ვიგოს „სელტას“ თავდამსხმელი ჯუზეპე როსი კვლავ ტრავმირებულია - 30 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება ლა ლიგის ბოლო ტურში „ეიბართან“ შეხვედრისას მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება იტალიელ შემტევს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული ჩანს.
საერთოდ, ჯუზეპე როსი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია. ერთ დროს, ევროპაში ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ მიიჩნეოდა, მაგრამ ჯერ იყო და, კარიერის პიკში მყოფმა „ვილიარეალში“ თამაშისას მიიღო უმძიმესი ტრავმა და ორი წელი გაუცდა, ხოლო შემდეგ ფლორენციის „ფიორენტინაში“ ბომბარდირობდა და იქაც, იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ საუკეთესო ფორმაში აგერ უკვე სამი წელია, ვერაფრით შევიდა.
არადა, 30 წლის ამერიკული ფესვების მქონე ფორვარდი ბოლო დროს კარგად ათამაშდა და ერთი კვირის წინ, ლა ლიგაში ჰეთ-თრიქიც გაიფორმა.