ფეხბურთი

11:25 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭეშმარიტი ფეხბურთის მოლოდინი "სიგნალ იდუნა პარკიდან"

დიდი მოლოდინია “დორტმუნდისა” და “მონაკოს” დაპირისპირების მიმართ. რა გასაკვირია, ორივე გუნდი ლაღ ფეხბურთს თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზეც აქამდე თავი ხარისხიანი თამაშით გამოიჩინეს.

“მონაკო” ლიგა 1-ში ლიდერია, ხოლო “ბორუსიას” ბუნდესლიგაში არცთუ კარგად მისდის საქმე და მხოლოდ მეოთხე ადგილზეა. მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ბოლო ტურის მატჩი “ბაიერნთან” (1:4). დღევანდელი შეხვედრის წინ კი, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრთხილობს. აღსანიშნავია, რომ ტუხელი ფავორიტად “მონაკოს” მოიაზრებს, ხოლო ჟარდიმი პირიქით – “დორტმუნდს”.

დღევანდელ მატჩს სტუმრები სერიოზული დანაკლისით ხვდებიან – ტიემუ ბაკაიოკოს დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო ჯიბრილ სიდიბე დაშავებულია. მათ გარდა, “თავადებს” ბოსკილია და კარილო ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება “დორტმუნდს” – მარიო გიოტცე, ანდრე შურლე და ერიკ დურმი არიან ლაზარეთში. მარკო როისმა კი, ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, დღეს ძირითადშიც ვიხილოთ.

თუ “სიგნალ იდუნა პარკზე” ყვითელ ბარათს რაფაელ გუერეირო, მარსელ შმელცერი, ფაბინიო, ჟემერსონი, ჟერმენი და სიდიბე მიიღებენ, მაშინ საპასუხო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ.

ტომას ტუხელი (“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ გვქონდა საშინელი თამაში წინა უიქ-ენდზე “ბაიერნთან”. ბიჭებს ვთხოვე, რომ ეს თამაში დაევიწყებინათ და ზურგს უკან დაეტოვებინათ. მითუმეტეს, ასეთ სიტუაციაში, როცა ყოველ სამ დღეში მნიშვნელოვა შეხვედრები გვაქვს.

“მონაკოს” ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს – ისინი ინდივდუალურად გამოირჩევიან და კომპაქტური გუნდია. ამავდროულად, ათლეტურად ძალიან ძლიერები არიან. ფრანგებს ჰყავთ ბევრი ტოპ მოთამაშე და ნიჭიერი ფეხბურთელები. ისინი მცირე უპირატესობას ფლობენ ამჟამად, მაგრამ ყველაფერი 50-50-დან იწყება და ჩვენ გვინდა ვანახოთ ჩვენი ძალა და გავიმარჯვოთ”.

ლეონარდო ჟარდიმი (“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი): “რადამელ ფალკაოს დაბრუნება ჩვენთვის ნიშნავს მეტ ხარისხსა და გამოცდილებას. ასევე, ვიცით, რომ ბაკაიოკოსა და სიდიბეს დანაკლისი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ვიცით, როგორ დავეყრდნოთ საკუთარ ძალას.

ძალიან ინტესიური თამაში იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათ ჩვენზე მეტი ევროპული გამოცდილება გააჩნიათ და ეს უპირატესობაა. მთავარია ბალანსი დავიცვათ თავდასხმასა და დაცვაში თამაშის დროს - ვითამაშოთ მჭიდროდ და ყურადღებით.

რა თქმა უნდა, რთულია ყოველ სამ დღეში თამაში. მე არ ვიცი, ყოფილა თუ არა აქამდე გუნდი, რომელიც ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და მეოთხედფინალამდე მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე ჩვენ ყველაზე მეტი შეხვედრის ჩატარება მოგვიწია”.

სავარაუდო შემადგენლობები:

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

11 აპრილი, 22:45 საათი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი; ვეიგლი; დემბელე, კაგავა, პულიშიჩი, გეურეირო; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“მონაკო” (4-3-3): შუბაშიჩი; ფაბინიო, რაჯი, გლიკი, მენდი; მოუტინიო, ბერნარდო სილვა, ლემარი; მბაპე, ფალკაო, ჟერმენი

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ბოლოს მეოთხედფინალში “დორტმუნდი” 2013-2014 წლების სეზონში იყო, ხოლო “მონაკო” 2014-2015 წლების სეზონში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბარიერი მაშინ ვერცერთმა გადალახა.

“დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკანასკნელად 2013 წელს ითამაშა და წააგო, ხოლო “მონაკომ” 2004 წელს და ისიც დამარცხდა.

ურთიერთშეხვედრები

რაც უნდა გასაკვირი იყოს, “დორტმუნდი” და “მონაკო” აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან. შესაბამისად, მათი გზა პირველად “სიგნალ იდუნა პარკზე” გადაიკვეთება.

სტატისტიკა

“დორტმუნდი”

“დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მერვედ გავიდა (მესამედ ბოლო ხუთ წელიწადში). წინა შვიდი შემთხვევიდან “ბორუსია” შემდეგ ეტაპზე ხუთჯერ გავიდა, ხოლო ორჯერ ტურნირს გამოეთიშა.

ბოლოს ეს 2014 წელს მოხდა, როცა “რეალთან” ჯერ სტუმრად განადგურდა 0:3, ხოლო შინ გამარჯვება (2:0) საკმარისი არ აღმოჩნდა.

“დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხი საშინაო მატჩი მოგებული აქვს მეოთხედფინალურ ეტაპზე.

შარშან “დორტმუნდი” ამავე ეტაპზე დაემშვიდობა ევროპა ლიგას, როდესაც “ლივერპულთან” 4:5 წააგო. ბოლოს გერმანელებმა აღნიშნული ბარიერი 2012-2013 წლების სეზონში დაძლიეს – მოუგეს რა, “მალაგას” (0:0, 3:2).

გასული სეზონიდან მოყოლებული უეფას ტურნირებში “დორტმუნდმა” 12 თამაში ჩაატარა სახლში და ერთადერთი წააგო, ბერძნულ პაოკთან 0:1. მიმდინარე სეზონში კი, სამი თამაში მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა.

საერთოდ ჯამში, “დორტმუნდს” ფრანგულ მეტოქესთან აქამდე პლეი-ოფის სტადიაზე ოთხჯერ მოუწია თამაში და სამჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა უეფას თასზე 2003-2004 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც “სოშოს” ბარიერი ვერ დაძლია (2:6).

საკუთარ მოედანზე კი, ფრანგული გუნდების წინააღმდე ასეთი ბალანსი გააჩნია: 4 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება. ბოლოს, “ბორუსია” 2013-2014 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე “მარსელს” ეთამაშა და 3:0 დაამარცხა. რაც შეეხება ერთადერთ წაგებას, იგი 2011 წლის დეკემბრით თარიღდება იგივე მეტოქესთან.

გერმანელებს ბოლო ექვსი თამაშიდან სახლში ფრნაგების წინააღმდეგ მხოლოდ ორჯერ აქვთ მოგებული.

“მონაკო”

“მონაკო” მეოთხედფინალში მეხუთედ გავიდა. წინა ოთხი შემთხვევიდან, მონეგასკები ნახევარფინალში ორჯერ გავიდნენ და ორჯერ ვერ.

ბოლო სამ სეზონში კი, აღნიშნულ ეტაპს მეორედ უწია. ორივე შემთხვევაში ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა მერვედფინალში ინგლირუსი გუნდი დაამარცხა. ორი წლის წინ, “არსენალი” (3:1, 0:2) და წელს “სიტი” (3:5, 3:1).

“მონაკო” გახდა მეცხრე გუნდი, რომელმაც მას შემდგომ მოახერხა შემდგე ეტაპზე გასვლა, რაც პირველი თამაში ორბურთიანი სხვაობით წააგო. ორჯერ ამის გაკეთეა “ბარსელონამ” და “ჩელსიმ” შეძლეს. სხვათა შორის, ასევე მეორედ მოახერხა “მონაკომაც” (პირველად “რეალს” აჯობა 2004 წელს. 2:4, 3:1).

“თავადებმა” “სიტისთან” ორ მატჩში 6 გოლი გაუშვეს. ეს კი ყველაზე მეტი გაშვებული გოლია იმ გუნდთა შორის, რომელიც მომდევნო ეტაპზე გასულა.

ორი წლის წინ, “მონაკო” ამავე ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა (0:1, 0:0).

მიმდინარე სეზონში “მონაკომ” უკვე ითამაშა გერმანიაში და “ლევერკუზენთან” 0:3 განადგურდა. მთლიანობაში ალემანიაში ეს გუნდი ასე თამაშობს: 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.

“მონაკოს” გერმანულ გუნდებთა პლეი-ოფის სტადიაზე თამაში ოთხჯერ მოუწია და სამჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მიმდინარე სეზონში “თავადებმა” სტუმრად ხუთჯერ ითამაშეს და ორჯერ იმარჯვეს. “ტოტენჰემთან” და საკვალიფიკაციო ეტაპზე “ვილიარეალთან”. თუმცა, ბოლო ორი თამაში წაგებული აქვთ “ლევერკუზენთან” და “სიტისთან”.

გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები

პიერ-ემერიკ ობამეიანგი 2010-2011 წლების სეზონში “მონაკოში” თამაშობდა და 10 მატჩში ორი გოლი გაიტანა ლიგა 1-ში. მაშინ გაბონელი “მილანს” ჰყავდა განათხოვრებული საფრანგეთში.

ობამეიანგი ასევე იჯარით თამაშობდა “დიჟონში”, “ლილსა” და “სენტ ეტიენში”. მთლიანობაში მან საფრანგეთში 87 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 2013 წელს “დორტმუნდში” გადავიდა.

იმავე ობამეიანგს “მონაკოს” კარში “ლილისა” და “სენტ ეტიენის” მაისურით 2009 და 2011 წლებში აქვს გოლი გატანილი.

უსმან დემბელეს ლიგა 1-ში 26 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი, როდესაც “რენის” რიგებში გამოდიოდა. 2016 წლის 24 აპრილს, “მონაკოსთან” დემბელეს “რენი” დაზავდა (1:1).

რაფაელ გუერეირო კარიერა “კაენში” იწყებდა და ლიგა 2-ში 38 თამაშიც ჩაატარა. 2012-2013 წლების სეზონში მან “მონაკო” ორჯერ დაამარცხა (3:0, 1:0). 2013-2016 წლებში კი, იგი “ლორიენში” გამოდიოდა და 110 მატჩიც ჩაატარა. “მონაკოსთან” მისი პირადი ბალანსი ასეთია: 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

“მარსელის” რიგებში ბენჟამენ მენდის “დორტმუნდთან” ორჯერ წაუგია (0:3, 1:2). ეს 2013-2014 წლების სეზონში მოხდა.

გონსალო კასტრო კი, თავის მხრივ, “ლევერკუზენში” თამაშის დროს ორჯერ დამარცხდა “მონაკოსთან” (0:1, 0:1). 2013 წლის მაისში რადამე ფალკაოს გოლით “ატლეტიკომ” მარკ ბარტრას “ბარსელონას” აჯობა (2:1).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

უსმან დემბელე და კილიან მბაპე, ტომას ლემარი, ბენჟამინ მენდი და ჯიბრილ სიდიბე (საფრანგეთი)

ჟოაო მოუტინიო, ბერნარდო სილვა და რაფაელ გუერეირო (პორტუგალია)

ლუკაშ პიშჩეკი და კამილ გლიკი (პოლონეთი).

0.205347