16 წლის ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია კადეტთა შორის ევროპის თასზე ჩემპიონი გახდა. ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ პრესტიჟულ ასაკობრივ ტურნირზე საქართველოს გოგონათა ნაკრები 9 სპორტსმენით გამოვიდა და 2 მედალი მოიპოვა. ჭანტურია 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. +70 კილოგრამში კი სოფიო სომხიშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ოქროს გზაზე მარიამ ჭანტურიამ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ფინალამდე გერმანელ მარეიკ რედიგს, უკრაინის ნაკრების წევრ ქსენია სარქისიანს, ბრიტანელ ემილი კუპერსა და ლუქსემბურგელ ანეტა მოსრს მოუგო. საჩემპიონო ბრძოლაში კი გერმანელ ანაბელ ვინცინგს აჯობა.
სომხიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნახევარფინალიდან გადაერთო, თურქ მინ კალენდერთან წაგების შემდეგ. იქამდე უნგრელი სილვია ფარკაში და ესპანელი სარა ფერნანდეს კამპიო ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი კიდევ ერთი უნგრელი მეტოქე - პეტრა ფარაგო დაამარცხა.