ფეხბურთი

11:30 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” VS “რეალი” – სტატისტიკა, ისტორია, ფაქტები

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე ცენტრალური მატჩი ცალსხად მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” თამაშია – აქამდე ევროსარბიელზე ორი ტიტანის გზა 22-ჯერ გადაკვეთილა და ამდენჯერ ერთმანეთში ევროტურნირებზე არცერთ სხვა გუნდებს არ უთამაშიათ – ეს ფაქტიც მეტყველებს ყველაფერზე.

WORLDSPORT.GE აღნიშნული მატჩის თაობაზე თამაშის კონკრეტულ დღეს რაღა თქმა უნდა, გაცილებით დაწვრილებით გამცნობთ, მაგრამ ახლა საინტერესო იქნება გავეცნოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას, სტატისტიკას, ფაქტებსა და დეტალებს.

ორივე გუნდმა მერვედფინალური ბარიერი ადვილად დაძლია – “რეალმა” “ნაპოლი” დაამარცხა (3:1, 3:1), ხოლო “ბაიერნმა” “არსენალს” კოშმარული დღე აყარა (5:1, 5:1).

ურთიერთშეხვედრები

ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში “ბაიერნი” და “რეალის” გზები მესამედ გადაიკვეთა. საერთოდ კი, პლეი-ოფის სტადიაზე აქამდე 10-ჯერ დაუპირისპირდნენ და ყველა შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე.

ყველაზე დიდი სხვაობა 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც “სამეფო კლუბმა” ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა მრისხანე მეტოქე. მადრიდში “რეალმა” ქარიმ ბენზემას გოლით მოიგო, ხოლო მიუნხენში გერმანელებს ორ-ორი გოლი სერხიო რამოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ “რეალს” “ბაიერნის” დღევანდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი წვრთნიდა.

2014 წლის 29 აპრილს, “ალიანც არენაზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, კროოსი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი (პიზარო 72), რიბერი (გიოტცე 72), მანჯუკიჩი (ხავი მარტინესი 46)

“რეალი”: კასილიასი, კარვახალი, რამოსი (ვარანი 75), პეპე, კოენტრაუ, ჩაბი ალონსო, მოდრიჩი, დი მარია (კაზემირო 84), ბეილი, რონალდუ (ისკო 80)

2011-2012 წლების სეზონში კი, ასევე ნახევარფინალში უფრო ძლიერი “ბაიერნი” გამოდგა – “რეკორდმაისტერმა” ფინალში თამაშის უფლება პენალტების სერიაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. ორივე შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. მიუნხენში, ფრანკ რიბერიმ და მარიო გომესმა გაიტანეს, ხოლო მადრიდელთაგან თავი მესუტ იოზილმა გამოიჩინა.

2012 წლის 17 აპრილს მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:

“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, ლუის გუსტავო, კროოსი, შვაინშტაიგერი (მიულერი 61), რობენი, რიბერი, გომესი

“რეალი”: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ხედირა, ჩაბი ალონსო, დი მარია (გრანერო 79), იოზილი (მარსელო 69), ბენზემა (იგუაინი 84), რონალდუ

საპასუხო თამაშში, მადრიდში კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა (მე-6 (პენალტი) და მე-14 წუთებზე), ხოლო არიენ რობენმა პენალტით სხვაობა შეამცირა (27-ე წუთზე). დარჩენილ დროში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში იუპ ჰაინკესის გუნდმა იმძლავრა (3:1). ჟოზე მოურინიოს შეგირდთაგან ერთადერთი თერთმეტმეტრიანი ჩაბი ალონსომ გაიტანა, ხოლო მიუნხენელთაგან დავიდ ალაბამ, მარიო გომესმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა არ დაუშვეს შეცდომა. კრიშტიანუ რონალდუმ, რიკარდო კაკამ და სერხიო რამოსმა ვერ გაიტანეს, იგივე რამ გერმანელთა მხრიდან ფილიპ ლამსა და ტონი კროოსს მოუვიდათ.

“ბაიერნმა” “რეალს” 2006-2007 წლების სეზონში, მერვედფინალურ ეტაპზეც აჯობა. ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო 4:4, მაგრამ “რეკორდმაისტერი” მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით აღმოჩნდა. ესპანეთში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, ხოლო მიუნხენში 1:2 წააგეს. სხვათა შორის, როი მაკაიმ სწორედ ამ თამაშში გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი.

“რეალის” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ზინედი ზიდანს “ბაიერნის” კარში 2003-2004 წლების სეზონში აქვს გატანილი. მაშინ, მერვედფინალში, გერმანიაში 1:1 დაფიქსირდა, ხოლო მადრიდში ფრანგის გოლით “სამეფო კლუბმა” იმარჯვა.

2000-2002 წლებში კი, ეს გუნდები ზედიზედ სამი სეზონი ხვდებოდნენ ერთმანეთს – სამივე შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 1999-2000 წლებში “რეალი” გამოვიდა გამარჯვებული (2:0, 1:2), 2000-2001 წლების სეზონში “ბაიერნმა” აჯობა მეტოქეს (1:0, 2:1), ხოლო 2001-2002 წლებში ესპანელები გავიდნენ მომდევნო ეტაპზე (1:2, 2:0).

1999-2000 წლების სეზონში “ბაიერნმა” “რეალს” მეორე ჯგუფურ ეტაპზე ორივე თამაში მოუგო – 4:2 მადრიდში და 4:1 მიუნხენში.

გერმანელებს ასევე მოგებული აქვთ პირველი ორი დაპირისპირება: 1975-1976 წლებში (1:1, 2:0) და 1986-1987 წლებში (4:1, 0:1). “რეალმა” კი “ბაიერნის” ბარიერი პირველად 1987-1988 წლების სეზონში დაძლია (2:3, 2:0).

საბოლოო ჯამში გამოვიდა 22 თამაში და უპირატესობა “ბაიერნის” მხარესაა: 11 მოგება, 2 ფრე და 9 მარცხი. 33:31 – ბურთების შეფარდებაც “რეკორდმაისტერის” სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი საკუთარ მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ განსაკუთრებულად კარგად გამოდის. “ბაიერნმა” შინ ერთადერთხელ წააგო 2014 წელს, ხოლო მთლიანობაში, მიუნხენში “რეალთან” სტატისტიკა ასეთია: 9 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 24 გატანილი და 14 გაშვებული გოლი. თავის მხრივ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბაიერნს” ორჯერ აქვს მოგებული: 2 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება, 9 გატანილი და 17 გაშვებული გოლი.

სტატისტიკა

“ბაიერნი”

ეს იქნება “ბაიერნისთვის” 28-ე მეოთხედფინალი ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზე) და ქედან მეექვსე ზედიზედ. ბოლო ხუთივე შემთხვევაში გერმანულმა გიგანტმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. მთლიანობაში კი, მეოთხედფინალში ბალანსი ასეთი აქვს: 18 მოგება, 9 წაგება.

უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება – “რეკორდმაისტერი” მეთექვსმეტედ ითამაშებს და ეს რეკორდია. მეორე ადგილზეა “ბარსელონა” (15).

ერთი წლის წინ ამავე ეტაპზე მიუნხენელბმა ლისაბონის “ბენფიკას” აჯობეს (1:0, 2:2). ბოლოს კი, მეოთხედფინალში “ბაიერნი” “ბარსელონასთან” დამარცხდა 2008-2009 წლების სეზონში (0:4, 1:1).

“ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 16 თამაში აქვს სახლში მოგებული. მათ შორის, ოთხი მიმდინარე სეზონში.

“ბაიერნმა” ორი მატჩის ჯამში “არსენალი” 10:2 გაანადგურა და ეს მერვედფინალში ყველაზე დიდ სხვაობათა შორის, მეორე მაჩვენებელია. რეკორდი კი, სწორედ გერმანელებს ეკუთვნით – 2008-2009 წლების სეზონში “სპორტინგს: 12:1 აჯობეს.

პლეი-ოფში “ბაიერნის” შედეგი ესპანურ გუნდებთან თანაბარია: 9 მოგება – 9 წაგება. შარშან, მიუნხენელები გათამაშებას სწორედ ესპანურმა კლუბმა, კერძოდ, მადრიდის “ატლეტიკომ” გამოთიშა. ეს იყო, “ბაიერნის” ზედიზედ მესამე მარცხი ნახევარფინალში და სამჯერვე ესპანურ გუნდებთან.

“ბაიერნს” მიმდინარე სეზონში ესპანური კლუბი დამარცხებული ჰყავს – “ატლეტიკო” ჯგუფურ ეტაპზე შინ 1:0. თუმცა, მანამდე ამავე ანგარიშით მადრიდშიც წააგო. “ალიანც არენაზე” “რეკორდმაისტერი” ესპანელებთან შემდეგნაირად თამაშობს: 18 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება.

“რეალი”

“რეალი” მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია. “სამეფო კლუბი” მეოთხედფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა და შეუძლია გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს.

ჩემპიონთა თასის შედეგებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, ეს “რეალისთვის” 34-ე მეოთხედფინალი იქნება. “რეალი” მეოთხედფინალში ბოლოს 2004 წელს, “მონაკოსთან” დამარცხდა.

12 თვის წინ, ზინედინ ზიდანის გუნდმა ამავე ეტაპზე გერმანული “ვოლფსბურგი” დამაარცხეს – 0:2, 3:0.

ვოლფსბურგში წაგებული მატჩი იყო ერთადერთი მარცხი ბოლო ათი საგარეო შეხვედრიდან ჩემპიონთა ლიგაზე.

“რეალი” ჯგუფურ ეტაპზე “დორტმუნდს” ეთამაშა და ორივე შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. გერმანიაში კი, “სამეფო კლუბის” სტატისტიკა ასეთია: 4 მოგება, 7 ფრე, 19 წაგება.

რაც შეეხება პლეი-ოფს გერმანელების წინააღმდეგ: 13 მოგება, 8 წაგება. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს უკანასკნელი 5 ორმატჩიანი დუელი გერმანული გუნდების წინააღმდეგ მოგებული აქვთ და ჯამში 25 გოლი გაიტანეს.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

კარლო ანჩელოტი “რეალის” მთავარი მწვრთნელი იყო 2013-2015 წლებში: 119 თამაში, 89 მოგება, 14 ფრე, 16 წაგება. იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს 12 წლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ნახევარფინალში სწორედ “ბაიერნი” დაამარცხა.

ანჩელოტი “რეალს” “მილანის” თავკაცობისას ორჯერ დაუპირისპირდა – “როსონერიმ” 2002-2003 წლების სეზონში 1:0 მოიგო სახლში, ხოლო სტუმრად 1:3 წააგო. ეს ყველაფერი ჯგუფურ ეტაპზე იყო, ტურნირში კი, საბოლოოდ “მილანმა” იჩემპიონა.

ზინედინ ზიდანი “რეალში” ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

ჩაბი ალონსოს “რეალის” მაისურით 158 მატჩი აქვს ჩატარებული 2009-2014 წლებში და გაიტანა 4 გოლი.

გარდა ამისა, ესპანელს “რეალის” წინააღმდეგ რვაჯერ უთამაშია (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გამარჯვება “ლივერპულთან” ერთად 2009 წელს მერვედფინალში (1:0, 4:0).

არიენ რობენს “რეალის” შემადგენლობაში 50-ჯერ უთამაშია და 11 გოლი გაიტანა.

ტონი კროოსი “ბაიერნში” 2007-2014 წლებში ირიცხებოდა და 130 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

ალვარო მორატა კინგსლი კომანთან და არტურო ვიდალთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” თამაშობდა. შარშან ესპანელმა “ბაიერნის” წინააღმდეგ 4:6 წააგო მერვედფინალში, თვითონ კი, თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

არტურო ვიდალს “იუვენტუსის” მაისურით “რეალის” კარში გოლი აქვს გატანილი 2013-2014 წლების სეზონში. თავის მხრივ, ქარიმ ბენზემამ “ბაიერნს” “ლიონის” შემადგენლობაში გაუტანა 2008-2009 წლების სეზონში.

რობერტ ლევანდოვსკიმ “დორტმუნდში” თამაშის დროს “რეალის” კარი ერთ შეხვედრაში ოთხჯერ აიღო – 2012-2013 წლების სეზონში.

ესპანეთში უთამაშიათ:

ხავი მარტინესი (“ბილბაო” 2006-2012, 1 მოგება, 12 წაგება “რეალის” წინააღმდეგ)

ხუან ბერნატი (“ვალენსია” 2011-2014, 1 მოგება, 2 წაგება)

ტიაგო ალკანტარა (“ბარსელონა”, 2009-2013, 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება)

გერმანიაში უთამაშია:

დანი კარვახალი (“ლევერკუზენი”, 2012-2013, 1 მოგება, 2 წაგება “ბაიერნის” წინააღმდეგ)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი და დანი კარვახალი, ნაჩო მონრეალი, სერხიო რამოსი, ისკო, ალვარო მორატა, ლუკას ვასკესი (ესპანეთი)

რენატუ სანჩესი და პეპე, ფაბიო კოენტრაუ, კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

ტონი კროოსი და მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი, ჟერომ ბოატენგი, ტომას მიულერი (გერმანია)

დანილო, მარსელო, კაზემირო და დუგლას კოშტა (ბრაზილია)

რაფაელ ვარანი, ქარიმ ბენზემა და კინგსლი კომანი (საფრანგეთი).

0.119078