საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ლიტვის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებების მატჩის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის მონაწილეებმა მასმედიის კითხვებს უპასუხეს.
გრეგ ვოლჩიკი (შეხვედრის მთავარი მსაჯი): "მატჩის მონაწილე ორივე გუნდს შეუძლია ნებისმიერი წყვილის მონაწილე ჩოგბურთელი, შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, სხვა ჩოგბურთელით ჩაანაცვლოს’’.
ტარიელ ხეჩიკაშვილი (საქართვედლოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი):“ჩოგბურთი საქართველოში სპორტის ერთ-ერთი პოპულარული და წამყვანი სახეობაა. ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიტვის დიდი პატივისცემის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას ჩვენი ნაკრები მიაღწევს და პირველი ჯგუფის საგზურისათვის ბრძოლას გააგრძელებს.
ალექსანდრე (უმცროსი) მეტრეველი (საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):
ამაზე უკეთეს კენჭისყრას ვერც ვინატრებდით. კარგია, რომ შეხვედრას ჩვენი გუნდის პირველი ნომერი ალექსანდრე ბასილაშვილი იწყებს. დაწინაურების შემთხვევაში მეტი შანსი გვაქვს, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.
-შეხვედრაში როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის მოგების შანსს ?
- ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსი აქვს.
- რატომ თანაბარი შანსი. ლიტველებს არ ჰყავთ გუნდის ლიდერი რიკარდას ბერანკისი (138) ბასილაშვილს ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამას ჩვენს სასარგებლოდ ის ფაქტიც დაემატა, როდესაც ლიტველთა გუნდის კაპიტანმა რიმვიდას მუგევიჩუსმა მეორე ნომრად, გიორგი ცივაძეზე (846) ბევრად უფრო დაბალი რეიტინგის მქონე ტადას ბაბელისი(1330) დააყენა...
- დარწმუნებული ვარ, რომ ლიტველთა გუნდის კაპიტანმა ბაბელისი მეორე ნომრად სიმბოლურად დააყენა. სინამდვილეში კი მეორე ნომრად გუნდში მეორე რეიტინგის მქონე ლუკას მუგევიჩუსს(400) ათამაშებს, რომელსაც ცივაძეზე ბევრად უფრო მაღალი რეიტინგი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ამ ზონაში პირველი ჯგუფის ორი საგზურისათვის ბრძოლაში 16 ნაკრები ჩაება. ბადის ზედა ნაწილში საქართველო, ფინეთი, შვედეთი, ლიტვა, თურქეთი, ტუნისი, კვიპროსი და მადაგასკარი მოხვდნენ. ამ გუნდებიდან პირველი ჯგუფის საგზურისათვის ბრძოლას საქართველო, ლიტვა, თურქეთი და შვედეთი აგრძელებენ. მეოთხედფინალში ხელმოცარული გუნდები კი მეორე ჯგუფში დასარჩენად იბრძვიან.
საქართველო-ლიტვის შეხვედრის კენჭისყრის შედეგები და თამაშების განრიგი:
7 აპრილი (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ტადას ბაბელისი
გიორგი ცივაძე- ლაურინას გრიგელისი
8 აპრილი (წყვილები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე - ლაურინას გრიგელისი/ლუკას მუგევიჩუსი
9 აპრილი (ერთეულები)
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლაურინას გრიგელისი
გიორგი ცივაძე - ტადას ბაბელისი
7 აპრილს თამაში დაიწყება 12:00 საათზე, 8-ში 14:00-ზე და 9-ში 12:00-ზე. გულშემატკივრები თამაშებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.