე მიუნხენის „ბაიერნთან“ გვაქვს. აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო, მეასე გოლი გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ამ ნიშნულს უწია...

„ბაიერნი“ – „რეალი“ 1:2 (1:0) VIDEO

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 70 000

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ჩაბი ალონსო (ბერნატი 64), ვიდალი; რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (დუგლას კოშტა 66); მიულერი (კომანი 81)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ნაჩო, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი (კოვაჩიჩი 90), კაზემირო, კროოსი; ბეილი (ასენსიო 59), ბენზემა (ხამესი 83), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 ვიდალი (25), 1:1 რონალდუ (47), 1:2 რონალდუ (77)

გაფრთხილება: ჩაბი ალონსო (47), ხავი მარტინესი (58, 61), ვიდალი (90) - კროოსი (45), კარვახალი (45)

გაძევება: ხავი მარტინესი (61)

გამოუყენებელი პენალტი: ვიდალი (45, ააცილა)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 22 (12) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

0.261648