ავტოსპორტი

3:46 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ ფ1-სთვის საკუთარი ძრავის შექმნას არ აპირებს

„მაკლარენი“ ფორმულა 1-სთვის საკუთარი ძრავის შექმნას და გამოყენებას გამორიცხავს და იმედი აქვს, რომ „ჰონდასთან“ ერთად შეძლებს გაჭიანურებული კრიზისიდან თავის დაღწევას. სეზონისწინა ტესტებზევე გამოვლინდა, რომ არასაიმედობის გარდა, იაპონური კომპანიის ძრავები ნაკლები სიმძლავრითაც გამოირჩევა.

„მაკლარენ ავტომოტივი“, თავისი სუპერ ავტომობილებისთვის თავადვე აწარმოებს აგრეგატებს, მაგრამ „მაკლარენის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაკ ბრაუნი აცხადებს, რომ მისი კომპანია ფ1-ში „ჰონდას“ ნაცვლად, საკუთარ ძრავებზე გადასვლას არ აპირებს.

„მაკლარენ ავტომოტივი, ჩვენი კომპანიის სხვა ბიზნესია, თუმცა ჩვენ საერთო აქციონერები გვყავს. ისინი საკუთარ ძრავებს აწარმოებენ, მაგრამ ფ1-ის გუნდს განსხვავებული ეკონომიკური პრიორიტეტები აქვს. ამიტომ, ამ თემაზე ჩვენ ლაპარაკი არც გვაქვს. რა იქნება 10 წლის შემდეგ? ამაზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ამ ეტაპზე, ეს თემა არ განიხილება. ჩვენ არ ვართ ძრავების მწარმოებლები. ჩვენ სარბოლო გუნდი, მანქანის კონსტრუქტორები ვართ“, - ამბობს ბრაუნი.

მელბურნის რბოლის შემდგ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებდა, რომ „მაკლარენმა“ სიტყვა ჩამოუგდო თავის ყოფილ პარტნიორ „მერსედესს“ იმაზე, რომ თუ „ჰონდასთან“ საქმის გაგრძელება აზრს დაკარგავს, შესაძლოა ძრავები მათგან შეიძინოს. მაგრამ ბრაუნი ხაზგასმით ამბობს, ამჟამად გუნდის მთავარი მიზანი ისაა, რომ „ჰონდასთან“ დაწყებული თანამშრომლობა წარმატებული გახდეს.

„ჩვენ „ჰონდასთან“ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ კონკურენტუნარიანები, შემდეგ კი ჩემპიონობისთვის ბრძლას დავუბრუნდეთ. ასე რომ, ჩვენს შორის რეალური დაძაბულობა არ არსებობს. ჩვენ ყველას გვაინტერესებს, როგორ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში და როგორ დავაღწიოთ მას თავი“, - დასძენს ბრაუნი.

„მაკლარენში“ ელიან, რომ ჩინეთის დიდი პრიზის რბოლაში უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანები იქნებიან, ვიდრე ავსტრალიაში. ამის მიზეზი ისაა, რომ შანჰაის ტრასა, თავისი გრძელი სწორი მონაკვეთებით, უფრო მომთხოვნია ძრავებისადმი, ვიდრე მელბურნის ალბერტ პარკი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168299