როგორც იქნა, დასრულდა ვაჟთა შორის ჩოგურთში ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ლიტვის წყვილთა შეხვედრა. საქართველოს წყვილს ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე შეადგენდნენ, ლიტვის - ლაურინას გრიგელისი და ლუკას მუგევიჩუსი. წვიმის გამო თამაში სამჯერ შეწყდა, ამის გამო გაიწელა და 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.
ამ შეხვედრაში რეიტინგიდან გამომდინარე ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ. პროგნოზი გამართლდა და ბალტიისპირელებმა 3:0 (6:4, 6:3, 6:3) გაიმარჯვეს და 2:1 დაწინაურდნენ.
მატჩის ბედი ხვალ, ერთეულთა 2 შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ლიტველთა 1-ლი ნომერი ლაურინას გრიგელისი იქნება. თუ ლიტველთა გუნდის კაპიტანმა რიმვიდას მუგევიჩუსმა თავის გადაწყვეტილება არ შეცვალა, როცა მეორე ნომრად ტადას ბაბელისი დააყენა, იგი უნდა იყოს გიორგი ცივაძის მეტოქე. დიდი შანსია, რომ ლიტველთა კაპიტანმა მისი პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალოს და ცივაძის წინააღმდეგ გამოცდილი ლუკას მუგევიჩუსი ათამაშოს. დარჩენილი ორი შეხვედრიდან სტუმრებს 1 მატჩის მოგებაც ჰყოფნით. მასპინძლებმა კი დასახული მიზნის მისაღწევად ორივე თამაში უნდა მოიგონ.
ხვალ მატჩი 12 საათზე განახლდება.







