საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრის მეხუთე ტური ,,ქუთაისისა’’ და ,,ბათუმის’’ შეხვედრით გაიხსნა.
მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდებს სხვადასხვა მიზნები აქვთ. ქუთათურებმა უკვე გაინაღდეს პლეი-ოფში თამაშის უფლება. რაც შეეხებათ ზღვისპირელებს, ისინი სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფებიან და ბოლო ადგილებზე მყოფ ,,ოლიმპსა’’ და ,,მგზავრებისაგან’’ მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩის შედეგს მასპინძელთათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა შეხვედრა მაინც ,,ქუთაისის’’ უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედის დასრულების შემდეგ ანგარიში 30:18 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. სტუმრები ამის შემდეგ გააქტიურდნენ და ნელნელა იწყეს ანგარიშში სხვაობის შემცირება.
მეოთხე მეოთხედში ,,ბათუმმა’’ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთითა და 23 წამით ადრე ოთხი ქულის სხვაობით 78:74 დაწინაურდა. ბოლო წუთზე გიგი ბარბაქაძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა 79:79. ლეჟავამ სამქულიანი ააცილა. საფინალო სირენამდე შვიდი წამით ადრე გიორგი ცინცაძემ ორი საჯარიმოთი თანაგუნდელები დააწინაურა 81: 79. ბოლო წამებზე ილია შემოსიუკს შეეძლო სტუმართათვის გამარჯვება მოეტანა, მაგრამ საქულიანი მიზანის ააცილა და 81: 79 ძალაში დარჩა მასპინძელთა სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში 29-29 ქულით ყველაზე შედეგიანები ,,ქუთაისის’’ გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე და ,,ბათუმის’’ მსროლელი კახა ჯინჭარაძე იყვნენ.
,,ქუთაისი’’- ,,ბათუმი’’ 81: 79 (30:18, 18: 23, 13: 17, 20; 21)







