ფეხბურთი

14:19 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საკუთარ წვენში

ამ პრობლემაზე ადრეც დაგვიწერია და ყველაფერს თითქოს ქართული კლუბების ყოფასთან, საბოლოოდ კი ქვეყნის ეკონომიკურ გაჭირვებასთან მივყავართ, თუმცა მხოლოდ მიზეზებზე ნუ დავწერთ. ამჯერად ერთ განსაკუთრებულ პრობლემას შევეხებით: ქართველი ბავშვებისა და ჭაბუკების საერთაშორისო მატჩების ნაკლებობაზე.

არადა, აუცილებელია. თუ გვინდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ნორმალურ ევროპულ კლუბებში გადავიდნენ, აუცილებელია. ხოლო თუ მაიკოპის "დრუჟბასა" და კიროვოგრადის "ზირკას" დავჯერდებით, მაშინ სხვა ამბავია.

დღესდღეობით ასაკობრივ ლიგებში ისეთი სიტუაციაა, რომ გუნდები წელიწადში სამ-სამჯერ, ან ოთხ-ოთხჯერ ხვდებიან ერთმანეთს. ახალს ვერაფერს სწავლობენ და თანაც, არაერთხელ გვიხსენებია გუნდებს შორის დიდი სხვაობა სათამაშო დონის მხრივ: ხშირია არასაფეხბურთო ანგარიშები. ეს ცალკე თემაა, რომ რაიონებში უნდა მიეხედოს ფეხბურთს... ამაზე უნდა იზრუნონ კლუბებმა და რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნან ბავშვებს, მწვრთნელებს შესაბამისი განათლების საშუალება მისცენ.

დაახლოებით სამი წლის წინ თენგიზ სულაქველიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა და ერთი უცხოური გუნდიც იყო მოწვეული: ყაზახეთისა. 13-წლამდელთა ტურნირი იყო და მახსოვს, ყაზახებმა ერთ-ერთი მატჩი მოიგეს. მათ მწვრთნელს გავესაუბრე და მითხრა, თქვენ გუნდში უფრო მაგარი ბიჭები არიან - ისეთები, დღესვე სიამოვნებით რომ წავიყვანდიო.

არ ხუმრობდა. ასეც იყო, ინდივიდუალურად ჩვენები უკეთესები იყვნენ. მაშ, რაში იყო საქმე? ჩვენებს არ ჰქონდათ საერთაშორისო გამოცდილება, პირველად ითამაშეს უცხოელების წინააღმდეგ, ყაზახები კი თურმე წელიწადში სამ-ოთხჯერ დადიოდნენ საერთაშორისო ტურნირებზე.

ეს 13 წლისებზე დავწერეთ, მაგრამ ვაი, რომ ეს პრობლემა უფრო მოზრდილებსაც აქვთ. გუშინ 16-17 წლის ჭაბუკმა მითხრა, ათი წელია ფეხბურთზე დავდივარ, მაგრამ უცხოელების წინააღმდეგ არასოდეს მითამაშიაო. არადა, ეს ჭაბუკი 17-წლამდე ნაკრების კანდიდატი გახლდათ. რატომ? იმიტომ, რომ მის კლუბს ფული არ ჰქონდა (ან ვერ იმეტებდა) უცხოურ ტურნირზე გუნდის გასაგზავნად.

რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. "დინამო", "ლოკომოტივი" და "საბურთალო" დროდადრო აგზავნიან გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე, კანტი-კუნტად სხვა კლუბებიც ახერხებენ, მაგრამ ეს მაინც იშვიათობაა. თანაც, გაგზავნაცაა და გაგზავნაც. გააჩნია, კლუბი იხდის თანხას თუ მშობელმა უნდა გადაიხადოს (ან სახლში დატოვოს შვილი).

ასეთ დროს მისწრებაა ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი, რომელიც თბილისის "დინამოს" ინივიატივით შარშან პირველად ჩატარდა და ტრადიციული სახე მიეცა. ნეტავ ასეთი ხშირად იყოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არ კმარა - ერთ ასაკობრივ ჯგუფშია, თანაც ერთი შარშან ითამაშა "ლოკომოტივმა", თორემ მხოლოდ "დინამოა" ქართული კლუბებიდან.

უბრალოდ, საიტების დათვალიერებაა საჭირო და ვნახავთ, რამდენი საერთაშიროსო ტურნირი ტარდება თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. თუმცა სამწუხაროდ, ქართველებისთვის იქ მონაწილეობა აკრძალული ხილივითაა - იშვიათი გამონაკლისების გარდა. არადა, როცა ახალს უყურებ და უშუალოდ საქმე გაქვს მასთან, ბუნებრივია, სწავლობ და გადმოგაქვს.

0.117707