ლუის ჰამილტონი ისევ პოულზეა. ჩინეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის მიწურულს, მან წრე წუთსა და 31.678 წამში გაიარა და უკან ჩამოიტოვა სებასტიან ფეტელი, რომელიც მელბურნის მსგავსად, შანჰაის რბოლასაც წინა რიგიდან დაიწყებს. ფეტელმა სულ რაღაც, 0.001 წამით აჯობა ჰამილტონის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს.
თავისი შედეგით, ჰამილტონმა შანჰაის ტრეკის წრის რეკორდი, რომელიც მიხაელ შუმახერმა 2004 წელს დააფიქსირა, დაახლოებით ნახევარი წამით გააუჯმჯობესა. ეს ჰამილტონის კარიერაში 63-ე პოულია და მას ხუთი კვალიფიკაციის მოგებაღა აშორებს იმავე შუმახერის რეკორდთან (68 პოულ პოზიცია). დაკიდევ, ბოლო 61 რბოლაში, „მერსედესის“ მანქანა სტარტზე მოწინავე პოზიციას 58-ედ დაიკავებს.
საკვალიფიკაციო სესიის პირველ ორ ნაწილში, ფეტელს საუკეთესო დრო ჰქონდა. მესამე ნაწილში ჰამილტონმა პირველივე ცხდაზე აჯობა თავის მეტოქეს, თუმცა ერთ მოსახვევში შეცდა და მართალია, მანქანაზე კონტროლის შენარჩუნება შეძლო, მაგრამ დროც მაინც დაკარგა.
მეორე რიგი ფინურია - იქ ბოტასს გვერდს კიმი რაიკონენი დაუმშვენებს. ამგვარად, პირველი ოთხეულის განლაგება, მელბურნის სასტარტო რიგის ანალოგიური იქნება. მათ უკან დანიელ რიკიარდო და ფელიპე მასა დადგებიან.
მე-13 დროს დასჯერდა ფერნანდო ალონსო, ვინც რბოლის პირველი ნაწილის შემდეგ, თავისიანებთან რადიოთი დაიჩივლა - ცხოველივით გარჯა დამჭირდა ამის მისაღწევადო. ეს კი უმალ აიტაცა „სკაი სპორტსის“ კომენტატორმა, თავადაც წარსულში ფ1-ის პილოტმა მარტინ ბრანდლმა.
არ გაუმართლა მაქს ფერსტაპენს, რომელმაც ბოლოდან მეორე შედეგი დააფიქსირა. ეს კი მისი ძრავის „დამსახურებაა“. არ გაუმართლა „ზაუბერის“ ანტონიო ჯოვანაცის, რომელიც ჩინეთშიც პასკალ ვერლაინს ცვლის. იტალიელმა პილოტმა ბოლო მოსახვევში მანქანაზე კონტროლი დაკარგა და კედელს დაეჯახა, რომლის დამცავი ზოლიც სარემონტო შეიქნა. ამ საქმეს ტრასის თანამშრომლებმა სწრაფად გაართვეს თავი.
ჩინეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31.678
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.864
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:31.865
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:32.140
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:33.033
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:33.507
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:33.580
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:33.706
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:33.719
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:34.220
- - - - - - - - - -
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:34.150
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:34.164
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:34.372
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:35.046
- ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:35.023
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:35.223
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:35.279
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:35.433
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:35.496







