იყვნენ და დღესაც არიან ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში მკვეთრად უკეთ თამაშობენ, ვიდრე ნაკრებში. არიან პირიქითაც. დღეს პირველ კატეგორიას შემოგთავაზებთ: კლუბებში სახელმოხვეჭილი ვარსკვლავები.
ალბათ, ბევრი იტყვის არგენტინელ ლეო მესიზე, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს: მესის გარეშე არგენტინის ნაკრები იშვიათად იგებს და როცა მესი თამაშობს, მეტწილად იმარჯვებს. ასეა მიმდინარე შესარჩევ ციკლშიც. თანაც, მესის კარიერა არ დაუსრულებია და ვინ იცის, ეგებ, დიდი გამარჯვებები ელის "ალბისელესტეში".
რობერტო მანჩინი(იტალია): ალბათ, ყველაზე მკაფიო მაგალითი... მანჩინი უდავო ლიდერი იყო ბრწყინვალე "სამპდორიისა". კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ჯანლუკა ვიალისთან ერთად წინ ბრწყინვალე დუეტს ქმნიდა. მანჩინის დამსახურებაა, რომ "სამპმა" 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყსში ბევრი ტიტული მოიგო. გარდა ამისა, მშვენივრად ითამაშა "ლაციოშიც".
და ნაკრებში? 36 თამაში და მხოლოდ 4 გოლი. მანჩინიზე დიდ იმედებს ამყარებდნენ 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, 1990 წლის მუნდიალზე, მაგრამ დარჩა და დარჩა საკლუბო ფეხბურთელად.
კლარენს ზეედორფი(ჰოლანდია): ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სამ სხვადასხვა კლუბში მოუგია ჩემპიონთა ლიგა. რომ გადავხედოთ მის საკლუბო და სანაკრებო კარიერას, მკვეთრი განსხვავებაა. "ნარინჯისფერებში" ზეედორფი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, აი, საკლუბოდონეზე კი...
მანსინი(ბრაზილია): ბრწყინავდა "რომაში". შეიძლება ითქვას, სამი წლის განმავლობაში "რომას" ნომერ მეორე ფეხბურთელი იყო (პირველი, გასაგებია, ვინც გახლდათ), მაგრამ ნაკრებში? რამდენჯერაც ათამაშეს, ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთა. ჯამში მხოლოდ 6 მატჩი მოუგროვდა (უგოლოდ), მერე კი დუნგამ საერთოდ ხელი აიღო მასზე...
"ეგებ, ვინმემ შეახსენოს დუნგას ჩემი თავი. გასაგებია, რომ რონალდინიო არსებობს, მაგრამ მარჯვენა შემტევადაც შემიძლია თამაში" - ეს მანსინის სიტყვებია.
ალენ ბოქშიჩი (ხორვატია): მხოლოდ საკლუბო დონეს თუ ავიღებთ, ალენ ბოქშიჩი დავორ შუკერზე ნაკლები ფეხბურთელი არ იყო. აი, სანაკრებოზე კი რა გითხრათ. ბოქშიჩმა ევრო-1996 სუსტად ჩაატარა, ხოლო ხორვატებისთვის დაუვიწყარ მუნდიალზე (1998) საერთოდ ვერ ითამაშა ტრავმის გამო.
მხოლოდ 10 სანაკრებო გოლი ძალიან ცოტაა ისეთი თავდამსხმელისთვის, რომელიც სერია ა-ში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. "ლაციო", "იუვენტუსი", მანამდე ფრანგული "მარსელი" - ბოქშიჩი ყველა ამ გუნდში შეუცვლელი ფიგურა და მეტიც, ლიდერთაგანი გახლდათ.
მარიო ბასლერი (გერმანია): 30 მატჩი, 2 გოლი - მწირი სტატისტიკაა ამ დონის ფლანგელი ნახევარმცველისთვის. ეს მიუხედავად იმისა, რომ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი გაუცდა ტრავმის გამო. სულ სხვა იყო "სუპერმარიო" "ვერდერსა" და "ბაიერნში", სულ სხვა - ნაკრებში.
იან რაიტი (ინგლისი): ნაკრებში 9 გოლი გაიტანა და აქედან 4 - სან მარინოს კარში. ძალიან ცოტაა იმ ფორვარდისთვის, რომელსაც 90-იანი წლების პირველ ნახევარში ინგლისურ პრემიერლიგაში გოლები პანტა-პუნტით გაჰქონდა. "არსენალში" და მანამდე "კრისტალ პალასშიც" შესაშური შედეგიანობით გამოირჩეოდა. "მეთოფეებში" 128 გოლი მიითვალა.
დანიელე მასარო (იტალია): ჩემპიონთა თასის ფინალში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მთელ სანაკრებო კარიერაში. ფინალი: "მილანი"-"ბარსელონა" 4:0 და მასაროს დუბლი პირველ ტაიმში.
უძლიერესი "მილანის" წევრი გახლდათ: ზოგჯერ შეცვლაზე შედიოდა, ზოგჯერაც ძირითადში იყო. რვა სეზონი გაატარა დიდ კლუბში. ნაკრებში კი ერთადერთი გოლი გაიტანა. მეტიც, სწორედ მასარომ გააცუდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პენალტი მუნდიალ-94-ის ფინალში, ბრაზილიასთან.
დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი): 1993 წლის 17 ნოემბერი, მუნდიალის შესარჩევის ბოლო ტური, საფრანგეთი-ბულგარეთი, 1:1 და 90-ე წუთია. ეს შედეგი ფრანგებს ხელს აძლევთ, მაგრამ ემილ კოსტადინოვს გოლი გააქვს და ბულგარელები იგებენ. საფრანგეთი მსოფლიოზე ვერ გავიდა. სწორედ ამ გოლის მერე შეწყდა ჟინოლას სანაკრებო კარიერა...
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ჟერარ ულიემ გარემარბს დააბრალა გაშვებული გოლი, მანამდე ბურთი ჩვენ გვქონდა, ვუტევდით და ჟინოლამ უმისამართოდ ჩააწოდაო. ამ გამონათქვამს მთელი გარჩევები მოჰყვა, ჟინოლამაც გაილაშქრა მწვრთნელის წინააღმდეგ. მართალია, ემე ჟაკე დავიდს 1995 წელსაც ათამაშებდა ნაკრებში, მაგრამ მხოლოდ ამხანაგურებში და ისიც - შეცვლაზე. 17 მატჩი, 3 გოლი - სულ ესაა ჟინოლას სანაკრებო სტატისტიკა, რაც მისი კლასის ფეხბურთელის კვალობაზე სასაცილოც კი არის.
ჟინოლა ბრწყინავდა პსჟ-ში, "ნიუკასლსა" და "ტოტენჰემში".
შტეფან ეფენბერგი (გერმანია): 1994 წლის მუნდიალზე ქომაგებისთვის შუა თითის აწევა სანაკრებო კარიერის დასრულებად დაუჯდა ეფენბერგს. სამჯერ მოიგო ბუნდესლიგა, კარიერაში მთავარი ტიტული კი 2001 წელს მოიპოვა "ბაიერნთან" ერთად: ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეფენბერგი ოტმარ ჰიტცფელდის გუნდის ლიდერი გახლდათ. ის არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი მოტივატორიც იყო.
ბერნდ შუსტერი (გფრ): 1980 წელს გფრ-ის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და შუსტერმაც დიდი წვლილი შეიტანა ამაში, მაგრამ 24 წლის ასაკში შეწყვიტა ნაკრებში თამაში. რატომ? მწვრთნელ იუპ დერვალთან და ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტის გამო. შემდგომში ფრანც ბეკენბაუერი ეხვეწებოდა, ნაკრებში დაბრუნდიო, მაგრამ შუსტერმა უარი განაცხადა... ფეხბურთელის მეუღლე და აგენტიც ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ თავიანთი გამონათქვამებით.
"ბარსელონაშიც" ბრწყინვალე იყო და "რეალშიც". და აი, ასეთ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ არ უთამაშია.
ხოსე მარია ბაკერო (ესპანეთი): ნაკრებში 7 გოლი აქვს გატანილი და ყველა - სუსტ მეტოქეებთან. "სოსიედადში" ლიდერი იყო, ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და შემდეგ "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ასევე ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა - არაერთი გადამწყვეტი გოლიც აქვს გატანილი.
ბაკეროს გოლი რომ არა, 1992 წელს "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას არათუ ვერ მოიგებდა, ჯგუფშიც კი ვერ გავიდოდა. "კაიზერსლაუტერნთან" ვარდებოდა და ბაკერომ ბოლო წამებზე გაიტანა.
მეტ ლე ტისიე (ინგლისი): 16 სეზონი გაატარა "საუთჰემპტონში", კლუბის ლეგენდაა და მთლიანად ინგლისში დაფასებული ფეხბურთელი გახლდათ. გოლები, საგოლე პასები, ტექნიკური თამაში - ლე ტისიე უდავოდ კარგი ფეხბურთელი იყო და მიუხედავად უამრავი წინადადებებისა, "საუთჰემტონი" არ დატოვა. ნაკრებში კი, მხოლოდ 8 უგოლო მატჩი.
რობი ფაულერი (ინგლისი): 90-იან წლებში "ლივერპულის" თილისმამ ნაკრებში მხოლოდ 7 გოლის გატანა შესძლო. თანაც, მაინცდამაინც, დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ბურთი არ გაუტანია. ამ დროს კი, პრემიერლიგაში 231 გოლი მოაგროვა. ევრო-96, ევრო-2000 და მუნდიალ-2002 - იყო დიდ ტურნირებზე, თუმცა კვალი არ დაუტოვებია.
რიკარდო ბოჩინი (არგენტინა): მთელი კარიერა "ინდეპენდიენტეში" გაატარა, ეს კლუბი კი მაშინ მსოფლიოს აზარზარებდა. ნაკრებში? 28 მატჩი, 8 გოლი... ნაკრებში მარიო კემპესმა დაჩრდილა. ბოჩინი არგენტინის ჩემპიონატის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევა.
რიკარდო ბოჩინი დიეგო მარადონას კერპი გახლდათ. ამით ყვეკაფერია ნათქვამი.
მარიო ჟარდელი (ბრაზილია): თავდამსხმელს არანორმალური სტატისტიკა ჰქონდა "პორტუში", "გალათასარაისა" და "სპორტინგში", ნაკრებში კი მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ისიც ტაილანდთან. არც მარიო ზაგალო აფასებდა, არც ლუშემბურგო და არც ლუის ფელიპე სკოლარი. მიზეზად მისი არაბრაზილიური სათამაშო მანერა სახელდებოდა, უწუნებდნენ საჯარიმოს გარეთ თამაშსაც. ისე, იმ პერიოდში ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ჟარდელიც არავის გახსენებია... რონალდო, რივალდო და რონალდინიო თამაშობდნენ.
ჯოვანე ელბერი (ბრაზილია): იგივე შეგვიძლია დავწეროთ, რაც ჟარდელზე. ორივენი ერთ პერიოდში ბობოქრობდნენ. საუკეთესო წლები, რა თქმა უნდა, "ბაიერნში" გაატარა - ექვსი სეზონი. ბევრი ტიტული მოიგო, ერთხელ ბუნდესლიგის ბომბარდირიც გახდა. 2002 წელს სკოლარიმ მუნდიალზე არ წაიყვანა და ეს დავის საგანი გახდა, თუმცა ერთი თვის თავზე ელბერის არწაყვანა ვიღას ახსოვდა. ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 15 მატჩი, 7 გოლი - ელბერის სტატისტიკა ნაკრებში.
სია უფრო ვრცელიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ვეცადეთ, საუკეთესონი ამოგვერჩია. საერთოდ, ეს მუდამ საკამათო თემაა. მოქმედ ფეხბურთელებზე დაწერას კი თუნდაც იმიტომ მოვერიდეთ, რომ არავინ იცის, ხვალ-ზეგ როგორ ითამაშებენ ნაკრებში.