ჩოგბურთი

17:17 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო პირველ ჯგუფს ვერ შესწვდა

დასრულდა დევისის თასზე ვაჟთა შორის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველო - ლიტვის შეხვედრა, რომლებიც ამავე ზონის პირველ ჯგუფში გადასასვლელად იბრძოდნენ. შეხვედრას თბილისში „მზიურის“ კორტებმა უმასპინძლა. 3:2 გაიმარჯვა ლიტვამ. რაც შეეხება საქართველოს, იგი პირველ ჯგუფს ვერ შესწვდა და მომავალი სეზონიდან ასპარეზობას ისევ ამ ჯგუფში გააგრძელებს.

მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა მეორე ნომრად განთესილი გიორგი ცივაძისა (846, საქართველო) და ლუკას მუგევიჩუსის (400, ლიტვა) გამოდგა. მართალია, თავიდან ლიტველთა კაპიტანმა რიმვიდას მუგევიჩუსმა მეორე ნომრად ახალგაზრდა ტადას ბაბელისი დააყენა, მაგრამ როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, ეს ყველაფერი განზრახ იყო ჩაფიქრებული. ლიტველებმა გათვალეს, რომ ბასილაშვილი ამ შეხვედრაში უკონკურენტო იყო და ამიტომ მას ახალგაზრდა ბაბელისი დაუპირისპირეს. ცივაძის წინააღმდეგ კი გამოცდილი მუგევიჩუსი ათამაშეს, რომელმაც ერთი შეხვედრა გამოტოვა და ცივაძეზე უფრო დასვენებული იყო. დასვენებაზეც რომ არაფერი ვთქვათ, რეიტინგიდან გამომდინარე ფავორიტად მუგევიჩუსი ითვლებოდა.

პროგნოზი გამართლდა და პირველი ორი სეტის შემდეგ ლიტველი 2:0 დაწინაურდა. პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. 4:4-ის შემდეგ მუგევიჩუსმა უპირატესობის მოპოვება შეძლო და ცივაძე 6:4 დაამარცხა. მეორე სეტში ლიტველის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა იყო და ამჯერად, მეტოქე 6:2 დაამარცხა.

იგრძნო რა დამარცხების მოახლოება, მესამე სეტში ცივაძემ ძალები მოიკრიბა, 6:1 დაამარცხა მუგევიჩუსი და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2. გადამწყვეტი მეოთხე სეტი გამოდგა. ეს სეტი ლიტველის უპირატესობით დაიწყო. 5:2-ის შემდეგ ცივაძე კი გააქტიურდა, მაგრამ ვეღარ შეძლო სეტის გადარჩენა, დამარცხდა 4:6 და საერთო ჯამში 1:3 წააგო ეს შეხვედრა.

საერთო ჯამში გამარჯვება ლიტველებს დარჩათ, რომლებმაც 3:2 შეძლეს მასპინძლების დამარცხება.

მართალია, საქართველო - ლიტვის დაპირისპირების უპირობო ფავორიტი ბასილაშვილი იყო, რომელმაც ერთეულთა თანრიგში ორივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ამიტომ დავმარცხდით.

თბილისში ჩამოსვლისას პრესკონფერენციაზე ლიტველთა კაპიტანმა მუგევიჩუსმა განაცხადა, რომ ისინი თბილისში მოსაგებად არიან ჩამოსულები და სხვა შედეგი მათ არ დააკმაყოფილებდათ. ეტყობა ბალტიისპირელებმა ყველაფერი კარგად გათვალეს და საწადელსაც მიაღწიეს.

0.31649